2014

წლის 16 იანვარს, საქართველს პრემიერ-მინისტრს პრესკონფერენციაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით, შეკითხვა დაუსვეს. ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა იგი ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებას აბორტთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უპასუხა: „სუროგაციაზე ევროპის წამყვანი ქვეყნები ვერ თანხმდებიან. იგივე, საფრანგეთში სუროგაცია აკრძალულია.“

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს.

სუროგაცია არის შეთანხმება, რომლის თანახმადაც ქალი ცხრა თვის განმავლობაში მუცლით სხვა წყვილის ნაყოფს ატარებს. არსებობს ორი ტიპის სუროგაცია: ტრადიციული და გესტაციური. ტრადიციული სუროგაციის დროს, განაყოფიერებისთვის სუროგატი დედის კვერცხუჯრედი გამოიყენება. გესტაციური გზით განაყოფიერებულ ბავშვთან კი სუროგატ დედას არანაირი გენეტიკური კავშირი არ გააჩნია.

სუროგაციასთან დაკავშირებული საკითხების რეგულაცია კანონმდებლებისთვის საკმაოდ რთული საკითხია. პირველ რიგში, თავს იჩენს სუროგაციის ხელშეკრულების აღსრულებისა და ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის პრობლემა. ასევე დავის საგანი შეიძლება გახდეს ის, თუ ვინ არის ბავშვის ნამდვილი მშობელი. წინააღმდეგობრივია ბავშვის მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხებიც.

სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნებს სუროგაციის მიმართ სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაცია გააჩნიათ. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსში 1994 წელს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც კოდექსს დაემატა მე-16 მუხლის მე-7 ნაწილი. ეს მუხლი სუროგაციას ნებისმიერი ფორმით კრძალავს, ნებისმიერი მიზნებისთვის. ნორმის თანახმად, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც მესამე მხარისთვის ბავშვის განაყოფიერებას ან მის მუცლით ტარებას გულისხმობს, ბათილია. საკანონმდებლო ცვლილებებამდე, 1991 წელს საფრანგეთის საკასაციო სასამართლომაც იმსჯელა აღნიშნულ თემაზე. გადაწყვეტილების

მიხედვით, წყვილს, რომელიც მესამე პირთან შეთანხმებას დადებს ბავშვის მუცლით ტარებისა და დაბადების შემდეგ ამ წყვილისთვის გადაცემის თაობაზე, უფლება არ აქვს, ეს ბავშვი შვილად აიყვანოს. საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ მსგავსი შეთანხმებების არაკანონიერების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის მე-6 და 1128-ე მუხლები მოიყვანა. მე-6 მუხლის თანახმად, შეთანხმებები, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მორალს ეწინააღმდეგება, ბათილია. 1128-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულების საგანი მხოლოდ ისეთი საგანი შეიძლება იყოს, რაც სამოქალაქო ზრუნვის ნაწილია. ამრიგად, სასამართლო პრაქტიკიდან და საკანონმდებლო რეგულაციიდან გამომდინარე, საფრანგეთში სუროგაცია დაუშვებელია.

საფრანგეთის მსგავსად, სუროგაცია აკრძალულია გერმანიაშიც. „ემბრიონის დაცვის აქტის“ 1-ლი თავის 1-ლი მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სუროგაცია რეპროდუქციული ტექნოლოგიის არამართლზომიერი გამოყენებაა. შვილად აყვანის შესახებ, აქტის

მიხედვით, სუროგაცია აკრძალულია. ამავე აქტის მე-14 თავის თანახმად, ჯარიმით ისჯება როგორც სუროგატი დედა, ისე წყვილი, რომელსაც შვილი სურს. ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით დაისჯება ექიმი, რომელიც ამ შეთანხმებას შეასრულებს.

შვეიცარიაში სუროგაციის საკითხს ფედერალური კანონი „რეპროდუქციული მედიცინის აქტი“

 არეგულირებს, რომელიც 1998 წლის დეკემბერში მიიღეს. კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ემბრიონისა და კვერცხუჯრედის დონაცია და სუროგაცია აკრძალულია. 31-ე მუხლის მიხედვით კი თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება ის ადამიანი, ვინც  სუროგაციის ხელშეკრულებას დებს (არ ისჯება სუროგატი დედა) და ექიმი, რომელიც სისრულეში მოიყვანს ამ კონტრაქტს. ბავშვის კანონიერი მშობელი არის სუროგატი დედა.

ზემოხსენებული ქვეყნებისგან განსხვავებული რეგულაციაა დიდ ბრიტანეთში. „სუროგაციის შესახებ აქტის“ მე-2 მუხლის მიხედვით, კომერციული სუროგაცია აკრძალულია. კომერციული სუროგაცია არის შეთანხმება, რომლის თანახმადაც წყვილი სუროგატ დედას უხდის თანხას. „ადამიანის განაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის აქტის“

თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არაკომერციული სუროგაციის შეთანხმებას არ ასრულებს , მისი აღსრულების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. სუროგატ დედას კი უფლება აქვს ბავშვის კანონიერი მშობელი იყოს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ გენეტიკური კავშირი.

განსხვავებით ჩამოთვლილი ქვეყნებისაგან, რუსეთში დაკანონებულია როგორც კომერციული, ისე არაკომერციული სუროგაცია. თუმცა, „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“

კანონის 55-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ტრადიციული სუროგაცია აკრძალულია, ანუ დედა არ შეიძლება იყოს კვერცხუჯრედის დონორი. რუსული კანონის თანახმად, განაყოფიერებულ ემბრიონს გენეტიკური კავშირი არ უნდა ჰქონდეს სუროგატ დედასთან. ამავე ნორმის თანახმად, სუროგატი დედა შეიძლება იყოს 20-დან 35 წლამდე ასაკის ქალი, რომელსაც მინიმუმ ერთი საკუთარი ჯანმრთელი შვილი ჰყავს. ასევე აუცილებელია ექიმების დასკვნა სუროგატი დედის ჯანმრთელობის შესახებ და თავად ქალის თანხმობა. დაქორწინებულ ქალსაც შეუძლია გახდეს სუროგატი დედა, თუმცა ამისთვის მეუღლის წერილობითი თანხმობაა აუცილებელი.

სუროგაციის სააგენტო www.surrogatebaby.com

 იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც, როგორც კომერციული, ისე არაკომერციული სუროგაცია, დაშვებულია. ეს ქვეყნებია: რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი, კვიპროსი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატი (არკანზასი, კალიფორნია, ფლორიდა, ილინოისი, ტეხასი, მასაჩუსეტსი, ვერმონტი). ქვეყნები, სადაც მხოლოდ არაკომერციული სუროგაციაა დაშვებული: ავსტრალია, კანადა (კვებეკის გარდა), გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდების სამეფო, დანია, უნგრეთი, ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატი (ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, ნიუ მექსიკო, ნებრსაკა, ვირჯინია, ორეგონი, ვაშინგტონი). ასევე, ჩამოთვლილია იმ ქვეყნების სია, სადაც ნებისმიერი ტიპის სუროგაცია აკრძალულია: გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ესტონეთი, მოლდოვა, თურქეთი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ჩინეთი, იაპონია, კანადა (კვებეკი), ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატი (არიზონა, მიჩიგანი, ინდიანა, ჩრდილოეთ დაკოტა).

garg

მართალია, სუროგაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვა აბორტის, სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების საკითხებს შეეხებოდა. აღნიშნული თემებიდან ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ამასთანავე, ჟურნალისტი ღარიბაშვილისგან ეპისტოლეში აბორტთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციაზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ითხოვდა, რასაც პრემიერ-მინისტრმა თავი აარიდა.

საშობაო ეპისტოლეში

აღნიშნული იყო, რომ სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები ვერ იქნებიან ბედნიერები, ხოლო ხელოვნური განაყოფიერების გზით ჩასახული ბავშვები პრობლემატურები არიან. ამგვარი ფორმით პოზიციის გამოხატვას მოგვიანებით საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრს ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია, მან მაგალითისთვის საერთაშორისო პრაქტიკა და ისიც მხოლოდ სუროგაციასთან დაკავშირებით, მოიყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სუროგაცია არ არის დაშვებული, აკრძალვის საფუძველს ბავშვის მომავალი განვითარების პრობლემა არ წარმოადგენს. ევროპულ ქვეყნებში სუროგაცია დაუშვებელია, რადგან სუროგაციის ხელშეკრულებების აღსრულება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

  დასკვნა

როგორც ვხედავთ, ევროპის ქვეყნებს არ აქვთ შეთანხმებული პრაქტიკა სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა კრძალავს, როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ სუროგაციას. საფრანგეთში სუროგაცია აკრძალულია 1994 წლიდან. შესაბამისად, განცხადების ამ ნაწილში, პრემიერ-მინისტრი მართალია. თუმცა, ფაქტ-მეტრს არ შეეძლო ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ მშრალი ფაქტის შემოწმებით შემოფარგლულიყო და იგნორირება გაეკეთებინა სხვა მნიშვნელოვანი მომენტებისა და მთლიანი კონტექსტისთვის.

პირველ რიგში, ჟურნალისტის შეკითხვა გულისხმობდა პრემიერ-მინისტრის მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სუროგაციის, ხელოვნური განაყოფიერებისა და აბორტის შესახებ. პრემიერს, დასახელებული სამი საკითხიდან, ორი საერთოდ არ უხსენებია, ხოლო სუროგაციასთან დაკავშირებით კი მან პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა და არც საპატრიარქოს პოზიციის შეფასება მოუხდენია. როგორც საზოგადოებას ახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეფასება ხსენებულ ეპისტოლესთან დაკავშირებით, იყო „საინტერესო, ღრმა და შინაარსობრივად დატვირთული“. შესაბამისად, ჟურნალისტის სურვილი, გაეგო ქვეყნის პრემიერის პოზიცია ამ ეპისტოლეში დაფიქსირებულ, საზოგადოებისთვის განსაკუთრებლად მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით, ლოგიკურია. ფაქტ-მეტრს მიაჩნია, რომ ეპისტოლეში ხსენებული რამდენიმე მომენტი სცდება უბრალოდ რომელიმე საკითხზე საპატრიარქოს მიერ პოზიციის დაფიქსირების საზღვრებს და ბევრად უფრო ფართო მსჯელობის საგანია. ამ პროცესში კი, ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირის პოზიცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ეპისტოლეში მოყვანილი ის პასაჟები, სადაც საუბარია სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების წესით გაჩენილ ბავშვებზე, რომლებშიც პირდაპირი ტექსტით ხდება იმ ოჯახების ბედნიერების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, სადაც სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვი იზრდება და, ამავე დროს, ხდება თავად ამ ბავშვების, როგორც „უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის“ განწირულების მოხსენიება, რაც თავის მხრივ ამ ბავშვების და მათი ოჯახების სტიგმატიზაციის რისკის მატარებელია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, ამჯერად გადაუხვიოს მის ჩვეულ სტილს და განაცხადოს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ამ საკითხებზე მისი პოზიციის არდაფიქსირება და საკითხის სხვა, მხოლოდ ტექნიკური კუთხიდან შეფასება, არ არის მართებული.

აქვე, გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა სუროგაციას იმიტომ კი არ კრძალავს, რომ სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვები და თავად ოჯახები "ბედნიერები არ იქნებიან", არამედ ძირითადად იმიტომ, რომ სამართლებრივად რთულია მსგავსი სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულაცია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვან თემაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული საკმაოდ ზედაპირული პასუხისა და სენსიტიური თემების ფაქტობრივი იგნორირების გათვალისწინებით, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი