2013

წლის 30 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გასული წელი შეაჯამა. მან აღნიშნა, რომ “ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის”.

ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რამდენად ეფექტურია ის.

2013

წლის 28 თებერვალს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. საყოველთაო დაზღვევა საქართველოს ყველა იმ  მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. პროგრამის თანახმად, ბენეფიციარი  ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში გეგმიური სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად რეგისტრაციას მისთვის სასურველ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

ჯანდაცვის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, რუსუდან გოგოლაშვილმა, ჩვენთან საუბრისას განმარტა: „თუ პირი არცერთ პოლიკლინიკაში არ არის დარეგისტრირებული და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნებს აკმაყოფილებს (საქართველოს მოქალაქეა და სხვა ტიპის დაზღვევა არ გააჩნია), გადაუდებული სამედიცინო მომსახურეობის შემთხვევაში ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ავტომატურად ჩაერთვება“.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპი 453 სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურების და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N 36 დადგენილებაში

დეტალურად არის გაწერილი საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურეობის ჩამონათვალი. საყოველთაო დაზღვევის პაკეტი, რიგ შემთხვევებში, ბენეფიციარის მიერ თანაგადახდას ითვალისწინებს. N36 დადგენილება ბენეფიციარს კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურებას ფარავს მისი დაზღვევა. თუმცა, ზოგჯერ, იმის გასარკვევად, არის თუ არა ბენეფიციარის დაავადება პროგრამით დაფინანსებული, მკურნალობის დაწყება ან გამოკვლევაა საჭირო.

N36 დადგენილებაში ჩამოთვლილი დაავადებების უმრავლესობისთვის, კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები არ არსებობს. ამ ეტაპზე, გაიდლაინი და პროტოკოლი მხოლოდ 129 დაავადებისთვის

არსებობს. გაიდლაინები დეტალურად აღწერს დაავადებათა ჯგუფის ცალკეული კლინიკური მდგომარეობის მკურნალობას. პროტოკოლები იქმნება გაიდლაინების საფუძველზე და მკურნალობის საფეხურებს, საჭირო მედიკამენტებს, მომსახურების ფასებს და სხვ. განსაზღვრავს. გაიდლაინები და პროტოკოლების არსებობა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების ეფექტურად მუშაობისთვის. ამასთან, ის სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ანაზღაურების და გაწეულ მკურნალობაზე დავების მოგვარებას უწყობს ხელს.

გაიდლაინების და პროტოკოლების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს ჩვენთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი მიხეილ კუკავაც: „გაიდლაინებით და პროტოკოლებით ხდება დაავადების მკურნალობის რეგლამენტირება. ეს ხელს უწყობს ექიმის დისკრეციული გადაწყვეტილებების მაქსიმალურად შემცირებას. ამასთან, გაიდლაინებით და პროტოკოლებით ხდება მომსახურების კონტროლი, ვინაიდან მარტივია გადაამოწმო, მიყვება თუ არა ექიმი გაიდლაინებს/პროტოკოლებს“.

2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი

დაიწყო. საყოველთაო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურების სპექტრი გაფართოვდა, გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა დაემატა. ასევე, დაემატა მშობიარობის ხარჯების დაფინანსებაც, სადაც ლიმიტი ფიზიოლოგიური მშობიარობისას 500 ლარს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს შეადგენს. ამასთანავე, გაფართოვდა პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების სპექტრი.

2013 წლის იანვრის „ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიშში“

ვკითხულობთ, რომ მედიკამენტების დანახარჯები ჯანდაცვისთვის გაღებული სახსრების თითქმის ნახევარს შეადგენს. შესაბამისად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ. ამავე ანგარიშში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის შემდეგი რეკომენდაციაა გაწერილი: „სადაზღვევო პაკეტის გაზრდა/რაციონალიზაცია აუცილებელ ფარმაცევტულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით“. თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებული არ არის  - აღნიშნული პროგრამა მედიკამენტებით უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს.

2013 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები) ბიუჯეტი 505.760 მლნ ლარით განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული თანხიდან წინასწარი მონაცემებით 197.76 მლნ ლარი აუთვისებელი დარჩა. 2014 წლის ბიუჯეტში

ჯანმრთელობის დაზღვევის მუხლისთვის 278,146 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის

მიხედვით, 2012 წლის ბოლო მონაცემებით, N218 და N165 დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო დაზღვევით ჯამში 1 618 460 ადამიანი სარგებლობდა, ხოლო კერძო და კორპორატიული დაზღვევით - 362 663 პირი. საქართველოს მოსახლეობის 2 მილიონზე მეტ პირს დაზღვევა არ ჰქონდა. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობის ამ სეგმენტის დაზღვევას ისახავდა მიზნად. 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურეობა 1 347 658 მოქალაქემ მიიღო.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის  N 218 დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო დაზღვევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობაზე, კომპაქტურ დასახლებაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე და სახალხო არტისტებზე ვრცელდებოდა. საქართველოს მთავრობის 2012 წლის N 165 დადგენილების

ფარგლებში კი, სახელმწიფომ 0-5 ასაკის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დააზღვია.

N218 და N165 დადგენილებებით განსაზღვრულ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებს კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ და ჯერ-ჯერობით კვლავ ისინი ახორციელებენ. რაც შეეხება ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, მას სოციალური მომსახურეობის სააგენტო ახორციელებს. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამას კერძო კომპანიები ახორციელებენ, სახელმწიფო  ბენეფიციარზე განსაზღვრულ თანხას სადაზღვევო კომპანიას უხდის და შესაბამისად, ფინანსური რისკი (ზედმეტი ხარჯი) სადაზღვევო კომპანიებზე მოდის და არა სახელმწიფოზე. ამასთან, სადაზღვეო  ბაზრის უმეტესი წილი სახელმწიფო დაზღვევას უკავია და ამ შემთხვევაში, სადაზღვეო ბაზრის განვითარების და შენარჩუნებისთვის, სახელმწიფო დაზღვევაში მათი ჩართვა მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, რუსუდან გოგოლაშვილმა, ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ N218 დადგენილების ბენეფიციარები მიმდინარე წლის 1 აპრილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდებიან. წლის ბოლომდე გაუქმდება N 165 დადგენილებაც და აღნიშნული დაზღვევით მოსარგებლე პირებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდებიან. რუსუდან გოგოლაშვილმა ჩვენთან საუბრისას ასევე განაცხადა: „N 218 და N 165 დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო დაზღვევის პროგრამიდან გავიდნენ სადაზღვევო კომპანიები „ალფა“ და „ქართუ“. ასევე, ლიცენზია ჩამოერთვა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“. შესაბამისად აღნიშნულ კომპანიებში დაზღვეული პირები ჩვენ გადმოვიბარეთ. ამასთან, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან N218 და N165 დადგენილების ფარგლებში დაზღვევის აღება/განახლება შეწყდა. შესაბამისად, ვისაც აღნიშნული დადგენილებების ფარგლებში უნდა აეღო ან განეახლებინა სადაზღვეო პოლისი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვნენ“.

ჩვენთან საუბრისას საყოველთაო დაზღვევის რისკებზე გაგვიმახვილა ყურადღება ანალიტიკოსმა მიხეილ კუკავამ: „თუ სახელმწიფო დააზღვევს ყველა მოქალაქეს, მაშინ ჩნდება რისკი, დამსაქმებლებმა ეს ვალდებულება სახელმწიფოს გადააბარონ და ბიუჯეტის ფისკალური ტვირთი გაიზარდოს. ამასთან, თუ სადაზღვეო კომპანიები არ იქნება ჩართული ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში, სამედიცინო სადაზღვეო ბაზარი აღარ იარსებებს.  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტო ხარისხის მონიტორინგს არ ახორციელებს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც არც წინა ხელისუფლებამ გაითვალისწინა და არც მოქმედმა“.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რუსუდან გოგოლაშვილმა ასევე განმარტა, რომ „სოციალური მომსახურეობის სააგენტოს აქვს  ელექტრონული ბაზა, სადაც ასახულია პაციენტის ისტორია, ყველა ანალიზი, მკურნალობის საფეხურები და ექიმის დანიშნულებები. „ჩვენ ვაკეთებთ შემთხვევების მონიტორინგს, რაც პაციენტის და დაავადების იდენტიფიცირებას მოიცავს, მიიღო თუ არა პაციენტმა ის მკურნალობა, რაც ანკეტაშია მითითებული, საჭიროებს თუ არა პაციენტი იმ მკურნალობას რაც ანკეტაშია მითითებული და ა.შ. ამასათან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონიტორინგს სამინისტროც ახორციელებს“.

ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახაბერ ძიმისტარიშვილის განმარტებით კი, „სამინისტრო ახორციელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსურ მონიტორინგს. პროგრამის ფინანსური მონიტორინგი იანვარში დაიწყო და მარტში დასრულდება“.

2013 წლის დეკემბერში საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანდაცვის სისტემის კვლევა

გამოაქვეყნა, რომელიც ექსპერტების მოსაზრებებს და მოლოდინებს ეყრდნობა. სულ გამოიკითხა 98 ექსპერტი. აღნიშნული კვლევა 2013 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. ეს არის კვლევის მეორე ტალღა. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ ექსპერტების სამედიცინო მომსახურეობის ხარისხს.  „ექსპერტების შეფასებით, ისევე როგორც პირველ ტალღაში, კვლავაც პრობლემურად რჩება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო განათლების სისტემა“- აღნიშნულია კვლევის მიგნებებში.

კითხვაზე, ბოლო 6 თვის მანძილზე როგორ შეიცვალა ზოგადად სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი ქვეყანაში, გამოკითხულ ექსპერტთა 41,7% პასუხობს, რომ არ შეცვლილა. ამავე კვლევის პირველ ეტაპზე (2013 წლის აპრილი) აღნიშნული მაჩვენებელი 42% იყო.  კვლევის მეორე ტალღაში ექსპერტთა 21,9% პასუხობს, რომ „ოდნავ ან მნიშვნელოვნად გაუარესდა“, წინა ტალღის შედეგებით ეს მაჩვენებელი 14.1% იყო.

grb აღნიშნულ თემას  შრომის, ჯანმრთელობის, და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკო გამოეხმაურა.

მისი განმარტებით „ჯანდაცვის ხარისხი არ გაუარესებულა, მაგრამ ის კვლავ პრობლემად რჩება“.

დასკვნა 2013

წლის 28 თებერვალიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. საყოველთაო დაზღვევა საქართველოს ყველა იმ  მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი დაიწყო და პროგრამა გაფართოვდა. პირველ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 453 სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურების და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე მას გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დავადებების მკურნალობა, მშობიარობის ხარჯების დაფინანსება, (ფიზიოლოგიური მშობიარობისას 500 ლარი, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარი) დაემატა.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამდე სახელმიწიფომ N218 დადგენილების ფარგლებში დააზღვია: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, კომპაქტურ დასახლებაში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირები, მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, სახალხო არტისტები. N165 დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო დაზღვევა გავრცელდა: 0-5 ასაკის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. აღნიშნული დადგენილების ფარგლებში, მოსახლეობას კერძო სადაზღვეო კომპანიები აზღვევდნენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას  სოციალური მომსახურეობის სააგენტო ახორციელებს და სადაზღვეო კომპანიები მასში ჩართული არ არიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, N218 დადგენილება 1 აპრილს, ხოლო  N165 დადგენილება წლის ბოლომდე გაუქმდება. აღნიშნული დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პირები ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩაერთვებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის ბოლო მონაცემებით N218 და N165 დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო დაზღვევით ჯამში 1 618 460 ადამიანი სარგებლობდა.  კერძო და კორპორატიული დაზღვევით 362 663 პირი სარგებლობდა. 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პოლიკლინკებში 1 347 658 მოქალაქე დარეგისტრირდა.

როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობის დაზღვევის უმეტესი წილი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებზე მოდის. კერძო სადაზღვეო კომპანიები კი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რაც სხვადასხვა ექსპერტების აზრით, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის განვითარება/არსებობაზე უარყოფითად აისახება.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ხარისხიანი და ეფექტური ჯანდაცვისთვის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია შესაბამისი გაიდლაინების და პროტოკოლების არსებობა. აღნიშნული, ასევე, ხელს უწყობს ხარისხის მონიტორინგის მარტივად განხორციელებას. დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ 129 დაავადების გაიდლაინი და პროტოკოლი არსებობს.

სოციალური მომსახურეობის სააგენტო ამ ეტაპზე შემთხვევების მონიტორინგს ახორციელებს, რაც პაციენტის და დაავადების იდენტიფიცირებას გულისხმობს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტი. რაც შეეხება ჯანდაცვის ხარისხის მონიტორინგს, ის ამ ეტაპზე არ ხორციელდება.

2013

წლის საერთაშორისო ფონდის „კურაციოს“ კვლევის თანახმად, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ხარისხი გაუარესდა. თუმცა ექსპერტთა უმრავლესობის და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი პრობლემურად რჩება.

2013

წლის იანვრის  „ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიშის“ თანახმად, მედიკამენტების დანახარჯები ჯანდაცვისთვის გაღებული სახსრების თითქმის ნახევარს შეადგენს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მედიკამენტებით უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს.

გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერი მხოლოდ  ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე საუბრობს, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ: ა) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც სხვა ტიპის დაზღვევა არ აქვს; ბ) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე სახელმწიფო აზღვევდა მოსახლეობის იმ სეგმენტს, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდა ხელი ჯანდაცვაზე; და გ) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინებს მედიკამენტებით უზრუნველყოფას, რომელიც ჯანდაცვის ხარჯების ნახევარს შეადგენს, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: “ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის”, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი