2014 წლის 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო. აღნიშნულმა პროექტმა პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საკუთარი პოზიციები

დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავარი სადაო საკითხი მერების (გამგებლების) გადარჩევის წესის შემოღება გახდა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებით, მერების (გამგებლების) პირდაპირი არჩევის წესის შემოღება მნიშვნელოვანია, თუმცა, შემოთავაზებული ნორმა არჩევითი მერების (გამგებლების) ინსტიტუტის მნიშვნელობასაც ასუსტებს. კერძოდ, საუბარია კოდექსის პროექტის 48-ე მუხლზე, რომელიც პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის (გამგებლისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ აღნიშნული წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგება და შეიძლება პოლიტიკური მოტივით იქნას გამოყენებული. კერძოდ, საკრებულომ შეიძლება უნდობლობის პროცესის ინიცირება იმ შემთხვევაში მოახდინოს, თუ საკრებულოს უმრავლესობასა და მერს (გამგებელს) შორის პარტიული ან სხვა სახის დაპირისპირება არსებობს.

2014

წლის 23 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა: „[გამგებლის, მერის] გადარჩევის ფენომენი - ასეთი მექანიზმი დემოკრატიულ სისტემებში არსებობს. ეს მექანიზმი უნდა არსებობდეს თუ არა ქართულ კანონმდებლობაში, ეს სხვა თემაა“.

ფაქტ-მეტრმა პრეზიდენტის ეს განცხადება გადაამოწმა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“

ჯერ კიდევ მოქმედი ორგანული კანონის (2013 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით) 39-ე მუხლი, გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნის წესს და უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. ამავე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით, გამგებელს (მერს) საკრებულოს თანხმობით საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავს. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქმის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი (მერი). აქვე აღსანიშნავია, რომ აქ არ არის საუბარი პირდაპირი წესით არჩეულ მერზე, რადგან ამ პრინციპით მხოლოდ თბილისის მერს ირჩევენ, რომლის უფლებამოსილება „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონით რეგულირდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ახალი რედაქციის თავდაპირველი ვერსიის

მიხედვით, გამგებელი (მერი) თანამდებობაზე პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო ხმის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით აირჩევა (მუხლი 47 ნაწილი 1). ამავე ორგანული კანონის მუხლი 48 გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადებას განსაზღვრავს. კერძოდ:

  1. გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების საფუძველია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ის წერილობითი შუამდგომლობა გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე (ნაწილი 1).
  2. შუამდგომლობა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ შუამდგომლობას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედი. უნდობლობის გამოცხადება იწვევს გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტას.
  3. საკრებულოს მიერ გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
  4. უნდობლობის საკითხის ინიცირება და გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადება, დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევიდან 6 თვის, ასევე გამგებლის (მერის) უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მეორე და მესამე საპარლამენტო მოსმენით მიღებულ ორგანულ კანონში,

შინაარსობრივი ცვლილება არ შესულა. კანონპროექტის 48–ე (მეორე მოსმენით მიღებული პროექტით მუხლი 50) მუხლის პირველ ნაწილს დაემატა მხოლოდ ერთი წინადადება: „ამომრჩეველთა ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებას ახდენს საკრებულო“.

კოდექსში არ არის ჩამოთვლილი, კონკრეტულად რა შემთხვევებში შეუძლია საკრებულოს უნდობლობის გამოცხადების ინიცირება, შესაბამისად, საკრებულოს მოქმედების სრული თავისუფლება აქვს. აქედან გამომდინარე, ჩნდება იმის ალბათობა, რომ უნდობლობის ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც პოლიტიკური იარაღი და უგულებელყოფილი იქნას ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმები.

კოდექსი, ასევე, ითვალისწინებს გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლებს (მეორე მოსმენით მიღებული პროექტით მუხლი 53). კერძოდ, გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

ბ) თანამდებობიდან გადადგომა;

გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;

დ) გარდაცვალება;

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ზ) საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება (რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი);

თ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ი) ამ კოდექსის XVIII თავით განსაზღვრული შემთხვევები.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მერის გადარჩევის ინსტიტუტი სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს. აღნიშნულის გადასამოწმებლად, ჩვენ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში არსებულ პრაქტიკას გავეცანით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რიგ ქვეყნებში, მსგავსი მექანიზმი მართლაც არსებობს. ყველა ასეთი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის ცალკე განხილვა შორს წაგვიყვანს. შესაბამისად, ხსენებული განცხადების შესამოწმებლად რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ.

იტალია იტალიაში მუნიციპალიტეტის მერები, საბჭოს (საკრებულოს) წევრებთან ერთად პირდაპირი წესით 5 წლის ვადით აირჩევიან. მათი უფლებამოსილებები გაწერილია კანონში (

Decreto Legislativo 18 agosto 2000, n. 267), რომელიც ითვალისწინებს მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობას (მუხლი 51). კერძოდ, მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენება შეუძლია საბჭოს არანაკლებ 2/5  წევრებისა. უნდობლობის გამოცხადება ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობა.

სლოვაკეთი სლოვაკეთში ადგილობრივი თვითმმართველობის სტატუსი განისაზღვრება სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული აქტით

 369/1990 Coll.

აქტის მიხედვით, სლოვაკეთში მერები პირდაპირი წესით აირჩევიან. მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია (§ 13a):

a) ფიცის დადებაზე უარის თქმა;

b) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

c) გადადგომა;

d) საერთაშორისო დანაშაულში საბოლოოდ მხილება ან სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნობა;

e) ქმედუუნაროდ აღიარება;

f) რეფერენდუმის შედეგები მერის გადაყენების თაობაზე;

რეფერენდუმი ინიშნება ამომრჩეველთან 30%-ის მოთხოვნით. ასევე, თუ მერი უხეშად არღვევს მერის ვალდებულებებს, სლოვაკეთის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონებს, კანონებს ან სხვა სამართლებრივ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში, რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილებას  საკრებულო უმრავლესობით იღებს.

g) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა იმ სოფლიდან, მუნიციპალიტეტიდან, ქალაქის ან ქალაქის ტიპის დასახლებიდან, სადაც ის ახორციელებდა საკუთარ უფლებამოსილებას;

h) გარდაცვალება;

i) სოფლის (მუნიციპალიტეტის) გაუქმება;

როგორც ვხედავთ, სლოვაკეთში მერისთვის უნდობლობის გამოცხადება რეფერენდუმის საფუძველზე ხდება.

ჩეხეთის რესპუბლიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში საკრებულო მერს (გამგებელს) ირჩევს

 საკრებულოს წევრებიდან და საკრებულოსვე აქვს დათხოვნის უფლება.

პოლონეთი პოლონეთში მერები პირდაპირი წესით აირჩევიან საკრებულოებთან (grima) ერთად 4 წლის ვადით. საკრებულოს წევრებს არა აქვთ უფლება მერი გადააყენონ, მაგრამ ვადამდე მერის გადაყენება რეფერენდუმის საფუძველზე შესაძლებელია. რეფერენდუმის ინიცირებისათვის საჭიროა დეპუტატთა 3/5-ს თანხმობა. ასევე, მერის გადაყენება შეუძლია პრემიერ-მინისტრს, თუ სახეზეა კანონის აშკარა და უხეში დარღვევა.

დასკვნა

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  საკრებულოს მიერ, ან რეფერენდუმის საფუძველზე, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი წესით არჩეული მერის (გამგებლის) გადარჩევის მექანიზმი დასავლეთის რიგ ქვეყნებში მართლაც გვხვდება. ამ ქვეყნებშიც, ისევე როგორც საქართველოში, რაიმე წინასწარი საფუძველი იმისა, რომ საკრებულომ მერს (გამგებელს) გამოუცხადოს უნდობლობა, არ არსებობს.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადება: „გადარჩევის ფენომენი - ასეთი მექანიზმი დემოკრატიულ სისტემებში არსებობს. რამდენად უნდა იყოს ეს მექანიზმი  ქართულ კანონმდებლობაში, ეს სხვა თემაა“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი