2014 წლის 5 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადიგენის რაიონის მაჟორიტარმა,ზურაბ ჩილინგარაშვილმა, განაცხადა, რომ გაზიფიცირების პროცესი შეწყვეტილია, ხოლო უყურადღებობის გამო რაც გაკეთებულია, ისიც ფუჭდება. გამრიცხველიანება არ მიმდინარეობს, ან თუ მიმდინარეობს ძალიან დაბალი ტემპით. დეპუტატმა აღნიშნა რომ კვლავ მოუგვარებელია ხე-ტყის მოპოვების საკითხი. მოსახლეობა, რომელიც ზაფხულის საძოვრებზე ადის, ვერ შეძლებს შეშის კანონიერად მოპოვებას. შესაბამისად, ეს პრობლემა გაზაფხულზე კვლავ თავს იჩენს.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

ზურაბ ჩილინგარაშვილმა ჩვენ საპარლამენტო კორესპონდენტ დათო ლიკლიკაძეს განუცხადა, რომ შეშის ჭრასთან დაკავშირებით, ისევ ძველ პრობლემებს გულისხმობდა, რომლის შესახებაც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. დეპუტატის თქმით: [შეშის ჭრასთან დაკავშირებით] „კანონმდებლობა კი შეიცვალა, მაგრამ უნდა აგიხსნათ შემდეგი: დიახ, ადამიანებს აქვთ გამოყოფილი ბილეთები ტყე-კაფისთვის. შარშან იგი აგვისტო-სექტემბერში აითვისა მოსახლეობამ. წელსაც არის გამოყოფილი და სავარაუდოდ ზაფხულში გასცემენ, მაგრამ აქ არის ერთი გარემოება. ადიგენის მოსახლეობა მაისში მთაში ადის და ზაფხულის განმავლობაში იქ საძოვრების გამო რჩება. გამოდის,რომ ისინი ზაფხულის განმავლობაში ამ ბილეთით ვერ ისარგებლებენ“.რაც შეეხება გამრიცხველიანებისა და გაზიფიცირების საკითხს, დეპუტატის განცხადებით, ის თავად არის ადიგენის რაიონიდან. თავად მას, მის ოჯახს და მის ამომრჩეველებს, ასევე უდისა და არლის მოსახლეობასაც აწუხებთ ეს პრობლემა.

ჩილინგარაშვილის განცხადების გადამოწმების მიზნით, ჩვენ ადიგენის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, არსენ ბალახაშვილს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, გაზიფიკაციის პროცესი 2012 წლის ოქტომბერში შეწყდა და აღარ განახლებულა. ამ საკითხის გასარკვევად ფაქტ-მეტრი ენერგეტიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოების შეჩერება გამოწვეულია იურიდიული პროცედურებით. გაზიფიცირების ოფიციალური გეგმა, ამ დროისთვის, არ არსებობს, თუმცა, 2014 წელს გაზიფიცირების პროცესის გაგრძელება იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხით ფაქტ-მეტრი წარსულშიც დაინტერესდა. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტში ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების გამრიცხველიანების საკითხთან დაკავშირებით, გამგებელმა განაცხადა, რომ 2013 წლის განმავლობაში შემდეგი სოფლების გამრიცხველიანება იყო დაგეგმილი: პატარა მადა, დიდი მადა, კახარეთი, ამხევი, წრე და არზნი. პატარა მადაში, კახარეთსა და ამხევში გამრიცხველიანების პროცესი დასრულდა. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, მათი გამრიცხველიანება 2013 წელს ვერ მოესწრო და ამ დროისათვის გამრიცხველიანების პროცესი მართლაც შეჩერებულია.

რაც შეეხება დეპუტატის განცხადების მეორე ნაწილს (ზაფხულის საძოვრებზე გასული მოსახლოებისათვის ხე-ტყის მოპოვების პრობლების შესახებ) მის გადასამოწმებლად, ჩვენ ადიგენის რაიონის სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სოსო რეხვიაშვილს, დავუკავშირდით. მისი განცხადებით, ზაფხულის საძოვრებზე გასულ მოსახლეობას არ შექმნია პრობლემები შეშის კანონიერად მოპოვებასთან დაკავშირებით და მისთვის ასეთი პრობლემით არავის მიუმართავს. სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კანონი თანაბარ პირობებში აყენებს ყველას და შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, ზაფხულის საძოვრებზე გასული მოსახლეობა რატომ იზღუდება ხე-ტყის მოპოვებაში.

დასკვნა

ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადების გადამოწმებისას ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ გაზიფიცირების პროცესი ადიგენის რაიონში შეჩერებულია. აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა ამ პრობლემის შესახებ 2013 წლის 27 ნოემბრის პლენარულ სხდომაზეც ისაუბრა, თუმცა, ეს პრობლემა ჯერჯერობით კვლავ მოუგვარებელია.დეპუტატის განცხადების სიზუსტე გამრიცხველიანებასთან დაკავშირებითაც დასტურდება. აღნიშნული პრობლემის შესახებ, ფაქტ-მეტრთან ადიგენის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელიც საუბრობს. ამ დროისთვის გამრიცხველიანების პროცესი შეჩერებულია.

რაც შეეხება ზურაბ ჩილინგარაშვილის შენიშვნას შეშის ჭრის პრობლემასთან დაკავშირებით, იგი ბოლომდე ზუსტი არ არის. შესაბამისი კანონი თანაბარ პირობებში აყენებს მოსახლეობას, ხოლო ადიგენის რაიონის სატყეო დეპარტამენტის განცხადებით, მოსახლეობას მისთვის ასეთი პრობლემით არ მიუმართავს, რადგან ტყე-კაფში ჭრის განხორციელება წლის ნებისმიერ მონაკვეთში ნებადართულია. შესაბამისად, ზაფხულში საძოვრებზე მთაში ასულ მოსახლეობას შეუძლია ამ ბილეთით მოგვიანებით ისარგებლოს. თავად დეპუტატის მიერ ჩვენი საპარლამენტო კორესპონდენტისთვის გაკეთებული კომენტარი ადასტურებს, რომ პრობლემა დისკრიმინაციული კანონმდებლობით არ არის განპირობებული.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადება: „გაზიფიცირება არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს გამრიცხველიანება და თუ მიმდინარეობს, ძალიან ნელი ტემპით. გაზაფხულზე ხე-ტყის პრობლემები ისევ დადგება ადიგენის რაიონის მოსახლეობის წინაშე, იმიტომ, რომ ის ხალხი ზაფხულის საძოვრებზე უნდა ავიდეს და მათ არ ექნებათ საშუალება, მოიპოვონ ხე-ტყე კანონის ფარგლებში“, არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5521 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი