2014

წლის 20 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, ეკონომიკური გუნდის ანგარიში ჩაიბარა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და  მიმდინარე წლის ეკონომიკურ პარამეტრებზე იმსჯელეს. საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „პირველი საკითხია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნა, მეორე - საქართველოს კანონი განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ სტრატეგიული ობიექტების ცნება აღარ არსებობდა და ჩემი ინფორმაციით, სტრატეგიული ობიექტების ნუსხა გაუქმებული იყო. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ განახლდეს სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი და მთავრობამ აღნიშნული ნუსხა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს კანონში (

მიღების თარიღი: 2003 წელი) „განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ“ განმარტებულია სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ცნება: ასეთ ობიექტებს განეკუთვნება ის ობიექტები (შენობა-ნაგებობები), რომლებიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით ზეგავლენას ახდენენ ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ტერიტორიულ-სივრცით მოწყობაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ეკონომიკაზე, გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე.

განსაკუთრებული ობიექტების ნუსხას "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პროვატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ" – კანონის (მიღებულია: 1997 წელს) საფუძველზე, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიულ დანიშნულების ობიექტების ნუსხა 2003 წელს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის #58 ბრძანებით

განისაზღვრა. ეს სია 21 პუნქტისგან შედგებოდა და მასში მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი, წყალსადენი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, ჰიდრო, თბო და ატომური ელექტროსადგურები, მაგისტრალური საავტომობილო გზა, ტელეცენტრის შენობა, ტელე და კავშირგაბმულობის ყველა ანძა შედიოდა. აგრეთვე ხიდები, გვირაბები, მეტროპოლიტენი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი და საზღვაო პორტის შენობა-ნაგებობები. ნუსხაში სამაყურებლო და საკონცერტო დარბაზები, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლის და უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობა, სპორტული და სამედიცინო დაწესებულებებიც შედიოდნენ.

აღნიშნული ნუსხა 2003 წლის 5 დეკემბერს მიღებულ „განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონშიც

არის მოცემული და შემდეგნაირად გამოიყურება:

ა) მაგისტრალური მილსადენები, გაზსადენები და წყალსადენები;

ბ) მაგისტრალური საავტომობილო გზები (I და II კატეგორია);

გ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები (35 კვტ და მეტი) და ქვესადგურები (110 კვტ და მეტი);

დ) ჰიდრო, თბო და ატომური ელექტროსადგურები;

ე) ხიდები, გვირაბები და გზაგამტარები;

ვ) რკინიგზისა და მეტროპოლიტენის შენობა-ნაგებობები;

ზ) ტელეცენტრის შენობა-ნაგებობები, ტელე- და კავშირგაბმულობის ყველა სახის ანძები;

თ) წყალსაცავი და სამელიორაციო ნაგებობები;

ი) რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები;

კ) იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;

ლ) აეროვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის ვაგზლების, რკინიგზის სადგურების, ავტოსადგურების, საზღვაო ვაგზლებისა და საზღვაო პორტების შენობა-ნაგებობები;

მ) ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფისათვის საჭირო სამრეწველო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო, სამხედრო, საბაჟო და სასაზღვრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები;

ნ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შენობა-ნაგებობები;

ო) სპორტული შენობა-ნაგებობები 5 ათას და მეტ მაყურებელზე;

პ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობათა შენობა-ნაგებობები და მათი კომპლექსები (საელჩო, საკონსულო, მისია, წარმომადგენლობა, კულტურის ცენტრი);

ჟ) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შენობა-ნაგებობები;

რ) ყველა სახის სახელმწიფო თეატრის, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობები;

ს) სახელმწიფო ბიბლიოთეკების, არქივებისა და მუზეუმების შენობა-ნაგებობები;

ტ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობა-ნაგებობები და მათი კომპლექსები;

უ) სასტუმროების, სანატორიუმებისა და სამედიცინო დაწესებულებების შენობა-ნაგებობები და მათი კომპლექსები 300 და მეტ ადგილზე;

ფ) ბანკებისა და ბირჟების შენობა-ნაგებობები.

2003 წელს მიღებული ეს კანონი, თავის მხრივ, 2010 წლის 8 აპრილს ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა ამ მოვლენამდე ორი წლით ადრე, 2008 წელს მთავრობამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა შეამცირა. შეიცვალა ტერმინიც, აღნიშნული სია ადრე „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების“ ნუსხად მოიხსენიებოდა, ცვლილების შემდეგ კი სახელწოდებაში მხოლოდ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონება“ დარჩა. მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის #93 დადგენილებით 

ნუსხაში  მხოლოდ 5 ობიექტი შევიდა:

  1. სენაკის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი;
  2. მარნეულის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი;
  3. ფოთის ახალი (სამხედრო) ნავსადგური (ნავმისადგომი, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქნიშნები, აკვატორია);
  4. ფოთის საზღვაო ნავსადგურის შუქურა, შუქნიშნები და აკვატორია.
  5. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შუქურა, შუქნიშნები და აკვატორია.
დღეის მდგომარეობით განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონების ნუსხის დამტკიცებას  „სახელმწიფო ქონების შესახებ“

 კანონი (მიღების თარიღი: 2010 წელი, 21 ივლისი) არეგულირებს. კანონის მეოთხე მუხლის, მეექვსე პუნქტში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონების ნუსხას კვლავ საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.

როგორც ფაქტ-მეტრთან საუბარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ბოლქვაძემ განაცხადა, ამ დროისთვის სტრატეგიული ობიექტების კრიტერიუმების და მათი ნუსხის ხელახალი დამტკიცების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს, შესაბამისად ჯერ ისევ უცნობია კონკრეტულად რომელი ობიექტები მოხვდება სტრატეგიული ობიექტების ახალ სიაში. ჩვენ ასევე დავინტერესდით, იგეგმება თუ არა განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონებისა და სტრატეგიული ობიექტების ცნებების გამიჯვნა და ამ კითხვით სამინისტროს „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

აქვე აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული ობიექტების ახალი ნუსხის შესახებ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის აზრით, სტრატეგიული ობიექტების ეკონომიკაში არსებობა გაუმართლებელია და მსგავსი მიდგომა მხოლოდ სამხედრო სფეროში შეიძლება (წყარო: საზ. მაუწყებელი). ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს მთავრობას, კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სტრატეგიული ობიექტების ნუსხა უნდა არსებობდეს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. მისი თქმით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს კრიტერიუმები, როდესაც ამა თუ იმ ობიექტის გასხვისება განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება (წყარო: commersant.ge). დასკვნა

განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ნუსხა, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის საფუძველზე, 2003 წელს, ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის #58 ბრძანებით განისაზღვრა. ნუსხა 21 პუნქტისაგან შედგებოდა. მთავრობამ 2008 წელს სტრატეგიული ობიექტების ნუსხა შეამცირა, შეიცვალა ტერმინიც და „სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი“ ნუსხის სახელწოდებიდან ამოვარდა. შესაბამისად, პრემიერის განცხადება სტრატეგიული ობიექტების ცნების და აღნიშნული ნუსხის თავდაპირველი სახით არ არსებობის შესახებ, სიმართლეა. თუმცა, გასულ წლებში განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხა კვლავ არსებობდა და მთავრობის 2008 წლის #93 დადგენილებით მასში 5 ობიექტი შედიოდა.

საკანონმდებლო წყაროების კვლევის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთაღნიშნული ორი ტერმინი: „სტრატეგიული ობიექტი“ და „განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონება“, შინაარსობრივად თითქმის იდენტურ ცნებას წარმოადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მთავარ საკითხს არა ტერმინთა მსგავსება, ან განსხვავება, არამედ ამგვარი ობიექტების სიის მოცულობა წარმოადგენს. ახალი ინიციატივით, მთავრობას ამ ნუსხის გაზრდა/დახვეწა სურს, ყოფილი ხელისუფლება კი პირიქით, მისი ლიმიტირების მომხრე იყო.

ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „სტრატეგიული ობიექტების ცნება აღარ არსებობდა და სტრატეგიული ობიექტების ნუსხა გაუქმებული იყო“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი