იტვირთება

2014 წლის 28 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი [მოგვიანებით მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პრემიერი სიტყვა „ოჯახის“ ნაცვლად ქორწინებას გულისხმობდა] არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი ხორვატია ევროკავშირში შესვლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განიხილება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა. ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას. ის საზოგადოების არცერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს. კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით. ეს არის ჩვენი ერის უფლება, მოახდინოს აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში“. (წყარო: civil.ge)

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

ლატვია ევროკავშირის წევრი 2004 წლის 1 მაისს გახდა, ხოლო ხორვატია 2013 წლის 1 ივლისს.

2005 წლის დეკემბრამდე, ლატვიის კონსტიტუციის 110-

ე მუხლი შემდეგი შინაარსის იყო: „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს ქორწინებას, ოჯახს, ბავშვებისა და მშობლების უფლებებს“. 2005 წლის 15 სექტემბერს, ლატვიის მმართველმა პარტიამ წამოაყენა კონსტიტუციური ცვლილების განხორციელების წინადადება, რომელიც კონსტიტუციურ საფუძველს იძლეოდა იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ყოფილიყო აცილებული ერთსქესიანი ქორწინებები. ამ წინადადებას ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს 2/3-ზე მეტმა დაუჭირა მხარი და 2005 წლის დეკემბრიდან ლატვიის კონსტიტუციის 110-ე მუხლი ასე შეიცვალა: „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ქორწინებას, კავშირს ქალს და მამაკაცს შორის, ოჯახს, მშობლებს და ბავშვებს...“

რაც შეეხება ხორვატიას, იქ 2013 წლის 1 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში უნდა შეტანილიყო ცვლილება ქორწინების ზუსტი განსაზღვრებისთვის. ამ გადაწყვეტილებამდე ხორვატიის კონსტიტუციის 61-ე მუხლში ეწერა: „ქორწინება და სამართლებრივი ურთიერთობები ქორწინებაში, ქორწინება და ოჯახი უნდა იყოს რეგულირებული კანონით“. 2014 წლის იანვრიდან კი ხორვატიის კონსტიტუციის 61-

ე მუხლი შემდეგნაირად შეიცვალა: „ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის“.

კონსტიტუაციაში ამგვარი ჩანაწერის გაკეთებას ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის მიზანი ჰქონდა. ამ საკითხის შესახებ რეფერენდუმის

ჩატარება 700 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვების საფუძველზე განხორციელდა, რომლის მთავარი ორგანიზატორიც ხორვატიის  კათოლიკური ეკლესია გახლდათ. ინიციატივას მხარი დაუჭირეს რადიკალურმა მემარჯვენე ძალებმაც. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიაციტივა იყო რეაქცია მთავრობის წინადადებაზე, დაეკანონებინათ ერთსქესიანთა ქორწინება.

ნიშანდობლივია, რომ ხორვატიის მემარცხენე, მმართველი სოციალისტური კოალიციის ლიდერები, პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი და პრემიერი ზორან მილანოვიჩი, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან და ხორვატიის მედიის უმრავლესობათან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებისა და რეფერენდუმის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ხორვატიის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ქორწინება უკვე განსაზღვრული იყო ხორვატიის კანონმდებლობით. რეფერენდუმის კითხვა (რეფერენდუმის შედეგის მიუხედავად) დისკრიმინაციულ გზავნილს ატარებდა და ამასთან, მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება გადასახადების გადამხდელი მოქალაქეების ფუჭ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. პრემიერ-მინისტრის, ზორან მილანოვივიჩის თქმით კი, ეს რეფერენდუმი უმრავლესობას უფლებას ანიჭებდა, უმცირესობებისთვის ჩამოერთმიათ უფლებები.

2003 წლიდან ხორვატიაში უკვე არსებობდა „ოჯახის აქტი“

რომლის მე-5 მუხლი ქორწინებას განსაზღვრავდა როგორც ქალის და მამაკაცის ცხოვრებისეულ კავშირს. რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას, „ქორწინებისა და ქორწინების შემდგომი თანაცხოვრების რეგულირების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლში წერია, რომ ტერმინი - წყვილი შესაძლებელია იყოს ქალი და მამაკაცი და რომ ამ კანონის მოქმედება მხოლოდ საპირისპირო სქესის მქონე წყვილებს ეხება.

უმაღლეს ხელისუფალთა წინააღმდეგობის მიუხედავად ხორვატიაში რეფერენდუმი მაინც ჩატარდა. 2013 წლის ნოემბერში კი ხორვატიის საკანონმდებლო ორგანოს 104 წევრმა (151-დან) აღნიშნული რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა. რეფერნდუმის კითხვას: „ეთანხმებით თუ არა, რომ ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის“, ხორვატთა 65%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 34% კი წინააღმდეგი იყო.

აღნიშნულ რეფერენდუმს და კონსტიტუტუციაში განხორციელებულ ცვლილებას ძირითადად უარყოფითი საერთაშორისო რექცია მოჰყვა. რაც შეეხება ევროკავშირს, მას რეფერენდუმის შესახებ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. ევროკომისიის განცხადებით,

ქორწინების დეფინიცია, ეს ევროკავშირის ქვეყნების ნაციონალური კომპეტენციაა.

დასკვნა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლატვიასა და ხორვატიაში ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით ცვლილებები განხორცილდა, სიმართლეა. თუმცა პრემიერის მტკიცება, რომ მსგავსი საკონსტიტუციო ნორმა ხორვატიამ ევროკავშირში შესვლამდე მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. ხორვატიამ საკონსტიტუციო ცვლილებები 2013 წლის იანვრიდან, ანუ ქვეყნის ევროკავშირში შესვლიდან 7 თვის შემდეგ განახორციელა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ხორვატიის მემარცხენე, მმართველი სოციალისტური კოალიციის ლიდერები, პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი და პრემიერი ზორან მილანოვიჩი, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან და ხორვატიის მედიის უმრავლესობათან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებისა და რეფერენდუმის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. მეტიც, ხორვატიის მთავრობა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინადადებით გამოვიდა.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება: „გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი - ხორვატია ევროკავშირში შესვლის წინ“, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი