2014 წლის 7 მარტს, საინფორმაციო სააგენტო „პირWელმა’’

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გამოაქვეყნა: „საქართველომ შეძლო ექსპორტის გასამმაგება რუსეთის ბაზარზე. მიმაჩნია, რომ ზოგადად, ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ხელახლა ემბარგოს დადება უმიზეზოდ არარეალური იქნება, მაგრამ თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ასე რომც მოხდეს, ამას ისეთივე ნეგატიური ეფექტი აღარ ექნება,  როგორიც  2006 წელს ჰქონდა. მაშინ საქართველოს ბაზარი ძალიან დამოკიდებული იყო რუსეთზე. მას შემდეგ ჩვენ დივერსიფიცირება მოვახდინეთ  და სხვადასხვა ბაზრები ავითვისეთ. იგივე ევროპის ბაზარზე ჩვენ ექსპორტი გასულ წელს 65%-ით გავზარდეთ. ეს იყო უპრეცედენტოდ რეკორდული მაჩვენებელი“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

ცხრილი 1.

საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებლები (ათასი აშშ დოლარი)

vach წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური-geostat.ge

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს 2003 წლიდან 2006 წლამდე რუსეთში ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2006 წელს (ემბარგოს დაწესების შემდეგ) 2005 წელთან შედარებით ექსპორტი ზუსტად 2-ჯერ შემცირდა. 2006 წლიდან 2010 წლამდე ექსპორტის მაჩვენებელი კლების, ხოლო 2010-იდან 2013 წლის ჩათვლით კი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ვინაიდან პრემიერ-მინისტრის განცხადება ექსპორტის გასამმაგებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია [გაურკვეველია 2013 წლის ექსპორტის მოცულობას რომელი წლის მონაცემს ადარებს], ამიტომაც ჩვენ რამდენიმე მეტ-ნაკლებად ლოგიკური ვარიანტი განვიხილეთ. თუ 2013 წლის ექსპორტის მოცულობას (წინასწარი შეფასებით) 2012 წლის მონაცემს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ექსპორტი 2013 წელს 4.2-ჯერ გაიზარდა, რაც უფრო მეტად ამყარებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ექსპორტის გასამმაგებასთან დაკავშირებით. თუ 2013 წლის მონაცემს 2006 წელს შევადარებთ (ემბარგოს დაწესების და ექსპორტის მოცულობის მკვეთრად შემცირების პერიოდი), მაშინ დავინახავთ, რომ 2013 წელს ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა, რაც ზუსტად პრემიერ მინისტრის მიერ დასახელებული ციფრია. ხოლო, თუ 2013 წლის მონაცემს 2005 წელს (ემბარგომდე რუსეთში ექსპორტის მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი)  შევადარებთ, რაც ფაქტ-მეტრის აზრით, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, მაშინ ნათელია, რომ ექსპორტის მოცულობა 2013 წელს მხოლოდ 1.2-ჯერ გაიზარდა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პრემიერის მიერ დასახელებული ციფრი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს (წინასწარი შეფასებით) ექსპორტის მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მოცულობას, ის 2003 წლიდან 2008 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო 2008 წლიდან (საქართველო-რუსეთს შორის ომის პერიოდი)  2011 წლამდე კი - კლების. 2011 წლიდან იმპორტი კვლავ ზრდას იწყებს და ეს ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება (რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მოცულობამ მის მაქსიმუმს 2013 წელს მიღწია). რაც შეეხება რუსეთთან საგარეო სავაჭრო სალდოს, ის წლების განმავლობაში მუდმივად უარყოფითი ნიშნით ხასიათდებოდა, რაც დღესაც გრძელდება.

მართალია რუსეთში ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, თუმცა რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მოცულობამ მის მაქსიმუმს ასევე 2013 წელს მიაღწია. შედეგად, 2013 წელს უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს მონაცემი (-399 მლნ აშშ დოლარი) გასულ წლებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდა (უარყოფითმა სავაჭრო სალდომ მის მაქსიმალურ მაჩვენებელს 2007 წელს მიაღწია: -529 მლნ აშშ დოლარი). შესაბამისად, 2013 წელს გასულ წლებთან შედარებით რუსეთში ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა რუსეთთან სავაჭრო ბალანსის მდგომარეობის საუკეთესო მაჩვენებელზე არ მიუთითებს.

ცხრილი 2.

საქართველო-რუსეთის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები

vach2 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური-geostat.ge

ცხრილი 2-იდან ჩანს, რომ 2005 წელს რუსეთი 93 ექსპორტიორ ქვეყანას შორის ექსპორტირებული პროდუქციის 18%-იანი მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს. 2006 წელს (ემბარგოს დაწესების შემდეგ) ის 8%-იანი მაჩვენებლით მესამე ადგილზეა და შემდგომ წლებში შედარებით დაბლა ჩამოდის. რაც შეეხება 2013 წელს (წინასწარი შეფასებით), ის კვლავ მაღალ პოზიციებზეა და 2012 წელთან შედარებით 111 ექსპორტიორ ქვეყანას შორის  მეთერთმეტე ადგილიდან ის მეოთხე ადგილზე ინაცვლებს. თუ 2005 და 2013 წელს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ პირველი და მეოთხე ადგილი, ამ შემთხვევაში,  ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოში ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობა 100-ის ფარგლებშია. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2005 წელს, როცა  საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთში პროდუქციის ექსპორტის წილი 18% იყო, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 7%-მდე ჩამოვიდა. ამის მიზეზი კი ისიც არის, რომ  2013 წელს ბაზარი შედარებით დივერსიფიცირებულია და ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობა 2005 წელთან შედარებით (2005-2013 პერიოდის განმავლობაში) 18-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე (ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობის, პროცენტული წილების და შესაბამისი ადგილების მიხედვით) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, დღესდღეობით რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შედეგად გამოწვეულ შედარებით ნაკლებად უარყოფით შედეგზე, სიმართლეა.

რაც შეეხება საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას, 2005 წელს რუსეთი 120 იმპორტიორ ქვეყანას შორის იმპორტირებული პროდუქციის 15%-იანი მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს. 2007 წლიდან ის მცირედით უკან იხევს, ხოლო 2013 წელს რუსეთი ისევ მაღალ ადგილზე ინაცვლებს და 122 იმპორტიორ ქვეყანას შორის, 8%-იანი მაჩვენებლით მეექვსედან მეოთხე ადგილზე ადის.

ცხრილი 3.

საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში (ათასი აშშ დოლარი)

vach3 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური-geostat.ge

ზემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის პროცენტული წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2003 წლიდან 2006 წლამდე ზრდის ტენდენციით, ხოლო 2006-იდან 2012 წლამდე ფლუქტუაციით, თუმცა მეტ-ნაკლებად მაინც მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. ევროპის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტი 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 72.2%-ით არის გაზრდილი (რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გასულ წლებთან შედარებით), ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის პროცენტული წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 20.9%-ია (გასული წლების საშუალო მაჩვენებელს დაუბრუნდა). შესაბამისად, მართალია 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 72.2%-ით გაიზარდა (პრემიერის მიერ გაჟღერებულ 65%-ზე მეტიც კია), მაგრამ ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობის პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში მის საშუალო მაჩვენებელზე დგას, ამიტომ ექსპორტის 2013 წელს 72.2%-იანი ზრდა ევროპის ქვეყნებში ექსპორტის მდგომარეობის საუკეთესო მაჩვენებელზე სულაც არ მიუთითებს.

დასკვნა

პრემიერ-მინისტრის განცხადება ექსპორტის გასსამმაგების შესახებ, ბუნდოვანია. საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 4.2-ჯერ გაიზარდა, 2006 წელთან შედარებით - 2.52-ჯერ, ხოლო 2005 წელთან შედარებით კი - 1.2-ჯერ.

2005-2013

პერიოდში ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობა 18-ით გაიზარდა და რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის პროცენტული წილი 18%-იდან 7%-მდე შემცირდა. ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობის, პროცენტული წილების და შესაბამისი ადგილების მიხედვით დღეს საქართველო რუსეთზე ისე მართლაც აღარ არის დამოკიდებული, როგორც ის 2006 წელს იყო.

რაც შეეხება საქართველოს ექსპორტს ევროპის ბაზარზე, მისი მოცულობა 2013 წელს წინა წელთან შედარებით 72.2%-ით გაიზარდა. ეს გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს, თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის პროცენტული წილის მიხედვით 2013 წლის მონაცემი - 20.9%, გასულ წლებთან შედარებით მათ საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება. შესაბამისად, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ევროპის ბაზარზე ექსპორტის 72.2%-იანი ზრდა, ამ ბაზარზე  ექსპორტის მდგომარეობის საუკეთესო მაჩვენებელზე სულაც არ მიუთითებს.

ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „საქართველომ შეძლო ექსპორტის გასამმაგება რუსეთის ბაზარზე. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ხელახლა ემბარგოს დადება უმიზეზოდ არარეალური იქნება, მაგრამ თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ასე რომც მოხდეს, ამას ისეთივე ნეგატიური ეფექტი არ ექნება  როგორიც  2006 წელს ჰქონდა. მაშინ საქართველოს ბაზარი ძალიან დამოკიდებული იყო რუსეთის ბაზარზე. მას შემდეგ ჩვენ დივერსიფიცირება მოვახდინეთ  და სხვადასხვა ბაზრები ავითვისეთ. იგივე ევროპის ბაზარზე ჩვენ ექსპორტი გასულ წელს 65%-ით გავზარდეთ. ეს იყო უპრეცედენტოდ რეკორდული მაჩვენებელი“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი