2013

წლის 15 იანვარს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საუბრისას მან განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ეკონომიკა, რომლის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 50 პროცენტს აღემატებოდა, ხოლო სამომხმარებლო კალათისა და პირველადი მოხმარების საქონლის 80 პროცენტი იმპორტზე არის დამოკიდებული. ექსპორტის მაჩვენებლებში მოწინავე ადგილები ძირითადად ისეთ პროდუქტებს უჭირავს, რომლებიც არ წარმოადგენენ ქართულ წარმოებას. ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა, სადაც დასაქმებულთა 54 პროცენტი მოდის სოფლის მეურნეობის სექტორზე, რომლის წილიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არ აღემატება 9 პროცენტს, ხოლო 11 პროცენტი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული. ჩვენ გვაქვს იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომლის ზრდაც წლების განმავლობაში დამყარებული იყო მოხმარების და არა წარმოების სტიმულირებაზე. ეს უმეტესწილად უზრუნველყოფილი იყო სამუშაო ძალის ექსპორტით. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი“.

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და იგი გადაამოწმა.

საგარეო სავაჭრო ბალანსი ექსპორტისა და იმპორტის სხვაობას წარმოადგენს. თუ სხვაობა უარყოფითია, მაშინ სავაჭრო ბალანსიც უარყოფითია. უარყოფითი სავაჭრო ბალანსის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით 50%-ზე მეტი იყო, ხოლო 2013 წელს კი - 46% შეადგინა.

irakirak12 ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ რამდენი პროცენტი უკავია იმპორტირებულ საქონელს სამომხმარებლო კალათაში. ჩვენ ამ კითხვით „საქსტატს“ მივმართეთ. „საქსტატიდან“ მოწოდებული ინფორმაციის

თანახმად, სამომხმარებლო კალათაში წარმოდგენილი 295 დასახელების პროდუქციისა და მომსახურებიდან 108 (36.6%) ადგილობრივი წარმოებისაა. 78 სახის საქონელი და მომსახურება (26.4%) იმპორტირებულია, ხოლო დანარჩენი 109 (37%) კი შერეული წარმოებისაა, ანუ მათი გარკვეული ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი - იმპორტირებული.

რაც შეეხება ექსპორტს, უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენენ: მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი), ფეროშენადნობები, კაკალი და თხილი, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სასუქები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მტკნარი და მინერალური წყლები და სპირტიანი სასმელები. დიდი ოდენობისაა აგრეთვე სამკურნალო საშუალებების, სატვირთო ავტომობილებისა და ხორბლის რეექსპორტი.

საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარების შესაძლებლობებზე გავლენას საქართველოს ბაზრის მცირე მასშტაბიც ახდენს. ამასთან, ის ფაქტი რომ მოცემულ შემთხვევაში არაქართული წარმოების პროდუქციაა ნომერ პირველი საექსპორტო საქონელი და საქართველო რეექსპორტიდან მნიშვნელოვან მოგებას იღებს, ნიშნავს, რომ ქვეყანა თავის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე კარგად იყენებს თავის სატრანზიტო ფუნქციას. ეს კი უარყოფითი მოვლენა ნამდვილად არ არის.

irak2 2013 წლის დასაქმების საბოლოო მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, ხოლო 2012 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა 909 ათას კაცზე მეტია, რაც დასაქმებულთა რაოდენობის მთლიანი მაჩვენებლის 52.7%-ს შეადგენს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2012

წლის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 7.4%-ია, ხოლო 2013 წლის დაუზუსტებელი მონაცემებით კი - 9.3%.

irak3

დასაქმების მხრივ სახელმწიფო სექტორში კი შემდეგი მდგომარეობაა: 2012 წლის მონაცემებით ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 273.7 ათასია. მისი პროცენტული წილი კი დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში 15.9%-ს შეადგენს.

irak4

დასკვნა 2006-2012

წლებში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 50%-ს აღემატებოდა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 46%-ზე ჩამოვიდა.

2012

წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის წილი დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში 52.7%, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილი დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში კი 15.9% იყო, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2013 წლის დაუზუსტებელი მონაცემით კი - 9.3%. ეს რიცხვები ძირითადად თანხვედრაშია პრემიერის მიერ დასახელებულ რიცხვებთან.

„საქსტატიდან“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სამომხმარებლო კალათის 36.6% ადგილობრივი წარმოებისაა, მხოლოდ 26.4%-ია იმპორტირებული, 37% კი შერეული სახისაა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადების ეს ნაწილი მცდარია.

ექსპორტის მაჩვენებლებში, მოწინავე ადგილები, თუ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს არ ჩავთვლით, ქართული წარმოების პროდუქტს უჭირავს, კერძოდ: კაკლისა და თხილის, ფეროშენადნობების, მინერალური და მტკნარი წყლების, სასუქების და ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი. მიუხედავად იმისა რომ ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია, აღნიშნული უარყოფით მოვლენად არ შეიძლება შეფასდეს. მოცემულ შემთხვევაში ეს უფრო იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო კარგად იყენებს თავის სატრანზიტო პოტენციალს.

ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, „სამწუხაროდ, ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ეკონომიკა, რომლის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 50 პროცენტს აღემატებოდა ... სამომხმარებლო კალათისა და პირველადი მოხმარების საქონლის 80 პროცენტი იმპორტზეა დამოკიდებული. ექსპორტის მაჩვენებლებში მოწინავე ადგილები ძირითადად არაქართული წარმოების პროდუქტებს უჭირავს ... დასაქმებულთა 54 პროცენტი მოდის სოფლის მეურნეობის სექტორზე, რომლის წილიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არ აღემატება 9 პროცენტს, 11 პროცენტი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი