2014

წლის 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის დროს, ასევე მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში მოვიდა, არცერთი მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და არც პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში არ ყოფილან.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დამყარდა. ამ დღიდან მოყოლებული ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრებმა თუ მინისტრებმა მრავალი ოფიციალური ვიზიტი განახორციელეს. საქართველო-უკრაინას შორის გამართული ყველა ოფიციალური ვიზიტისა თუ ხელშეკრულებების ისტორიისა და ქრონოლოგიის ხილვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა

შესაძლებელი.

როგორც ზემოთხსენებულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბოლო ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში 2012 წლის 17-18 მაისს შედგა, როდესაც უკრაინას საქართველოს ვიცე-პრემიერი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ბარამიძე სტუმრობდა. მან მთავრობათაშორის ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

თუმცა, ფაქტ-მეტრმა სხვა წყაროებიც გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს უკრაინას, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, კონსტანტინე სურგულაძე სტუმრობდა.

იგი დონეცკის ოლქის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

2013 წლის 1-4 ოქტომბერს უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რომელმაც უკრაინის ვიცე-პრემიერთან, ალექსანდრე ვილკულთან და უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრა. შეხვედრების დროს საუბარი ძირითადად ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას შეეხო. ასევე გაიმართა შეხვედრა აგრობიზნესის წარმომადგენლებთანაც.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის - „სტრატეგიული დიალოგი უკრაინის მომავალზე“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინაში ჩასულ სტუმრებს სიტყვით უკრაინის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიმართა, ხოლო ალექსი პეტრიაშივილმა ფორუმის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლეონიდ კოჟარასთან გამართა შეხვედრა. უკრაინაში 2013 წლის 5 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც იმყოფებოდა. მისი ვიზიტი ასევე მრავალმხრივ ფორმატში, კიევში გამართულ (2013 წელს უკრაინა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახლდათ) ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ უკრაინაში განვითარებული კრიზისის დროს არცერთი მინისტრი არ ჩასულა, თუმცა 2013 და 2012 წლებში უკრაინაში ქართველი მინისტრების რამდენიმე ვიზიტი განხორციელდა.

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის ვიზიტებითაც დაინტერესდა. ჩვენ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გადავამოწმეთ, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყველა ოფიციალური ვიზიტი წლების მიხედვითაა გამოქვეყნებული. საქართველოს მთავრობის ვებგვერდის თანახმად, 2012 წლის ნოემრიდან დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია 17 ნოემბერს შედგა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე

ინაუგურაციიდან დღემდე პრეზიდენტის მიერ გამართული ყველა შეხვედრა და ვიზიტია გამოქვეყნებული. როგორც ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში არ ყოფილა.

დასკვნა

გიორგი კანდელაკის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, არც პრემიერ-მინისტრი და არც პრეზიდენტი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილან.

რაც შეეხება მინისტრების ვიზიტს, 2012 წელს უკრაინაში სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, კონსტანტინე სურგულაძე იმყოფებოდა, ხოლო 2013 წლის 1-4 ოქტომბერს კი - სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია. ასევე, უკრაინაში 2013 წელს იმყოფებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე. ფანჯიკიძისა და პეტრიაშვილის ვიზიტი მრავალმხრივი შეხვედრების ფარგლებში განხორციელდა, თუმცა მათ ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

როგორც ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან ჩანს, უკრაინაში „ქართული ოცნების“ მთავრობის რამდენიმე მინისტრი მართლაც იმყოფებოდა, თუმცა უკრაინას, კრიზისის დაწყების შემდეგ, არცერთი ქართველი მინისტრი არ სწვევია. გიორგი კანდელაკის განხადების მთავარი პათოსი კი სწორედ ამ ფაქტის აღნიშვნას ეხება.

ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატის განცხადება: „უკრაინის კრიზისის განმავლობაში საქართველოს მთავრობის არცერთი მინისტრი, საუბარი აღარ არის პრემიერ-მინისტრსა თუ პრეზიდენტზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოსახატავად კიევში არ ჩასულა. რამდენადაც მე გავარკვიე, არათუ ამ კრიზისის განმავლობაში, არამედ საერთოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კიევში არცერთი მინისტრი არ ჩასულა“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი