2014 წლის 8 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

„გასულ წელს, მთავრობამ აიღო ვალდებულება და ეს ვალდებულება სრულად შეასრულა, ვგულისხმობ მოსამართლეების ხელფასების მატებას 70-80%-ით, ასევე მოსამართლეთა აპარატის თანამშრომელთა ხელფასების მატებას, რამაც ძალიან დადებითი ეფექტი იქონია სასამართლოზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მომხდარა მოსამართლეთა ხელფასების მატება“.

ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოში მოსამართლეთა შრომის ანაზღაურებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“

კანონი განსაზღვრავს. ამასთან, საერთო სასამართლოების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება.

სხვა საჯარო მოხელეების მსგავსად მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისაგან (მუხ. 69 (1)). თითოეული ინსტანციის მოსამართლისთვის კანონმდებლობა განსხვავებული ოდენობის თანამდებობრივ სარგოს ადგენს, რომელთა შემცირება მოსამართლეთა უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში დაუშვებელია (მუხ. 69 (2)). „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი კი საერთო სასამართლოების (პირველი ინსტანციის, სააპელაციო სასამართლოებისა და უზენაესი სასამართლოს) მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას პირდაპირ დადგენილი სახელფასო განაკვეთით განსაზღვრავს.

საქართველოს კანონში, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ,“ მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ცვლილება შევიდა. 2005 წლის ცვლილებების შესაბამისად, კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“.

აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, ჩამოყალიბდა კანონის ერთიანი სახე –„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“. კანონის მიღებიდან დღემდე, მასში ოთხი ძირითადი ცვლილება განხორციელდა.

ამ დროისათვის უკანასკნელი ცვლილებები,

რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს, საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მიიღო და 2014 წლიდან ამოქმედდა.

შესაბამისად, 2003-2014 წლებში თანამდებობრივი სარგოს ოდენობა  შემდეგნაირად გამოიყურება:

 

თანამდებობა

სარგო

2003-2005 წლის მონაცემებით

სარგო

2006-2007 წლის მდგომარეობით

სარგო

2008 წლის მდგომარეობით

სარგო

2009-2013 წლის მდგომარეობით

სარგო

2014 წლის მდგომარეობით

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

700

4 100

  5 450

5 650

7 000

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

665

3 700

4 900

5 100

6 500

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

630

3 400

4 600

4 800

6 300

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

595

3 100

4 200

4 400

6 000

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე

-

3 100

4 000

4 200

5 800

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

-

2 400

3 100

3 300

5 600

სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე

-

2 100

2 700

2 900

5 300

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

-

1 750

2 300

2 500

5 000

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

625

1 750

2 300

2 500

4 600

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე

-

1 650

2 200

2 400

4 300

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე

600

1 550

2 100

2 300

4 000

რეზერვში მყოფი მოსამართლე

-

500

500

500

500

როგორც ცხრილიდან ჩანს, ახალი რედაქციით გათვალისწინებული ცვლილებებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ნამდვილად მოემატათ თანამდებობრივი სარგო და ისიც ნათელია, რომ 2009-2013 წლების განმავლობაში უცვლელი იყო შრომის ანაზღაურების ოდენობა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ბოლო 5 წელია ხელფასები არ გაზრდილა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს, ყველაზე დიდი ზრდა სააპელაციო პალატის მოსამართლეთა ხელფასებზე აღინიშნება, რომელიც 38%-დან 100%-მდე მერყეობს. მთლიანობაში კი, საერთო პროცენტული მაჩვენებელის მიხედვით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობრივი სარგო 24%-დან 100%-მდე გაეზარდათ.

 

თანამდებობა

სარგოს ოდენობა 01.01.2014-მდე

სარგოს ოდენობა 01.01.2014 შემდეგ

სარგოს ზრდის

პროცენტული მაჩვენებელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

5 650

7 000

24 %

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

5 100

6 500

27 %

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

4 800

6 300

31 %

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

4 400

6 000

36 %

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე

4 200

5 800

38 %

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

3 300

5 600

70 %

სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე

2 900

5 300

83 %

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

2 500

5 000

100 %

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

2 500

4 600

84 %

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე

2 400

4 300

79 %

,რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე

2 300

4 000

74 %

რეზერვში მყოფი მოსამართლე

500

500

0 %

გარდა უშუალოდ მოსამართლეთა ხელფასებისა, ირაკლი ღარიბაშვილი მოსამართლეთა აპარატის თანამშრომელთათვის ხელფასების მატების ფაქტზეც საუბრობს. ჩვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის უფლებამოსილ პირებთან საუბრისას ეს ფაქტი გადავამოწმეთ და მათ აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტეც დაგვიდასტურეს.

დასკვნა 2014

წლიდან ძალაში შევიდა თანამდებობრივი სარგოს მატებასთან დაკავშირებული ცვლილებები საქართველოს კანონში „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“. ამ ცვლილებების შესაბამისად, სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეებს ხელფასები მართლაც მოემატათ. ასევე, თანამდებობრივი სარგოს მატება მოსამართლეთა აპარატის თანამშრომლების ხელფასებზეც დაფიქსირდა. სიმართლეა ისიც, რომ 2009-2013 წლებში მოსამართლეთა ხელფასების ზრდა არ მომხდარა და იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელი იყო.

2014

წლის ცვლილებების შედეგად, შრომის ანაზღაურების ზრდის საერთო პროცენტული მაჩვენებელი 24%-დან 100%-მდე მერყეობს. ზემოთ მითითებული ხუთი კატეგორიის მოსამართლეებს ხელფასები 24%-დან 38%-მდე მოემატათ, დანარჩენ ექვს კატეგორიას - 70%-დან 100%-მდე. ჩვენ ასევე გამოვთვალეთ  პროცენტული ზრდის საშუალო  მაჩვენებელი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ის 59%-ს შეადგენს. შესაბამისად, პრემიერის მიერ დასახელებული 70–80%–ანი ზრდა ბოლომდე არ ემთხვევა რეალურ მონაცემებს.

ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „გასულ წელს, მთავრობამ აიღო ვალდებულება და ეს ვალდებულება სრულად შეასრულა, ვგულისხმობ მოსამართლეების ხელფასების მატებას 70-80%-ით, ასევე მოსამართლეთა აპარატის თანამშრომელთა ხელფასების მატებას, რამაც ძალიან დადებითი ეფექტი იქონია სასამართლოზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მომხდარა მოსამართლეთა ხელფასების მატება“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5513 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი