გრიგოლ გეგელია: ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გრიგოლ გეგელიას განცხადება არის სიმართლე.
ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს განვითარების გეგმა 2019 წლის ოქტომბერში მართლაც დააანონსა. მაშინ ივანიშვილი აცხადებდა, რომ წყალტუბოში არსებულ 22-ვე სანატორიუმს და 9 აბანოს გამოისყიდდა და მათ სრულ რეაბილიტაციას განახორციელებდა.
სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში ერთი სანატორიუმიც კი არ გამოუსყიდია და, შესაბამისად, არც მათი რეაბილიტაცია განუხორციელებია.
ივანიშვილმა წყალტუბოს მიმართ ინტერესი რომ დაკარგა, 2022 წლის ზაფხულში გახდა ცხადი, როცა მთავრობამ ახალი საინვესტიციო პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ წამოიწყო. პროექტის ფარგლებში 14 სანატორიუმის გაყიდვა და 500 მილიონამდე კერძო ინვესტიციის მოზიდვა დაანონსდა. პროექტის დაწყებიდან 3 წელია გასული. ამ დროის განმავლობაში, 14-დან 7 სანატორიუმია გასხვისებული, ინვესტორებმა სანატორიუმების რეაბილიტაცია 60 თვის განმავლობაში უნდა განახორციელონ. შესაბამისად, განსაკუთრებით წარმატებულად ვერც მთავრობის პროექტი ხორციელდება..
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ გრიგოლ გეგელიას განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი
„ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერმა“ გრიგოლ გეგელიამ წყალტუბოში ბრიფინგი გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის დაპირებაზეც ისაუბრა: „ ექვსი წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ პირად რესურს გაიღებდა წყალტუბოს ეკონომიკურ-ტურისტული რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ექვსი წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია, არც ერთი ადამიანი არ დაუსაქმებია და არც ერთი პროექტი არ წაუყვანია წინ“.
2019 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე ყველა, 22-ვე სასტუმროსა და 9 აბანოს გამოისყიდდა და წყალტუბოს განვითარების ერთიანი გეგმის და კონცეფციის ფარგლებში, მათ სრულ რეაბილიტაციას განახორციელებდა.
განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამდა, სურვილის შემთხვევაში, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე (დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში ჩაშვება) სანატორიუმები შემდგომი ოპერირებისთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის გადაეცა. „ბუნებრივია ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით“, - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.
აღნიშნული განცხადების გასაჯაროებიდან დღემდე 5 წელი გავიდა. ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში არათუ 22-ვე სასტუმრო, ერთიც არ გამოუსყიდია და შესაბამისად, არც არანაირი რეაბილიტაცია არ დაუწყია.
ბიძინა ივანიშვილი ზემოთ დასახელებულ განცხადებაში ხაზს უსვამდა, რომ „სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის“.
წლების შემდეგ, ასეულობით მილიონის არა, მაგრამ ერთი ათეული მილიონის რესურსის მოძიება წყალტუბოს წყლის გამოსასყიდად სახელმწიფომ მოახერხა. წყალტუბოს წყალი კერძო ინვესტორისგან 8 მლნ აშშ დოლარად გამოისყიდა. მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოს განვითარების შეფერხების მთავარ მიზეზად წყალს ასახელებდა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო: „მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ ჩვენი და წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე - წყალი, იყო კერძო საკუთრება. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება, თუ მთავარი სიმდიდრე, როგორიც არის წყალტუბოს წყალი, არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება?! ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, ბიზნესმენს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა დაახლოებით 8 მილიონ დოლარად აღნიშნული სიმდიდრე. ეს საკუთრება ახლა უკვე არის ჩვენს ხელში“, - აცხადებდა ირაკლი ღარიბაშვილი.
წყალტუბოს „ბადენ-ბადენად“ ქცევის გეგმა მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია), თუმცა როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს იდეა მოკლა“. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში წყალტუბოში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა აღნიშნულ პროექტებს წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისად წყალტუბო „ბადენ-ბადენად“ ვერ იქცა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოგვიანებით უკვე ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა „წყალტუბოს აღორძინების პროექტი“, თუმცა აღნიშნულიდან 5 წლის თავზე პროექტის ფარგლებში რაიმე აქტივობის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გაჟღერებულა და შესაბამისად, პროექტი არც დაწყებულა.
ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს მიმართ ინტერესი რომ დაკარგა, ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში გახდა ცხადი, როდესაც წყალტუბოზე ზრუნვა სახელმწიფომ ითავა. ამ მიზნით, 2022 წლის 5 ივლისს მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ პრეზენტაცია შედგა. კურორტის აღდგენის გეგმის ფარგლებში სახელმწიფოს გასაყიდად 14 ობიექტი უნდა გამოეტანა - 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ლარი იყო, ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებდა, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა კურორტად ქცეულიყო.
ამ პროექტის პრეზენტაციიდან სამი წელია გასული. რა მდგომარეობაა ახლა? მიმდინარე წლის იანვრისთვის 7 სანატორიუმი იყო გასხვისებული: „წყალტუბო“, „მედეა“, „ცისკარი“, „თბილისი“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16.3 მლნ ლარი შეადგინა.
2024 წლის 5 აგვისტოს სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა ორი სანატორიუმი, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გაიყიდა. სანატორიუმ „რკინიგზელის“ საწყისი ფასი 5 135 000 ლარი იყო, სანატორიუმ „იმერეთის“ - 3 124 500 ლარი.
2024 წლის 23 აგვისტოს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სანატორიუმი „სავანე“ გამოიტანა აუქციონზე, რომლის საწყისი ღირებულება 2.2 მლნ ლარი იყო. აუქციონზე ვერც აღნიშნული სანატორიუმი გაიყიდა.
განხილულ მასალაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში მდებარე სანატორიუმების რეაბილიტაცია კი არა, შესყიდვაც კი არ განუხორციელებია. შესაბამისად, მან დაპირება არ შეასრულა.
ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად წყალტუბოს განვითარებაში სახელმწიფო ჩაერთო და სანატორიუმები აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. თუმცა როგორც აუქციონების მიმდინარეობა ადასტურებს, წარმატებულად არც ეს პროექტი მიმდინარეობს.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გრიგოლ გეგელიას განცხადება არის სიმართლე.