2014 წლის 11 აპრილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა დავით ნარმანიამ (ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატი), მინისტრის რანგში ბოლო ბრიფინგზე 2013 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა. დავით ნარმანიას განცხადებით, 2013 წელს საერთო ჯამში, რეაბილიტაცია 260 კილომეტრ გზას ჩაუტარდა, რაც 2012 წელთან შედარებით 60 კილომეტრით მეტია. მან ასევე აღნიშნა, რომ 2013 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები 45 ხიდსა და 5 გვირაბს ჩაუტარდა, მაშინ როცა 2012 წელს მხოლოდ 28 ხიდის და 2 გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა.

დავით ნარმანიამ სოფლის მხარდაჭერისა და რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების საერთო ღირებულებამ 2013 წელს 270 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. მისი განცხადებით, 2013 წელს გასულ წლებთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა. საერთო ჯამში 8 ათასამდე საშუალო და მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩვენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით. უწყებიდან მიღებულ პასუხში აღნიშნულია,რომ 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით, ჯამში 117 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტირებული გზის საერთო სიგრძე კი 190.3 კილომეტრს შეადგენს. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საგზაო მონაკვეთების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციისათვის 214 093.0 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ფაქტობრივმა საკასო ხარჯმა 195 193.28 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 91.17 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება 2012 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 82 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდა, საერთო ჯამში კი რეაბილიტირებული გზის საერთო სიგრძემ 108.9 კილომეტრი შეადგინა. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საგზაო მონაკვეთების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციისათვის 128 615.0 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ფაქტიურმა საკასო ხარჯმა 117 085.26 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 91.04 პროცენტია. 2012-2013 წლებში რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთების დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ მითითებულ ბმულებზე იხილოთ(გზების რეაბილიტაცია 2013, გზების რეაბილიტაცია 2012).

ფაქტ-მეტრი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც დაუკავშირდა. ფონდიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით,2013 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტით ჯამში 7.76 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოახდინა, მთლიანმა ღირებულებამ 1,5 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2012 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტით 11.8 კილომეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა, მთლიანმა ღირებულებამ კი 6.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია 2012 და 2013 წლებში რეაბილიტირებული ხიდებისა და გვირაბების შესახებაც მოიძია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, გეგმის შესაბამისად, რეაბილიტაცია 45 ხიდს და 3 გვირაბს ჩაუტარდა და 9 ახალი ხიდი აშენდა. რაც შეეხება 2012 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტით, გეგმის შესაბამისად, რეაბილიტაცია 28 ხიდს და 2 გვირაბს ჩაუტარდა და 3 ახალი ხიდი აშენდა.

ფაქტ-მეტრმა დავით ნარმიანიას განცხადების მეორე ნაწილიც გადაამოწმა, სადაც ის სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და რეგიონებში განხორციელებულ პროექტებზე საუბრობდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისმიხედვით (გვ. 56-58), 2013 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თვითმმართველი ერთეულებისთვის 49 993.8 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი, საიდანაც თვითმმართველი ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე 49 723.9 ათასი ლარი მუნიციპალურ ერთეულებს გადაერიცხა.

2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრქტურული პროექტებისათვის 307 296.6 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც თვითმმართველი ერთეულების მოთხოვნის შესაბამისად მუნიციპალიტეტებს 233 122.3 ათასი ლარი გადაერიცხათ. სახელმწიფო ბიუჯეტის 2013 წლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, სოფლის მხარდაჭერისა და რეგიონებში განსახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 282 846.2 ათასი ლარი შეადგინა.

ფაქტ-მეტრი 2012 წლის მონაცემებითაც დაინტერესდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2012 წლის შესრულების ანგარიშში აღნიშნულია (გვ. 73-78), როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, ისე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის მონაცემები.2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილმა თანხამ 50 000.0 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც თვითმმართველი ერთეულების მოთხოვნის შესაბამისად 49 910.4 ათასი ლარი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაერიცხა. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ანგარიშს, 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 298 571.2 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც თვითმმართველი ერთეულების მოთხოვნის შესაბამისად 296 671.1 ათასი ლარი მუნიციპალურ ერთეულებში გადაირიცხა.

სახელმწიფო ბიუჯეტის 2012 წლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულებამ 346 581.1 ათასი ლარი შეადგინა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრს ამ ეტაპზე მუნიციპალური ერთეულების მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურული პროექტებზე გაწეული საკასო ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება.დავით ნარმანია შემაჯამებელ ბრიფინგზე ასევე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისა და 2013 წელს მთლიანად ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების შესახებაც საუბრობდა. ამ საკითხებზე ფაქტ-მეტრი წარსულში უკვე წერდა და ნარმანიას განცხადების სიზუსტეც დადასტურდა.

დასკვნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ 2013 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები 190.3 კილომეტრის სიგრძის გზას ჩაუტარდა, ხოლო 2012 წელს - 108.9 კილომეტრ გზას. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით 81 კილომეტრით მეტი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმაც განახორციელა: 2013 წელს - 7.76 კილომეტრი, ხოლო 2012 წელს კი -11.8 კილომეტრი. 2013 წელს 260 კილომეტრის საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა, როგორც ეს დავით ნარმანიამ განაცხადა. ხოლო რაც შეეხება ხიდებისა და გვირაბების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დავით ნარმანია განცხადების ამ ნაწილში ზუსტია.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადების მეორე ნაწილი ვერ ჩაითვლება სიმართლედ, რადგან 2013 წელს სოფლის მხრდაჭერისა და რეგიონებში განსახორციელებული პროექტების პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების საერთო ღირებულებამ 282 846.2 ათასი ლარი შეადგინა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორივე პროგრამის საერთო ღირებულებამ ღირებულებამ 346 581.1 ათასი ლარი შეადგინა.

ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ნარმიანიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი