იტვირთება

მიმდინარე წლის 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში მედიის თავისუფლების თემასაც შეეხო. კერძოდ, მან განაცხადა: „დღეს თუ ვინმეს არ სჯერა, რომ აბსოლუტურად თავისუფალია მედია, დიდი უსამართლობაა. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ მედიის თავისუფლების კუთხით. რეგიონში პირველ ადგილზე ვართ“.

ფაქტ-მეტრი პრემიერის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშს -„მედიის თავისუფლების ინდექსი“ ყოველწლიურად აქვეყნებს. კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყანას მოიცავს და ის წინა წლის მონაცემებს აანალიზებს.

2014 წელს

გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით 180 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა. 2013 წელს საქართველო აღნიშნულ მაჩვენებელში მე-100 ადგილს იკავებდა. შესაბამისად, მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველომ პოზიცია 16 ადგილით გაიუმჯობესა. 2012 წელს იგივე კვლევაში საქართველო 105-ე პოზიციაზე იყო.

2014

წელს, ისევე როგორც გასულ წელს, მედიის თავისუფლების მხრივ პირველ სამ პოზიციას ფინეთი, ნიდერლანდები და ნორვეგია იკავებს.

კვლევაში აღნიშნულია,

რომ საქართველოში, მოლდოვაში, ყირგიზეთსა და სომხეთში არსებობს პლურალიზმი და ცენზურა ნაკლებია. თუმცა, აქვე ხაზგასმულია, რომ ამ ქვეყნებში მედიაში ძალიან მძაფრად აისახება სოციალური პოლარიზაცია და სარედაქციო დამოუკიდებლობა დიდ გამოწვევად რჩება. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წელს ადრინდელთან შედარებით საქართველოში და სომხეთში არჩევნები მშვიდად ჩატარდა. ორივე ქვეყანაში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა იშვიათი იყო.

ჩვენ ასევე გავეცანით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედიის თავისუფლების ინდექსის ბოლო კვლევებს. EAP East Media Freedom Watch

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მედიის გამოხატვის თავისუფლება შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება: პოლიტიკური კონტექსტი (კონსტიტუციით მინიჭებული მედიის თავისუფლებისა და უფლებების დონე), მედიის თავისუფლების შეზღუდვა (თავდასხმები, დაკავებები, ცენზურა), წვდომა მაუწყებლობაზე და ინტერნეტზე.

2013

წლის მარტ-ივნისში ჩატარებული მედიის თავისუფლების ინდექსის კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილს იკავებდა. 2013 წლის ივლისი-სექტემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველომ მეორე ადგილზე გადაინაცვალა, პირველი ადგილი კი მოლდოვამ დაიკავა. 2013 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველო კვლავ ლიდერობს, მეორე ადგილს იკავებს მოლდოვა, მესამეს - სომხეთი, მეოთხეს - უკრაინა, მეხუთეს - აზერბაიჯანი და ბოლო ადგილზეა ბელორუსია.

image001

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის -„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე,“ 2014 წელს გამოქვეყნებული მედიის თავისუფლების ინდექსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, საქართველო, რომელიც რეიტინგში 84-ე ადგილს იკავებს, მოლდოვას 28 ადგილით, ხოლო სომხეთს კი 6 ადგილით ჩამორჩება. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვამ და სომხეთმა გასულ წლის რეიტინგებთან შედარებით პოზიციები გაიუარესეს.

Freedom House-ის პრესის თავისუფლების, 2014 წელს გამოქვეყნებულ საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 197 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა. გასულ წელს მას ამ კვლევაში 96-ე ადგილი ეკავა. ევრაზიის რეგიონში, სადაც 12 ქვეყანა შედის, საქართველო რეიტინგში პირველ ადგილზეა.

პოზიციის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო მედიის თვალსაზრისით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში მოხვდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ევრაზიის რეგიონში ნაწილობრივ თავისუფალი მედიის მქონე ქვეყნებში მხოლოდ საქართველო და მოლდოვა ხვდებიან. დანარჩენი ქვეყნები არათავისუფალი მედიის ჯგუფში არიან.

რეიტინგი2014 ქვეყანა ქულა სტატუსი
1 საქართველო 47 ნაწილობრივ თავისუფალი
2 მოლდოვა 53 ნაწილობრივ თავისუფალი
3 სომხეთი 62 არა თავისუფალი
4 უკრაინა 63 არა თავისუფალი
5 ყირგიზეთი 66 არა თავისუფალი
6 ტაჯიკეთი 80 არა თავისუფალი
7 რუსეთი 81 არა თავისუფალი
8 აზერბაიჯანი 84 არა თავისუფალი
9 ყაზახეთი 85 არა თავისუფალი
10 ბელარუსია 93 არა თავისუფალი
11 თურქმენეთი 95 არა თავისუფალი
12 უზბეკეთი 95 არა თავისუფალი

დასკვნა

ჩვენ გავაანალიზეთ საერთაშორისო ორგანიზაციების „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „EAP East Media Freedom Watch“-ის, „Freedom House“-ის კვლევები. 2014 წელს გამოქვეყნებულ მედიის თავისუფლების ინდექსის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები. ამასთან, ამ მხრივ საქართველო პირველ ადგილს იკავებს როგორც ევრაზიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. თუმცა, საერთაშორისო კვლევები საქართველოში მედიის „აბსოლუტურ თავისუფლებას“ არ ადასტურებს და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება გადაჭარბებულია. კერძოდ, Freedom House-ის კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი მედიის მქონე ქვეყნად რჩება.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით პრემიერ-მინისტრის განცხადება: „დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია... ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველომ მედიის თავისუფლების კუთხით. რეგიონში პირველ ადგილზე ვართ“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი