2014

წლის 20 მაისს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „თბილისის სამიტი 2014-ის“ დეტალების შესახებ ისაუბრა. სამი ქვეყნის ერთობლივ გეგმებზე საუბრისას პრეზიდენტმა ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გაამახვილა და განაცხადა: „ეს [ბაქო-თბილისი-ყარსი] არის რკინიგზა, რომლითაც ISAF-ის მისია ავღანეთიდან გამოვა“.

ფაქტ-მეტრი პრეზიდენტის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

“საქართველოს რკინიგზის” მიხედვით ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის სატრანსპორტო დერეფანი,

რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას შემდეგ, რაც სტამბულში, ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ასევე შესაძლებელი ხდება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს. ეს ხაზი ითვალისწინებს როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანებს და ის მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად.

image001 წყარო: საქართველოს რკინიგზა; www.railway.ge აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყეს.

იგი საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთიდან საქართველოს მხარეს არის სარკინიგზო მაგისტრალი ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტი ახალქალაქში ახალი რკინიგზის სადგურის აშენებასაც ითვალისწინებს.

​აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის და აზერბაიჯანის პირველ პირებთან ერთად სოფელ მარაბდაში, პროექტის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა,

რომ მისი ვარაუდით, რკინიგზის მშენებლობა დაგეგმილზე უფრო ადრე, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვამდე დასრულდებოდა. მოგვიანებით, მშენებლობის დასრულების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ჯერ 2013, შემდეგ კი 2014  და 2015 წლები სახელდებოდა.

როგორც ამ თემაზე „ლიბერალის“

სტატიაშია აღნიშნული, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2010 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფინანსური, პოლიტიკური და რელიეფური  სირთულეების გამო ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. გამოცემის თანახმად, „რკინიგზის მშენებლობის ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზად აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი შახმარ მოვსუსოვი საქართველოში შექმნილ დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებს. არის შეფერხების სხვა მიზეზიც: 2007 წლის შემდეგ ნავთობი რამდენჯერმე გაიაფდა და აზერბაიჯანს ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდა, რის გამოც პროექტის დაფინანასება არაერთხელ შეფერხდა. გარდა ამისა, თავი იჩინა ტექნიკურმა პრობლემებმაც. საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობისას გაირკვა, რომ გვირაბი მეწყერსაშიშ ზონაში უნდა გასულიყო და ამიტომ პროექტი შეიცვალა“.

სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ტემპი არაერთხელ გახდა ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი. სხვადასხვა პერიოდში მშენებლობის ტემპთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხოდ არ ტოვებდა შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“. კომპანია სამუშაოების შეფერხებით განხორციელების მიზეზად მკაცრ კლიმატურ და გარემო პირობებს, ძველი ხელმძღვანელობის მუშაობის დაბალ ტემპს, ასევე მათ მიერ თანხების მითვისება-გაფლანგვას ასახელებდა. ფაქტ-მეტრს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს,

რომ 6 მაისის მდგომარეობით, უწყების საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მმართველობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისებისა და მითვისებული ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის, მისი უკანონო წარმოშობისა დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლებების შენიღბვის მიზნით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით სახელმწიფო კომპანია შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით

ირკვევა, რომ 21 მარტის მდგომარეობით, შესრულებულია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 36,5%. მათივე ცნობით, მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ყველა დაგეგმილ ეტაპზე და პროექტის დასრულება შემდეგი ეტაპების მიხედვით დაგეგმილია:

-

         მარაბდა-თეთრიწყარო (I ეტაპი) - 30.06.2014 წ.

-

         თეთრიწყარო-წალკა (II ეტაპი) - 30.12.2014 წ.

-

         წალკა-ახალქალაქი (III ეტაპი) - 30.06.2015 წ.

-

         სარკინიგზო სადგური - 30.12.2015 წ.

-

         ახალქალაქის ვაგზალი - 30.12.2015 წ.

-

         ახალქალაქი-კარწახი - 30.12.2015 წ.

რაც შეეხება აღნიშნული სარკინიგზო ხაზით ავღანური ტვირთების გადატანის იდეას, ეს გზა თავიდანვე განიხილებოდა ერთ-ერთ ალტერნატივად, რომელიც NATO-ს ტვირთებს მოემსახურებოდა. 2012 წლის NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე, 2010 წლის ლისაბონის სამიტზე შეთანხმებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ISAF-ის (უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები) მისია 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა და ორგანიზაცია ავღანეთის მხარდაჭერას შემცირებული მასშტაბის წარმომადგენლობით, განსხვავებულ ფორმატში განაგრძობდა. ავღანეთიდან NATO-ს ტვირთების ტრანსპორტირებისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების იდეა სწორედ ამ პერიოდიდან არსებობს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის ტემპის კრიტიკისას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეკონომიკისთვის სწორედ ავღანური ტვირთების მნიშვნელობაზე მიუთითებდა. ავღანეთიდან ნატოს სამშვიდობო მისიის ტვირთების უკუტრანზიტის პროცესში ჩართვის წინადადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, 2013 წლის 23 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ წამოაყენა. „რადიო თავისუფლების“

ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სრულ მზადყოფნას საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგაც იაქტიუროს ნატოსთან ერთად. „საქართველო სთავაზობს ნატოს ავღანეთიდან ჯარისკაცებისა და ტვირთის გადმოზიდვის უმოკლეს გზას, რომელიც ამ წლის ბოლოსთვის უკვე იქნება მზად. ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი ჩემს გამოსვლაში ISAF-ის შეხვედრაზე” - ციტირებს გამოცემა საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროცესისა და მისი პოტენციური ტვირთების შესახებ ფაქტ-მეტრი შპს „მარაბდა-კარწახის რკინგზის“ დირექტორის მოადგილე კონსტანტინე ნინიძეს ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, 2014 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია, რომ აღნიშნულ სარკინიგზო ხაზზე სატესტო მატარებელმა გაიაროს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მუშაობის დაწყება და ტვირთების გადაზიდვა. კონსტანტინე ნინიძის განცხადებით, თუ ამინდი სამუშაოებს ხელს შეუწყობს, მშენებლობის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. მისივე თქმით, რკინიგზის ზოგიერთი უბანი ურთულეს კლიმატურ პირობებში შენდება, ვინაიდან ნინოწმინდის მონაკვეთი ზღვის დონიდან 2100, ახალქალაქის მონაკვეთი კი 2000 მეტრზე გადის. ეს კი ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილზე გამავალი სარკინიგზო ხაზია. შპს „მარაბდა-კარწახის რკინგზის“ დირექტორის მოადგილეს ამ ეტაპზე უჭირს დაკონკრეტება, თუ რომელ ტვირთებს მოემსახურება აღნიშნული რკინიგზა. მისი თქმით, რკინიგზის პოტენციური ტვირთები მისი ამუშავების ვადაში უნდა ჯდებოდეს.

2014 წლის 24 თებერვალს ბაქოში გამართულ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის მე-18 საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით ასევე აღინიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატესტო მატარებელი 2014 წლის ბოლოსთვის გაივლის, 2015 წელს კი მისი ექსპლუატაციაში შეყვანა იგეგმება.

ავღანური ტვირთების შესახებ  შპს "მარაბდა-კარწახის" რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ოლეგ ბიჭიაშვილმა, ჯერ კიდევ 2013 წლის 12 სექტემბერს განაცხადა,

რომ ავღანური ტვირთების გადაზიდვისთვის "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის" გამოყენება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება, რადგან ავღანური ტვირთების გადაზიდვა 2014 წელს იგეგმება, რკინიგზის გახსნა კი 2015 წლამდე ვერ მოესწრება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის ფაქტ-მეტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ჩვენი კითხვები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პოტენციურ ტვირთებს, ავღანეთში NATO-ს ISAF-ისა და ISAF-ის შემდგომი მისიებისას აღნიშნული სარკინიგზო ხაზის როლსა და მნიშვნელობას, ასევე ტვირთების მოზიდვის მიმართულებით გაწეულ საქმიანობას ეხებოდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განგვიცხადეს, ეს საკითხი მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება.

ეკონომიკის სამინისტროში ფაქტ-მეტრს დაუდასტურეს, რომ საქართველოს მთავრობამ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ISAF-ის ძალებისა და ტვირთების გამოყვანისას ავღანეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით სარგებლობა შესთავაზა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ითვალისწინებს როგორც საქართველოს ნავსადგურების მეშვეობით, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით ზემოაღნიშნული ტვირთების გადაზიდვას. თუმცა, NATO-ს მიერ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სარგებლობის შესახებ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი ინფორმაციის მოპოვება ჩვენ ვერ შევძელით.

  დასკვნა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, 2014 წლის ბოლოს კი აღნიშნულ სარკინიგზო ხაზზე სატესტო მატარებელმა უნდა გაიაროს. NATO-ს ISAF-ის მისია 2014 წლის ბოლოს სრულდება. ამ პერიოდისთვისაა გათვალისწინებული ავღანეთიდან ალიანსის ტვირთების გამოტანა.

როგორც შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზიდან“ მიღებული ინფორმაციით ირკვევა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამუშავება 2015 წლის ბოლოს იგეგმება. ამასთან, კომპანიის დირექტორი ოლეგ ბიჭიაშვილი  ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ ავღანური ტვირთების ამ სარკინიგზო ხაზით გადაზიდვა, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება.

ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ტვირთების გამოტანის პროცესში აღნიშნული რკინიგზით სარგებლობა შესთავზა, თუმცა ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული შეთანხმების არსებობის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ISAF-ის მისიის ტვირთების გამოტანის შესახებ საქართველოს მთავრობის ოფიციალური შეთავაზება არსებობს, რაც შესაძლოა, პრეზიდენტის განცხადების საფუძველი გამხდარიყო. ასევე, ვერ გამოვრიცხავთ თეორიულ შესაძლებლობას, რომ ალიანსმა მომავალში, ტვირთების გამოტანის პროცესის გარკვეულ ეტაპზე, ამ სარკინიგზო ხაზით ისარგებლოს. თუმცა, ამ დროისთვის ფაქტ-მეტრმა ვერ მოიპოვა რაიმე კონკრეტული შეთანხმების არსებობის შესახებ ინფორმაცია, რაც განცხადების სიზუსტეს დაადასტურებდა.

შესაბამისად, ჩვენი დასკვნით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება: „ეს [ბაქო-თბილისი-ყარსი] არის რკინიგზა, რომლითაც გამოვა ISAF-ის მისია ავღანეთიდან“ არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი