2014

წლის 26 ივლისს, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, უმცირესობის დეპუტატის, კობა სუბელიანის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი ოდენობა 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

ჩვენ 2004-2013 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გადავამოწმეთ.

წელი შესრულების ანგარიშები (მილიონ ლარებში)
2004 66.3 (გვ. 143)
2005 61.2 (გვ. 14)
2006 59.2 (გვ. 227)
2007 65.5 (გვ. 37)
2008 121.8 (გვ. 86)
2009 66.7 (გვ. 100)
2010 41.7 (გვ. 91)
2011 44.5 (გვ. 123)
2012 37.4 (გვ. 229)
2013 47.3 (გვ. 87)
რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმას, 2014

წლის ბიუჯეტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის 48 მილიონი ლარია გამოყოფილი (გვ. 122).

2004-2013

წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტი ყველაზე მცირე 2012 წელს იყო და 37.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე დიდი ბიუჯეტი სამინისტროს 2008 წელს ჰქონდა და მისმა ოდენობამ 121.8 მილიონი ლარი შეადგინა.

2008

წელს სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ გამოიწვია, რის გამოც, 2007 წელთან შედარებით, სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა.

კობა სუბელიანი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას 2008-2012 წლებში იკავებდა. მისი მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს ყველაზე მცირე დაფინანსება, 37 მილიონი ლარი, 2012 წელს ქონდა. 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს, სამინისტროს ბიუჯეტი 1.3-ჯერ და არა ორჯერ გაიზარდა, როგორც ამას ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა.

დასკვნა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გადასამოწმებლად, ფაქტ-მეტრმა 2004-2013 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები შეისწავლა. სტატიაში მოყვანილი მონაცემების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა 25 მილიონი ლარის ფარგლებში არასოდეს ყოფილა და მისი ყველაზე მცირე ოდენობა, 37 მილიონი ლარი, 2012 წელს დაფიქსირდა. გარდა ამისა, 2013 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა 2010, 2011 და 2012 წლების ბიუჯეტს აღემატებოდა, თუმცა 2004-2009 წლებში არსებულ ბიუჯეტებთან შედარებით საკმაოდ ნაკლები იყო.

2013

წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 47 მილიონი ლარი დახარჯა, რაც, 2012 წელთან შედარებით, ბიუჯეტის 1.3-ჯერ ზრდას და არა ორჯერ მეტს ასახავს, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ბიუჯეტმა 50 მილიონ ლარს ვერც 2014 წლის ბიუჯეტის გეგმაში მიაღწია და იგი 48 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ბატონო კობა, მე მინდა შეგახსენოთ, თქვენი მთავრობის დროს დევნილების ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო. 50 მილიონი გახდა ჩვენს დროს, ანუ გავაორმაგეთ“, არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი