2014

წლის 26 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა: „ევროკავშირის ბაზარზე პირველ 6 თვეში ექსპორტი 57%-ით გაიზარდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. გასულ წელს [ექსპორტი] 65% იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არის რეკორდული მაჩვენებელი მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები

გამოვიყენეთ, რომლის თანახმადაც, 2014 წელს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა პირველ 6 თვეში  295.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 41%-ით მეტია.

2013-2014

წლების პირველ 6 თვეში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ამსახველი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

image001 2012

წელს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე გასულმა პროდუქციამ ჯამში 353 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 607.8 აშშ დოლარმდე  გაიზარდა, რის შედეგადაც, 2013 წელს, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 72%-მდე ზრდა მივიღეთ.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ როგორი ტენდენციით ხასიათდებოდა ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე ბოლო ათი წლის განმავლობაში. 2004-2013 წლები ევროკავშირის ბაზარზე გასული პროდუქციის ზრდის დინამიკა ასეთია:

image002

როგორც ცხრილიდან ვხედავთ, 2006, 2009 და 2012 წლებში  ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის კლება შეინიშნება. სხვა, ყველა დანარჩენ წლებში კი ზრდის ტენდენცია  ფიქსირდება.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2014 წელს პირველ 6 თვეში ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი 41% იყო და არა 57%, როგორც პრემიერი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ 41% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ის რეკორდად მაინც ვერ ჩაითვლება, ვინაიდან 2004, 2005 და 2008 წლების პირველ 6 თვეში ექსპორტის 54%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რაც შეეხება 2013 წლის მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის მიერ დასახელებული 65% არ შეესაბამება საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს, ამ წელს 72%-იანი რეკორდული ზრდა ნამდვილად გვქონდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში  არ დაფიქსირებულა.

დასკვნა

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს პირველ 6 თვეში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. ეს რიცხვი ნაკლებია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებულ 57%-ზე. გარდა ამისა, 2014 წლის პირველ 6 თვეში  დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებელი არ არის რეკორდული, რადგან გაცილებით მაღალი ზრდა იყო 2004, 2005 და 2008 წლებში.

რაც შეეხება 2013 წელს, ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 72%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის მიერ დასახელებული 65% რეალურად საქსტატის ოფიციალურ მონაცემემზე (72%) დაბალია, განცხადების ეს ნაწილი, კონტექსტიდან გამომდინარე სიმართლეა, რადგან ის ნამდვილად ასახავს რეკორდულ ზრდას.

ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ევროკავშირის ბაზარზე პირველ 6 თვეში ექსპორტი 57%-ით გაიზარდა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. გასულ წელს [ექსპორტი] 65% იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არის რეკორდული მაჩვენებელი მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, არის  ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი