რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო. „ამ ობიექტზე [ქობულეთის შემოვლითი გზა] დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი საკმაოდ მაღალია. ადგილობრივ შრომით ბაზარზე სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის გაფორმების დროსაც გავითვალისწინეთ. დღეის მდგომარეობით, ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა 70% საქართველოს მოქალაქეა“ - განაცხადა ხოკრიშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 33,6 კმ-ს შეადგენს. პროექტის დონორი აზიის განვითარების ბანკია, სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. პროექტი ორ სამშენებლო მონაკვეთად - ორ ლოტადაა დაყოფილი.

პირველი ლოტის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძეა 14.7 კმ. 2013 წელს ჩოლოქი-სარფის საავტომობილო გზის ახალი მიმართულების 12.4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. პირველი ლოტის შემადგენელი ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებულ მიმართულებაზე კი ოთხზოლიანი მაგისტრალის რეკონსტრუქციის სამუშაოები გრძელდება.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე 18.9 კმ. ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, მათ შორის, 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა იგეგმება. 2013 წელს აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მიწის ვაკისის მოწყობის, გზაგამტარებსა და ხიდებზე რკინაბეტონის ბურჯების მშენებლობის სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის საერთო ღირებულება 209 მლნ. ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია 600 პირი. მშენებლობა 2013 წლის 24 მაისს დაიწყო და დასრულება 2016 წლის 18 თებერვალს იგეგმება.

რაც შეეხება ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს, აღნიშნული ინფორმაციისათვის ჩვენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ. დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „სინოჰიდროსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობაში დასაქმებულთა 70% საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო. დეპარტამენტისვე მოწოდებული ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დღეს დასაქმებულთა 90% საქართველოს, ხოლო 10% ჩინეთის მოქალაქეს წარმოადგენს. გზის მეორე ლოტის მშენებლობაში დასაქმებულთა 82% კი საქართველოს, ხოლო 18% ჩინეთის მოქალაქეა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა დასაქმებულთა საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების ფონზე მიმდინარეობდა. მაგალითად, 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობდა. დასაქმებულები ხელფასის მომატებას, სამუშაო საათების შემცირებასა და სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფას ითხოვდნენ. გაფიცულების თქმით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის კომპანია „სინოჰიდრომ“ 200 თანამშრომელთან კონტრაქტი შეწყვიტა.

2014 წლის 13 იანვარს კომპანია „სინოჰიდროს“ ოფისთან ქობულეთის შემოვლით გზაზე დასაქმებულმა სპეც-ტექნიკის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებული რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის მიუხედავად 13 საათს მუშაობენ, რისთვისაც არც სათანადო ანაზღაურება ჰქონდათ და არც სამუშაო პირობები. აქციის მონაწილეები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტექნიკა ნორმაზე მეტი დატვირთვით მუშაობს, რის გამოც მწყობრიდან ხშირად გამოდის და სამუშაო ფერხდება. დაკარგული საათებისთვის კი ვერც გასამრჯელოს იღებენ და ჯარიმების გადახდაც უწევთ.

დასკვნა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „სინოჰიდროსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე დასაქმებულთა 70% საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობაში დასაქმებულთა 82% საქართველოს მოქალაქეა, ორივე ლოტის მშენებლობაში ერთად კი - 90%. აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობის პარალელურად დასაქმებულთა საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ისინი ხელფასის მომატებას, სამუშაო საათების შემცირებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადება: „ამ ობიექტზე [ქობულეთის შემოვლითი გზა] დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი საკმაოდ მაღალია. ადგილობრივ შრომით ბაზარზე სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის გაფორმების დროსაც გავითვალისწინეთ. დღეის მდგომარეობით, ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა 70% საქართველოს მოქალაქეა,“ არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია