იტვირთება

2014 წლის 29 ივლისს, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა – გიორგი ქადაგიძემ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება კომერციული ბანკების მოგებაზეც გაამახვილა და განაცხადა: „კომერციული ბანკების მომგებიანობა წლიურად 14,5%–ია. ეს არის უკუგება კაპიტალთან, ანუ ბანკის წლიური მოგება ჯამური კაპიტალის 14,5% –ია, რაც არ არის არანაირი „სუპერმოგება“ და „ზემოგება“, თუ ასეთი ცნება საერთოდ ბუნებაში არსებობს“.

ფაქტ–მეტრი ბანკების წლიური მოგების მაჩვენებლებით დაინტერესდა და გიორგი ქადაგიძის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 2011 წელს ბანკების საერთო სააქციო კაპიტალმა (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით) 1,974 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მათი წმინდა მოგება 2011 წლის ბოლოსთვის 323 მილიონ ლარს უდრიდა. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ 2011 წელს ბანკების მოგება მათი საერთო კაპიტალის დაახლოებით 16.3% იყო.

იგივე წყაროზე დაყრდნობით ფაქტ–მეტრმა 2012 წლის მონაცემებიც გამოიკვლია. 2012 წელს ბანკების საერთო სააქციო კაპიტალმა (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით) 2,188.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება კი 134.2 მილიონ ლარს უდრიდა. შესაბამისად, 2012 წელს კომერციული ბანკების მოგებამ საერთო კაპიტალის 6.1% შეადგინა.

2013 წელს კომერციული ბანკების საერთო სააქციო კაპიტალი (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით) 2,671 მილიონი ლარი იყო, ხოლო მათი წმინდა მოგება კი 389 მილიონ ლარს უდრიდა. შესაბამისად, 2013 წელს ბანკების მოგებამ საერთო კაპიტალის 14.5% შეადგინა, რაც ზუსტად ემთხვევა ქადაგიძის მიერ დასახელებულ მონაცემს.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წლებში კომერციული ბანკების წლიური მოგება სააქციო კაპიტალთან მიმართებაში 6–16 პროცენტის ფარგლებში იყო.

დამატებითი ინფორმაციისთვის ფაქტ–მეტრი ცალკეული ბანკების წლიური მოგებებით დაინტერესდა და საერთო კაპიტალთან მიმართებაში მათი პროცენტული რაოდენობა გამოიკვლია.

TBC ბანკი

ათასი ლარი 2013 წელი 2012 წელი 2011 წელი
კაპიტალი 729,289 604,024 468,781
წმინდა მოგება 124,270 97,811 91,625
წმინდა მოგება კაპიტალთან მიმართებაში (%) 17% 16.2% 19.5%

ცხრილი: 1 – წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

„საქართველოს ბანკი“

ათასი ლარი 2013 წელი 2012 წელი 2011 წელი
კაპიტალი 1,244, 315 1,061,184 812,603
წმინდა მოგება 213,800 182,745 135,710
წმინდა მოგება კაპიტალთან მიმართებაში (%) 17.2% 17.2% 16.7%

ცხრილი: 2– წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

„ბანკი ქართუ“

ათასი ლარი 2013 წელი 2012 წელი 2011 წელი
კაპიტალი 278,309 180,138 155,464
წმინდა მოგება 71,201 13,020 63,801
წმინდა მოგება კაპიტალთან მიმართებაში (%) 25.6% 7.2% 41%

ცხრილი: 3 – წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი (ბმული 1, ბმული 2)

„ლიბერთი ბანკი“

ათასი ლარი 2013 წელი 2012 წელი 2011 წელი
კაპიტალი 114,108 98,662 72,776
წმინდა მოგება 18,065 5,184 7,638
წმინდა მოგება კაპიტალთან მიმართებაში (%) 15.8% 5.3% 10.5%

ცხრილი: 4 – წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი (ბმული 1, ბმული 2)

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“

ათასი ლარი 2013 წელი 2012 წელი 2011 წელი
კაპიტალი 92,571 70,820 71,447
წმინდა მოგება 13,281 8,417 9,310
წმინდა მოგება კაპიტალთან მიმართებაში (%) 14.3% 11.9% 13%

ცხრილი: 5 – წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი (ბმული 1, ბმული 2)

ფაქტ–მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ როგორია უცხოური ბანკების წლიური წმინდა მოგება. ამისთვის ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო ბანკის მონაცემები მიმოვიხილეთ, რომელსაც ქვემოთ ცხრილების სახით გთავაზობთ.

BBVA

მილიონი ევრო 2013 წელი 2012 წელი 2011 წელი
კაპიტალი 44,815 43,802 40,058
წმინდა მოგება 2,228 1,676 3,004
წმინდა მოგება კაპიტალთან მიმართებაში (%) 5% 3.8% 7.5%

ცხრილი:  6 – წყარო: bbva.com

HSBC BANK

მილიონი ევრო 2013 წელი 2012 წელი
კაპიტალი 32,919 32,200
წმინდა მოგება 2,540 2,425
წმინდა მოგება კაპიტალთან მიმართებაში (%) 7.7% 7.5%

ცხრილი: 7 – წყარო: HSBC BANK

BARCLAYS

მილიონი ევრო 2013 წელი 2012 წელი 2011 წელი
კაპიტალი 63,949 59,986 63,014
წმინდა მოგება 1,297 181 3,868
წმინდა მოგება კაპიტალთან მიმართებაში (%) 2% 0.3% 6.1%

ცხრილი: 8 – წყარო: Barclays.com

როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილებიდან ჩანს, მსხვილი უცხოური ბანკები წლის განმავლობაში, თავიანთ კაპიტალთან შედარებით, პროცენტულად უფრო ნაკლებ წმინდა მოგებას იღებენ ვიდრე საქართველოში. ეს პირველ რიგში კაპიტალზე მოგების ზღვრული ეფექტით აიხსენება, რაც გულისხმობს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, კაპიტალის ზრდასთან ერთად მოგების ნორმა მცირდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული უცხოური ბანკების დიდი მოცულობის კაპიტალის გამო, მოგების დაბალი ნორმაც ნომინალურ გამოსახულებაში მაღალ მაჩვენებელს იძლევა (მაგალითად, 2013 წელს HSBC ბანკმა 2.5 მილიარდი ევროს მოგება მიიღო).

ზემოთ მოყვანილი მოსაზრების გასამყარებლად ფაქტ–მეტრმა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში – სომხეთში და აზერბაიჯანში მოქმედი რამდენიმე ბანკის მონაცემები მიმოიხილა. მაგალითად, სომხური Ameriabank – ის წმინდა მოგებამ 2011 წელს 12%, 2012 წელს – 16.5%, ხოლო 2013 წელს 15.5% შეადგინა (იხ. ბმული: გვ. 9).
თითქმის ანალოგიურად, აზერბაიჯანული AtaBank – ის მოგებამ 2011 წელს 9.8%, 2012 წელს – 11.6%, ხოლო 2013 წელს 10.8% შეადგინა (იხ. ბმულები: გვ. 3–4, გვ.3–4).

შედარებისთვის, ფაქტ–მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ რამდენ პროცენტს უდრის წმინდა საოპერაციო მოგების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, რაც ქვეყნის ეკონომიკაში მოგების საშუალო დონის მაჩვენებელია. ამისთვის ჩვენ საქსტატის შემოსავლების ფორმირების ანგარიში მიმოვიხილეთ.

სტატისტიკის მიხედვით, 2011 წელს ქვეყნის მშპ 24,344 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო წმინდა საოპერაციო მოგება 5,979.1 მილიონ ლარს უდრიდა, რაც მშპ –ს 24.6%–ია. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 22.3%–ს, ხოლო 2013 წელს კი 20.8%–ს უდრიდა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს საბანკო სექტორის მოგება ქვეყნის სხვა დარგების საშუალო მოგებაზე დაბალია.

დასკვნა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2011–2013 წლებში კომერციული ბანკების წლიური მოგება სააქციო კაპიტალთან მიმართებაში 6–16 პროცენტის ფარგლებში იყო, ხოლო უშუალოდ 2013 წელს კი მოგებამ 14.5% შეადგინა. ეს მონაცემები გიორგი ქადაგიძის მიერ დასახელებულ ციფრს და პათოსს იმის შესახებ, რომ ბანკების წლიური მოგება არცთუ მაღალია, ადასტურებენ.

საკითხის კვლევისას ფაქტ–მეტრმა ბანკების წმინდა მოგების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაფიქსირებულ საოპერაციო მოგების წილს შეადარა. ეს მონაცემი ქვეყანაში მოგების საშუალო დონის მაჩვენებელია. შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2011 წელს ქვეყნის მშპ–ში წმინდა საოპერაციო მოგება მშპ –ს 24.6%–ს შეადგენდა. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 22.3%–ს, ხოლო 2013 წელს კი 20.8%–ს უდრიდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საბანკო სექტორის მოგება ქვეყნის სხვა დარგების საშუალო მოგებაზე დაბალია, შესაბამისად ბანკების „სუპერმოგებასა“ და „ზემოგებაზე“ საუბარი მართლაც უადგილოა, როგორც ამას ქადაგიძე აღნიშნავდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი თავისუფალი ეკონომიკის პირობებში იმაზეც შეიძლება დავა, საერთოდ მართებულია თუ არა მსგავსი ტერმინების გამოყენება.

ფაქტ–მეტრის დასკვნით გიორგი ქადაგიძის განცხადება: „კომერციული ბანკების მომგებიანობა წლიურად 14.5%–ია. ეს არის უკუგება კაპიტალთან, ანუ ბანკის წლიური მოგება ჯამური კაპიტალის 14.5% –ია, რაც არ არის არანაირი „სუპერმოგება“ და „ზემოგება“, თუ ასეთი ცნება საერთოდ ბუნებაში არსებობს,“ არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი