იტვირთება

2014

წლის 25 ივლისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მისი სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა. მისი განცხადებით, სამინისტროში „რეალური ცვლილება ის არის, რომ მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით ათჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი (ოთხნახევარჯერ არის შემცირებული ყოველ 10 000 კაცზე გაანგარიშებით). მაგალითად, თუ 23 კაცი კვდებოდა თვეში „ნაციონალების“ მმართველობის დროს, ახლა 7 თვეში არის 9 გარდაცვლილი პატიმარი".

მინისტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „არსებობს სუიციდის პრევენციის პროგრამები და სხვა ღონისძიებები. შარშან ოქტომბერში ჩვენ დავიწყეთ  სუიციდის პრევენციის პროგრამა. ნოემბრიდან 9 თვის განმავლობაში, დღევანდელი დღის ჩათვლით, მომხდარია 1 სუიციდი“.

ფაქტ-მეტრი სოზარ სუბარის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტის შემოწმება გადაწყვიტა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2010 წლამდე სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება არ ხორციელდებოდა. 2006 - 2010 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა მოყვანილია სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში. რაც შეეხება 2012 - 2014 წლებში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკას, ამის შესახებ ფაქტ-მეტრმა საჯარო ინფორმაცია რამდენჯერმე გამოითხოვა (იხილეთ:  ბმული 1, ბმული 2).

მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1: 2006 – 2014 წლებში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა
თვე 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 (ივლისის ჩათვლით)
იანვარი 6 10 5 12 7 11 9 3 2
თებერვალი 3 12 3 9 12 12 10 1 1
მარტი 10 10 8 7 7 21 10 3 3
აპრილი 6 9 5 3 10 10 8 2 0
მაისი 3 7 12 14 13 14 7 2 1
ივნისი 5 7 16 10 10 9 6 1 2
ივლისი 8 11 9 4 13 7 3 1 1
აგვისტო 12 6 6 3 15 14 5 3 -
სექტემბერი 14 6 6 5 15 11 0 1 -
ოქტომბერი 6 8 6 6 14 8 4 2 -
ნოემბერი 10 8 7 7 12 14 2 2 -
დეკემბერი 6 7 7 11 14 9 3 4 -
სულ 89 101 90 91 142 140 67 25 10

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2006–2013 წლებში თვეების მიხედვით სიკვდილიანობის სტატისტიკის შედარებისას ყველაზე მეტი, 21 პატიმარი, 2011 წლის მარტში გარდაიცვალა, ამიტომ სოზარ სუბარის მხრიდან ერთი კონკრეტული მონაცემის განზოგადება და მტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თვეში 23 პატიმარი იღუპებოდა, არამართებულია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2014 წლის 7 თვის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 პატიმარი გარდაიცვალა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვის კლებას, 2010 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2013 წელს სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი დაახლოებით 5.7-ჯერ შემცირდა.

სოზარ სუბარმა სიკვდილიანობის აბსოლუტურ მაჩვენებელზე საუბრისას 2014 წლის 7 თვის მონაცემი გასული წლების სტატისტიკას შეადარა. ინფორმაციის უფრო ზუსტი ანალიზისთვის ფაქტ–მეტრმა 2014 წლის 7 თვეში პატიმართა სიკვდილიანობის მონაცემს გასული წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკა შეადარა.

ცხრილი 2: 2006 – 2014 წლების პირველ 7 თვეში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა
თვე 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 (ივლისის ჩათვლით)
იანვარი 6 10 5 12 7 11 9 3 2
თებერვალი 3 12 3 9 12 12 10 1 1
მარტი 10 10 8 7 7 21 10 3 3
აპრილი 6 9 5 3 10 10 8 2 0
მაისი 3 7 12 14 13 14 7 2 1
ივნისი 5 7 16 10 10 9 6 1 2
ივლისი 8 11 9 4 13 7 3 1 1
სულ 41 66 48 59 62 84 53 13 10

2006-2014

წლების შვიდი თვის მონაცემებით, მიმდინარე წელს პატიმართა სიკვდილიანობის აბსოლუტურმა რიცხვმა, 2011 წელთან შედარებით, 8.4-ჯერ, ხოლო 2013 წელთან შედარებით, 1.3-ჯერ დაიკლო.

პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროსაბჭოს პრაქტიკის თანახმად ყოველ 10 000 პატიმარზე გარდაცვლილთა რაოდენობით გამოითვლება. ფაქტ-მეტრმა 2006-2013 წლებში პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გამოთვალა და სოზარ სუბარის მიერ მოყვანილ რიცხვს შეადარა.

ცხრილი 3: სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2006 – 2014 წლებში
წელი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა სიკვდილიანობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (10 000 პატიმარზე)
2006 15 465 89 57.5
2007 18 309 101 55.1
2008 18 659 90 48.2
2009 21 239 91 42.8
2010 23 684 142 60.0
2011 24 114 140 58.1
2012 19 349 67 34.6
2013 9 093 25 27.5
2014 (ივლისის მონაცემებით) 10 142 10 9.9

სოზარ სუბარმა თავის განცხადებაში არ დააკონკრეტა, თუ რომელი წლის მონაცემს ადარებდა მიმდინარე წლის 7 თვის მაჩვენებელს. თუ შედარებისთვის 2010 წლის მაჩვენებელს ავიღებთ, რომელიც 2006-2013 წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, მაშინ, მასთან შედარებით, 2014 წლის 7 თვეში პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6,1-ჯერ შემცირდა. თუმცა, 7 თვის სტატისტიკის დასრულებული წლის სტატისტიკასთან შედარება არარელევანტურად მიგვაჩნია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს 2010 წლისა და 2013 წლის მონაცემები შეადარა. პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (60) 2010 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2013 წელს 2010 წელთან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2.2-ჯერ შემცირდა და 27.5-ს გაუტოლდა.

სუბარმა განცხადების მეორე ნაწილში სუიციდის პრევენციის პროგრამაზე ისაუბრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით,

პატიმრები სუიციდის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მაგალითისათვის, წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოთავსებულ პატიმრებში სუიციდის მაჩვენებელი ათჯერ მაღალია საზოგადოების დანარჩენ ნაწილში დაფიქსირებულ რაოდენობაზე, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის რაოდენობა სამჯერ მაღალია საზოგადოების დანარჩენ ნაწილში არსებულ იმავე მაჩვენებელზე.

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის შემუშავება 2013 წლის ნოემბრიდან, ხოლო მისი განხორციელება კი იმავე წლის დეკემბრიდან

დაიწყო. პროგრამის მიზანი სუიციდის რისკებისა და სუიციდისკენ მიდრეკილი პატიმრების გამოვლენა და მათთვის დახმარების აღმოჩენა იყო.

სოზარ სუბარის განცხადებით, სუიციდის პრევენციის პროგრამის დაწყების შემდეგ, ნოემბრიდან 9 თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013

წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, სამი შემთხვევა სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ.

ცხრილი 4: სუიციდის სტატისტიკა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
თვე წელი
2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014
იანვარი 1 1
თებერვალი 1 1 1 1
მარტი 1 1
აპრილი 1
მაისი 1 1 1
ივნისი 1 2 2 2
ივლისი 1 1 1 1
აგვისტო 1 1 1 -
სექტემბერი 2 1 1 1 -
ოქტომბერი 1 1 1 1 -
ნოემბერი 1 1 2 1 1 -
დეკემბერი 2 1 2 1 1 2 -
სულ 6 3 5 7 5 2 5 6 4 6 -

დასკვნა

ფაქტ-მეტრმა სოზარ სუბარის განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია გადაამოწმა. მისი განცხადებით, 2014 წლის 7 თვის მონაცემებით სასჯელსაღსრულების დაწესებულებებში სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი ათჯერ, ხოლო სიკვდილიანობის რიცხვი 10 000 კაცზე გაანგარიშებით ოთხნახევარჯერ შემცირდა. მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თვეში 23 პატიმარი იღუპებოდა, მიმდინარე წლის 7 თვეში მხოლოდ 9 პატიმარი გარდაიცვალა. როგორც სტატიაში მოყვანილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2006 – 2013 წლებში თვეების მიხედვით ყველაზე მეტი, 21 პატიმარი, 2011 წლის მარტში გარდაიცვალა. სოზარ სუბარის მიერ მოყვანილი რიცხვი მართალია ახლოს დგას 2011 წლის მარტში დაფიქსირებულ გარდაცვალების შემთხვევებთან, თუმცა მისი ყოველ თვეზე განზოგადება არამართებულია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2014 წლის 7 თვის მონაცემებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 პატიმარი გარდაიცვალა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვის კლებას, ფაქტ-მეტრმა 2013 წლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი გასული წლების მონაცემებს შეადარა. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით პატიმრების სიკვდილიანობის რიცხვი შესამჩნევად  შემცირდა. 2010 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2013 წელს სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი დაახლოებით 5.7-ჯერ არის შემცირებული. თუმცა, ეს მაჩვენებელიც თითქმის ორჯერ ნაკლებია მინისტრის მიერ დასახელებულ ათჯერ შემცირებასთან შედარებით.

ჩვენ პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება 10 000 პატიმარზე გაანგარიშებითაც გამოვთვალეთ. ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს 2010 წლისა და 2013 წლის მონაცემები შეადარა. პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (10 000 კაცზე 60) 2010 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2013 წელს 2010 წელთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2.2-ჯერ შემცირდა და 27.5-ს გაუტოლდა. როგორც ვხედავთ, ეს მონაცემიც საკმაოდ განსხვავდება სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის მიერ დასახელებული ციფრისგან.

სუბარი შეცდა პატიმრებს შორის სუიციდის ფაქტების სტატისტიკაზე საუბრის დროსაც, კერძოდ, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის სამი, სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, და არა 1, როგორც ეს ყოფილმა მინისტრმა განაცხადა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ჩვენ ვასვკნით, რომ სოზარ სუბარის განცხადება საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული სიკვდილიანობის და სუიციდის სტატისტიკის შესახებ, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4020 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი