2014

წლის 5 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გადაცემა „ბიზნესკურიერში“ სტუმრობისას განაცხადა: „2013 წლის მშპ-ში სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის მიერ შექმნილმა შიდა პროდუქტის წილმა იმატა 234 მლნ ლარით. 2013 წლის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვამ 374 მლნ ლარით იმატა და 13,3%-ით გაიზარდა. 2014 წლის პირველ კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბრუნვამ 52%-ით იმატა, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ასევე იმატა გამოშვებამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში, 61%-ით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 100%-ით გაიზარდა 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით და 32 მლნ დოლარი შეადგინა“.

ფაქტ-მეტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის, ნადირობის და სატყეო მეურნეობის, თევზჭერის და მეთევზეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2168,2 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, 1933 მლნ ლარს, 234.9 მლნ-ით აღემატება. შესაბამისად, აღნიშნული სექტორი 2013 წელს წინა წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.

აღნიშნული სექტორის მთლიანი გამოშვების უდიდესი წილი (51%) მეცხოველეობაზე მოდის, მემცენარეობა 41%-ს შეადგენს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მომსახურებას, მეტყევეობას და ხე-ტყის დამზადებას, თევზჭერა-მეთევზეობას შედარებით ნაკლები წვლილი შეაქვთ სოფლის მეურნეობის მთლიან გამოშვებაში (იხ. გრაფიკი 1.).

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოშვებამ 2013 წელს 3180 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება 2014 წლის პირველ კვარტალს, ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ შეადგინა 726 მლნ ლარი, რაც 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე (712 მლნ ლარი) 2%-ით მეტი იყო. შედარებით მაღალი, 7.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა აგრობიზნესის მთლიან გამოშვებაში. აგრობიზნესის გამოშვება, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებას ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვებას მოიცავს. ამ უკანასკნელში ხორბლის ფქვილის, პურის, ორცხობილის და სხვა ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების, ალკოჰოლიანი სასმელების და კვების სხვა პროდუქტების წარმოება იგულისხმება.

გრაფიკი 1.

სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სტრუქტურა – 2013 წელი.

image001

კვირიკაშვილი განცხადებაში სოფლის მეურნეობის სექტორის ნომინალურ ზრდაზე საუბრობდა. ნომინალური ზრდა შეიძლება განპირობებული იყოს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების და/ან გამოშვების რაოდენობის ზრდით. იმის გასაგებად, დაფიქსირდა თუ არა აღნიშნულ სექტორში რეალური ზრდა, რეალურ მაჩვენებლებს უნდა შევხედოთ. საქსტატის მონაცემების მიხედვით, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 2003 წლის ფასებში, 2013 წელს 1505.6 მლნ ლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 134.4 მლნ ლარით აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში რეალური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ნომინალური ზრდა ნაწილობრივ ფასების ზრდით იყო განპირობებული.

გიორგი კვირიკაშვილიმა განცხადების გაკეთებისას არ დააკონკრეტა, თუმცა ის, სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირადაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საუბრობდა და ქვეყანაში განხორციელებულ მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არ გულისხმობდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 914 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სოფლის მეურნეობის წილი განხორციელებულ ინვესტიციებში 3.5%-ია და 32 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2012 წლის იმავე მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნაჩვენებია სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა და მისი წილი მთლიან ინვესტიციებში 2007 წლიდან. როგორც გრაფიკი 2-დან ჩანს, უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი 0.5-დან 3.5%-მდე მერყეობდა. ამ მონაცემებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოფლის მეურნეობა უცხოური ინვესტიციებისათვის ნაკლებად მიმზიდველი სექტორია.

გრაფიკი 2.

image002

2013

წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 70% შემდეგ სექტორებზე მოდის: ენერგეტიკა - 198 მლნ აშშ დოლარი, საფინანსო სექტორი -170 მლნ აშშ დოლარი, ტრანპორტი და კავშირგაბმულობა 138 მლნ აშშ დოლარი, დამამუშავებელი მრეწველობა - 124 მლნ აშშ დოლარი.

  დასკვნა 2013

წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის, ნადირობის და სატყეო მეურნეობის, თევზჭერის და მეთევზეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2168 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, 1933 მლნ ლარს, 234.9 მლნ-ით აღემატება. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოშვებამ 3180 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება 2014 წლის პირველ კვარტალს, ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 726 მლნ ლარი შეადგინა, რომელიც 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, 712 მლნ ლარს, 2%-ით აღემატება. 2013 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 914 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სოფლის მეურნეობის წილი განხორციელებულ ინვესტიციებში 3.5%-ია და 32 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2012 წლის იმავე მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით რომ გიორგი კვირიკშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი