2014

წლის 3 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ 100 000 ოჯახი საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილებით ირჩენს თავს.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ფულადი გზავნილების როლით საქართველოს ეკონომიკაში და აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.

ფულადი გზავნილები უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების მიერ სამშობლოში გამოგზავნილი თანხებია. ფულადი გზავნილების რაოდენობა და წყარო ასევე ინფორმაციას გვაწვდის ქვეყნიდან გასული სამუშაო ძალის შესახებ. ზოგადად, ფულადი გზავნილების დიდი მოცულობა განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც დასაქმების დაბალი დონის და სიღარიბის გამო, სამუშაო ძალის დიდი ნაწილი იძულებულია უცხო ქვეყნის სამუშაო ბაზარზე სცადოს ბედი. ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაში, რადგან მრავალი ოჯახის საარსებო წყაროს წარმოადგენს და სიღარიბის დონეს ამცირებს. თუმცა, რამდენადაც დიდია ფულადი გზავნილების წილი ქვეყნის ეკონომიკაში, იმდენად მაღალია მიმღები ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება დონორ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. კერძოდ, ეკონომიკური კრიზისი დონორ ქვეყანაში ამცირებს მიმღებ ქვეყანაში გადარიცხულ ფულად ნაკადებს, რაც თავის მხრივ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას ამცირებს და მიმღები ქვეყნის მშპ-ზე უარყოფითად აისახება. ფულადი გზავნილების დადებით და უარყოფით მხარეებზე დეტალური ინფორმაცია ასახულია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში. საქართველოში ფულადი გზავნილების სტატისტიკას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უწყების მონაცემებით, 2014 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 834.3 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 419.8 მლნ დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების დაახლოებით 50.3% რუსეთიდან გამოგზავნილი თანხები იყო. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაღალი პროცენტული წილი უჩვენებს, რომ ემიგრანტთა დიდი ნაწილი რუსეთშია დასაქმებული. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთიდან ფულადი გზავნილების დიდი მოცულობა ზრდის ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს რუსეთიდან ფულადი გზავნილების სტატისტიკას 2003-2014 წლების განმავლობაში.

image001 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი [1]

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2003 წლიდან რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდებოდა, ხოლო 2008-2009 წელს რუსეთიდან გამოგზავნილი თანხის ოდენობა 24.3%-ით შემცირდა, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული. 2010 წლიდან კი აღნიშნული მაჩვენებელი კვლავაც აღმავალი დინამიკით ხასიათდება.

ასევე მაღალია რუსეთიდან გადმორიცხული თანხების პროცენტული წილი ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობასთან მიმართებაში, რაც გრაფიკ 2-შია მოცემული.

image002 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, რუსეთიდან ფულადი გზავნილების პროცენტული წილი გზავნილების მთლიან მოცულობაში იზრდებოდა და 2005 წლიდან უცხოეთიდან შემოსული მთლიანი თანხის 50%-ს გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გადმოგზავნილი თანხის მოცულობის მიხედვით რუსეთი, წლების განმავლობაში, პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება დეპუტატის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის აღნიშნავდა, რომ რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილებით 100 000 ოჯახი ირჩენს თავს, ამის დამადასტურებელი პირდაპირი სტატისტიკა არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა საქსტატის მიერ განსაზღვრული საარსებო მინიმუმის საფუძველზე შეემოწმებინა, თუ რამდენი ოჯახის უზრუნველყოფა შეიძლება რუსეთიდან შემოსული თანხით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად აქვეყნებს საარსებო მინიმუმს, რომელიც სხვადასხვა სულადობის ოჯახის საარსებოდაა საჭირო. ქვემოთ მოცემული ცხრილი 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების სტატისტიკას და ასევე რამდენიმე ტიპის ოჯახისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განსაზღვრულ საარსებო მინიმუმს ასახავს.

ცხრილი 1:

 საარსებო მინიმუმი ოჯახის ტიპის მიხედვით

საარსებო მინუმუმი: იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი
ოჯახის ტიპი ორსულიანი

218,5

220,1

220,2

220,5

217,5

212

205,1

სამსულიანი

245,8

247,6

247,8

248

244,7

238,5

230,7

ოთხსულიანი

273,2

275,2

275,3

275,6

271,8

265

256,3

ფულადი გზავნილები რუსეთიდან (მლნ აშშ დოლარი)

46,7

50,5

59,5

61,7

64,2

64,5

72,6

მლნ ლარი

83,3

88,4

104

109,2

113,9

114,2

126,5

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 242-261 ლარის ფარგლებში მერყეობდა. აქედან გამომდინარე, 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში რუსეთიდან გადმორიცხული თანხა საკმარისი იყო 300 000-ზე მეტი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმით უზრუნველსაყოფად. გრაფიკ 3-ში მოცემულია ორ, სამ და ოთხსულიანი ოჯახების ის რაოდენობა, რომლის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაც რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილებითაა შესაძლებელი.

გრაფიკი 3.

ოჯახების რაოდენობა, რომელთა საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაც შესაძლებელია რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, 2014 წ. იანვარი-ივლისი

image003 წყარო: საქართველოს ეროვნული  ბანკი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური [2]

ფაქტ-მეტრი ასევე დაუკავშირდა დეპუტატს, იმის გასარკვევად, თუ რომელ მონაცემზე დაყრდნობით გააკეთა მან აღნიშნული განცხადება. გიორგი გაჩეჩილაძემ განგვიმარტა, რომ იგი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფულადი გზავნილების სტატისტიკას და ერთ-ერთი დამოუკიდებელი კვლევის მონაცემს ეყრდნობოდა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ოჯახების 10% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დაახლოებით მილიონი ოჯახია, აქედან 10%, ანუ 100 000 ოჯახი ფულადი გზავნილებით არსებობს“ - განგვიმარტა დეპუტატმა.

გიორგი გაჩეჩილაძემ კონკრეტული კვლევის დოკუმენტური მასალა ფაქტ-მეტრს ვერ მიაწოდა. თუმცა, ჩვენ მსგავსი თემატიკის კვლევა მოვიძიეთ, რომელიც „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC)

“ 2011 წელს ჩაატარა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის 9% ფულადი გზავნილებით ირჩენს თავს. საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს საქართველოს მოსახლეობა 4469 მლნ კაცს შეადგენდა, რომლის 9%-იც 402 ათას ადამიანს შეადგენს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ფულადი გზავნილების 50%-ზე მეტს რუსეთიდან გზავნილები შეადგენს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპუტატის განცხადება სიმართლეა.

აქვე, დამატებით უნდა აღვნიშნოთ, რომ დეპუტატის განცხადების ძირითადი აზრი არა რუსეთიდან ფულადი გზავნილების იმედზე მყოფი ოჯახების რაოდენობის დადგენა, არამედ რუსეთიდან ფულადი გზავნილების როლის და მათი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის ხაზგასმაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ და ზემოთ მოცემული გრაფიკიდანაც ჩანს, რუსეთიდან ფულად გზავნილებს დიდი წილი უჭირავთ საქართველოში გადმორიცხული თანხების მთლიან მოცულობაშიც. უფრო მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან გზავნილების რაოდენობა პირველ ადგილს იკავებდა. 2013 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებაში 5% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი გათვლები არ არსებობს, მოცემული რიცხვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსეთიდან ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. გამომდინარე აქედან, აღნიშნული გზავნილების მოულოდნელი შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრები ოჯახების გარკვეული ნაწილი საარსებო წყაროს გარეშე შეიძლება დარჩეს, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზეც.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ქვეყანაში შემოსული გზავნილების 50%-ს აღემატება. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, რუსეთი სხვა ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაღალი ოდენობა ასევე ნიშნავს, რომ საქართველოდან ემიგრირებული სამუშაო ძალის დიდი ნაწილი აღნიშნულ ქვეყანაშია დასაქმებული. შესაბამისად, მათი ოჯახები საქართველოში აღნიშნულ ფულად გზავნილებზე არიან დამოკიდებულნი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9% ფულადი გზავნილებით ირჩენს თავს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას და იმ ფაქტსაც, რომ უცხოური გზავნილების 50%-ზე მეტი რუსეთის წილზე მოდის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპუტატის მიერ დასახელებული ციფრი (100 ათასი) რეალობას ასახავს.

ფაქტ-მეტრმა საქსტატის მიერ განსაზღვრული საარსებო მინიმუმის საფუძველზე ასევე შეაფასა, თუ რა რაოდენობის ოჯახის უზრუნველყოფაა შესაძლებელი რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილებით. აღნიშნული შეფასების მიხედვით, რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები საკმარისია 300 000-ზე მეტი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმით უზრუნველსაყოფად. კვლევაში ჩვენ ასევე ვაჩვენეთ, თუ რა გავლენა აქვს ფულად გზავნილებს, მათ შორის რუსეთიდან, ქვეყნის ეკონომიკაზე.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება: „100 000 ოჯახზე მეტი საქართველოში არსებობს სწორედ ამ ქვეყნიდან (რუსეთიდან) გამოგზავნილი ფულადი გზავნილებით“, არის სიმართლე.


[1] 2014*

წლით აღნიშნულია მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემი

[2]

გრაფიკზე მოცემული ოჯახების რაოდენობა დაანგარიშებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განსაზღვრული საარსებო მინიმუმით შეფასების საფუძველზე


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი