მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ფაქტ-მეტრის სერვისის “შეამოწმე შენი ფაქტის” ფარგლებში, ჩვენმა მკითხველმა ლუკა ცისკარიშვილმა კრიმინოგენური ვითარების გაშუქებასთან დაკავშირებით მოგვმართა. კერძოდ, მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას განცხადების გადამოწმება გვთხოვა.

2014 წლის 3 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე ლევან იზორიამ განაცხადა: “მინდა ინფორმაცია მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკვლელობა გახსნილია. ეს არის ერთი, და მეორე, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესებულია, არ არსებობს. ამისთვის, მე მინდა მოვიხმო სტატისტიკა. კერძოდ, 2011 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, ზუსტად იგივე რაოდენობა იყო [მკვლელობების] – 11, რაც გვაქვს 2014 წლის აგვისტოში.აქედან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უწინ მათ გაშუქებას იშვიათად ჰქონდა ადგილი. დღეს თითქმის ყველა მკვლელობა შუქდება. ამაში ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იჩენს აქტიურობას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას. ჩვენი პრესსამსახური მომავალშიც გააგრძელებს ამას”.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, თუ რამდენად გაიზარდა მკვლელობის გაშუქების პროცენტული მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით.

2011 წლისა და 2013 წლის მკვლელობების გაშუქების სტატისტიკასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ლევან იზორიას ეს განცხადება კონკრეტულად 2011 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ანალოგიურ პერიოდს ეხება.

იმისათვის, რომ ლევან იზორიას განცხადება შეგვემოწმებინა, მედია-მონიტორინგის სერვისის მეშვეობით, ჩვენ 2011 წლის აგვისტოში მედია საშუალებებით გაშუქებულ ყველა იმ სიახლეს გავეცანით, სადაც მკვლელობის ფაქტზე იყო საუბარი. შედეგად გაირკვა, რომ მედია საშუალებებმა 2011 წლის აგვისტოში ჯამში 7 მკვლელობა გააშუქეს. ამის შემდეგ, ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებული კრიმინალური სტატისტიკაც ვნახეთ. 2011 წელს სწორედ ეს სამსახური აქვეყნებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2011 წლის აგვისტოში განზრახ მკვლელობის 12 ფაქტი მოხდა, რაც ერთით აღემატება მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებულ რიცხვს. პროცენტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული 12 დანაშაულიდან 58% გაშუქდა.

2011 წლის ანალოგიურად, 2014 წლის აგვისტოში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებულ ყველა სიახლესაც გავეცანით. ჩვენი კვლევის თანახმად, 2014 წლის აგვისტოში ჯამში მედია საშუალებებმა მკვლელობის 6 ფაქტი გააშუქეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის აგვისტოში განზრახ მკვლელობის 10, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 1 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანხმად 11 მკვლელობა მოხდა, რაც ლევან იზორიას მიერ დასახელებულ რიცხვს ემთხვევა. პროცენტულად, მედია საშუალებებმა 2014 წლის აგვისტოში მომხდარი 11 მკვლელობის ფაქტის 55% გააშუქეს.

დასკვნა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით 2011 და 2014 წლის აგვისტოში მკვლელობების რაოდენობა ანალოგიური იყო. მართლაც, 2011 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში მკვლელობების თითქმის თანაბარი რაოდენობა დაფიქსირდა.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დღეს მედია უფრო ხშირად აშუქებს მკვლელობის შემთხვევებს. მისი თქმით, ადრე მკვლელობები ტელევიზიით იშვიათად შუქდებოდა, მაშინ როდესაც დღეს, მკვლელობის თითქმის ყველა ფაქტი გადის ტელევიზიით. ლევან იზორია ამ შემთხვევაში ცდება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2011 წელს მომხდარი მკვლელობების 58%, ხოლო 2014 წელს კი 55% გაშუქდა. როგორც ვხედავთ, 2011 წელს გაშუქების პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც მაღალი იყო 2014 წელთან შედარებით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფაქტ-მეტრს კვლევის დროს გაშუქებული მკვლელობების ინტენსივობა, გაშუქების დრო და ფაქტების გაშუქებისას დასმული აქცენტები არ გაუანალიზებია. მსგავსი დეტალური კვლევის ჩატარება, ბუნებრივია, უფრო სრულყოფილ სურათს მოგვცემდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ლევან იზორიას განცხადება სწორედ გაშუქების პროცენტულ რაოდენობაზე იყო ორიენტირებული, რაც ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა კიდეც. აქვე აღსანიშანავია, რომ მსგავსი განცხადებები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან არაერთხელ გაკეთდა. ფაქტ-მეტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა შეკითხვით, არსებობდა თუ არა უწყების მიერ ჩატარებული მსგავსი კვლევა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად მსგავსი კვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვერ მივიღეთ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან იზორიას განცხადება: “2011 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, ზუსტად იგივე რაოდენობა იყო [მკვლელობების] – 11, რაც გვაქვს 2014 წლის აგვისტოში… უწინ მათ გაშუქებას იშვიათად ჰქონდა ადგილი. დღეს თითქმის ყველა მკვლელობა შუქდება…”, არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია