მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პედაგოგებს შეხვდა. პრემიერმა შეხვედრაზე განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „2012 წლიდან მოყოლებული იზრდება ინვესტიციები განათლებასა და მეცნიერებაში... 60%-ით არის შემცირებული ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე“. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ის პრობლემები, რომლებიც არსებობდა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, ამ მომენტისთვის ნაწილობრივ გამოსწორებულია. უკვე მეორე წელია, რაც სახელმწიფო სკოლის მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს, რაც დიდი შეღავათია ოჯახებისათვის. პრემიერმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ შენდება ახალი სკოლები, 1000-ზე მეტ სკოლაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გამოყოფილი თანხები შევისწავლეთ. აღნიშნული მიმართულებით, 2004–2014 წლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ამსახველი სტატისტიკა ასეთია:

გრაფიკი 1: სახელმწიფოს მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გაღებული თანხები image001 წყარო: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გამოყოფილი თანხების ზრდის დინამიკის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი 2: სახელმწიფო დაფინანსების ზრდა 2005–2014 წწ. image002 წყარო: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2004-2014 წლებში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი თანხის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს დაფიქსირდა როდესაც, წინა წელთან შედარებით სახელმწიფო დაფინანსება 391%-ით გაიზარდა. ამ წლის შემდეგ, თანხების ზრდის პროცენტული მაჩვენებლის კლების ტენდენცია იკვეთება და 2011 წლის მონაცემებით მატება მხოლოდ 1.5%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წლისთვის 6%-მდე იზრდება, 2013–2014 წლებში კი 13%-მდე აღწევს.

ზოგადი განათლების მიმართულებით ოჯახის წლიური ხარჯის 60%-მდე შემცირებაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრი უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ამოქმედებას გულისხმობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, ფაქტ-მეტრი შეეცადა საკუთარი კვლევა ჩაეტარებინა. კერძოდ, ჩვენ შევისწავლეთ სასკოლო წიგნების საბაზრო ღირებულება, გავესაუბრეთ საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს და სასკოლო წიგნების გარდა, სწავლის პერიოდში მშობლის მხრიდან გაწეული სხვა ხარჯებიც გამოვიანგარიშეთ. ხარჯებში შედის ყველა სხვა სასკოლო დანიშნულების ინვენტარი, რაც მოსწავლისათვის არის აუცილებელი (კალამი, ფანქრები, რვეული, სახაზავი, სათლელი, საშლელი, ფარგალი, ტრანსპორტირი).

სასკოლო სახელმძღვანელოების ფასებთან დაკავშირებული ზოგადი სურათის მისაღებად, ფაქტ-მეტრი გაყიდვის რამდენიმე პუნქტს ეწვია და პირველი, მეშვიდე და მეთერთმეტე კლასების სახელმძღვანელოების ფასები გადაამოწმა. მიღებული სურათი ასეთია: პირველი კლასის სახელმძღვანელოების სრულად შესაძენად ფასები 80-დან 100 ლარამდე მერყეობს, მეშვიდე კლასის წიგნების ფასი 100-დან 120ლარამდეა. მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელოების ღირებულება კი 120-დან მაქსიმუმ 170 ლარამდეა. შესაბამისად, საშუალოდ, მშობლის მხრიდან სასკოლო სახელმძღვანელოებზე დახარჯული თანხა 115 ლარია. რაც შეეხება სასკოლო დანიშნულების სხვა სახის ინვენტარს, როგორც მშობლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით გაწეული ხარჯები დაახლოებით 50-დან 80 ლარამდე მერყეობს. თუკი აღნიშნულ თანხებს და წიგნებზე დახარჯული თანხის პროცენტულ მაჩვენებელს გამოვიყვანთ, ვნახავთ, რომ მშობლის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოს შეძენისათვის დახარჯული თანხა ზოგად განათლებაზე დახარჯული თანხის 64%-ს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ე.წ. „უფასო სახელმძღვანელოების პროგრამასაც“ მიმოვიხილავთ, რომელიც 2013 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ამ პროგრამაზე 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16.4 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ინფორმაციით, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისათვის 13.2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ჩნდება კითხვები, თუ რატომ გახდა საჭირო პროგრამის ამოქმედებიდან მეორე წელს ბიუჯეტიდან თითქმის იმავე ხარჯის გაღება, რაც გასულ წელს? ხომ არ მიუთითებს ეს სახელმძღვანელოების ხარისხის პრობლემაზე? რამდენად სწორად იყო პროგრამა დაგეგმილი და შესაძლო რისკები შეფასებული და ასე შემდეგ. ფაქტ-მეტრი განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას და მოგვიანებით, მკითხველს ჩვენი კვლევის შედეგებსაც გავაცნობთ.

  დასკვნა 2004-2014

წლებში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გაღებული თანხის მატების დინამიკა ყოველწლიურად ფიქსირდება. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს (391%) იყო, ყველაზე დაბალი კი - 2011 წელს (1.5 %). 2013 წლიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ბიუჯეტიდან გაღებული თანხის ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2010, 2011 და 2012 წელს დაფიქსირებული მონაცემები.

ფაქტ-მეტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლის მშობლის მხრიდან ზოგად განათლებაზე გაღებული ხარჯის 64% სასკოლო წიგნებზე მოდის. პრემიერ-მინისტრის განცხადების კონტექსიც სწორედ ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა აამოქმედა, ოჯახის ზოგად განათლებაზე დახარჯული თანხა 60%-ით შემცირდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება: „2012 წლიდან მოყოლებული იზრდება ინვესტიციები განათლებასა და მეცნიერებაში... 60 %-ით შემცირდა ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი