2014 წლის 13 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში, საქართველოს პრემიერი-მინისტრი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საუკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, 2013 წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 39 სოფელში სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდა, 20-მდე ამბულატორია აშენდა, საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 470 სტუდენტს უმაღლესი განათლება დაუფინანსდა, რისთვისაც 900 ათასი ლარი გამოიყო. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლის მარტში საოკუპაციო ზოლში მდებარე სოფლების გაზიფიცირების პროცესი დაიწყო, წლის ბოლომდე კი 62 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება.

ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტები გადაამოწმა.

ფაქტ-მეტრი საუკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის შესახებ უკვე წერდა.

სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს. სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროცესში ასზე მეტი ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. სალთვისისა და ტირიფონის საირიგაციო სიტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვარს მიუყვება. ტირიფონის სარწყავი სიტემის რებილიტაციით 14 სოფლის 8500 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწის მორწყვა იქნება შესაძლებელი. სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით კი, განსაზღვრულია 16 სოფლის 9700 ჰექტრამდე სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, ოკუპირებული ზოლის გასწვრივ მდებარე 39 სოფელში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა.

ამბულატორიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ფაქტ-მეტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. 2013 წლის 19 სექტემბრისათვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებში 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიგეგმა, 2014 წლის თებერვალში კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2014

წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით 82 ამბულატორიიდან 72-ის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, ასევე დასრულებულია მათი ინვენტარით აღჭურვა. რაც შეეხება დარჩენილ 10 ამბულატორიას, მათი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულან. ამბულატორიები აშენდა საოკუპაციო ზონის სოფლებშიც, კერძოდ გორის, კასპისა და ქარელის 18 სოფელში.

ფაქტ-მეტრი საოკუპაციო ზოლში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც დაინტერესდა. 2013 წლიდან დღემდე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით,

ქარელი-ყინწვისის მონასტრის საავტომობილო გზის 3.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა იგოეთი-ლამისყანა-ახმაჯის დამაკავშირებელ 8.9 კმ-იან საავტომობილო გზას. ამ დრომდე არ დასრულებულა იგოეთი-კასპი-ახალქალაქის 0.5 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საერთო ჯამში, 2013 წლიდან დღემდე 12.8 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, ამ დროისათვის კი, 12.5 კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2014

სასწავლო წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტებს, რომლებიც აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არიან ჩარიცხული, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N400 დადგენილების საფუძველზე სწავლა დაუფინანსდათ. პროგრამის ფარგლებში, 2013-2014 სასწავლო წელს  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა 471 დაზარალებულმა სტუდენტმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. მათი დაფინანსებისთვის დაახლოებით 900 ათასი ლარი დაიხარჯა.

ფაქტ-მეტრი საკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში გაზიფიცირების პროცესითაც დაინტერესდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით,

ამ დროისათვის გაზიფიცირების სამუშაოები გორის, ქარელისა და კასპის 58 სოფელში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ამ დროისათვის გაზიფიცირების სამუშაოები მთლიანად მხოლოდ კასპის რაიონის ორ სოფელში საკორინთლოსა (69 კომლი) და პანტიანშია (67 კომლი) დასრულებული. დანარჩენ სოფლებში სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა გაზიფიცირების პროცესი დასრულებული არ არის. აღსანიშნავია, რომ გორის რაიონის შავშვების, ნიქოზის, დიცის, შინდისისა და მეჯვრისხევის თემის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები ამ დრომდე დაწყებული არ არის. საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე 58 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება 2014 წლის დეკემბერში იგეგმება.

დასკვნა 2013-2014

წლებში საქართველოს მთავრობა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში სხვადასხვა სახის პროექტებს მართლაც ახორციელებდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით 39 სოფლის საირიგაციო სისტემებით მომარაგების პროექტი განახორციელა.

საოკუპაციო ზონაში მდებარე 17 სოფელში ამბულატორიები აშენდა, ხოლო ატოცში ამბულატორიის ინვენტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. პრემიერი მართალია, როცა ის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საუბრობს. პრემიერის განცხადება ასევე ზუსტია სტუდენტების დაფინანსების თაობაზეც – 2013-2014 წლებში სახელმწიფომ 471 სტუდენტი (საერთო ჯამში 900 ათასი ლარის ოდენობით) დააფინანსა. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე 58 სოფელში მიმდინარეობს (და არა 62-ში, როგორც პრემიერი აღნიშნავს). ამასთან, ზოგიერთ თემში გაზიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5521 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი