იტვირთება

2014 წლის 26 ივლისს, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ მტკვრის კალაპოტის შეცვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მტკვრის კალაპოტის ცვლილების საშიშროება არსებობს და ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად საქართველოს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და მინისტრის განცხადება გადაამოწმა.

მდინარე მტკვარი, ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავეს თურქეთის ტერიტორიაზე, ყიზილგიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთიდან იღებს. მისი საერთო სიგრძე 1515 კმ-ს შეადგენს და სამი ქვეყნის, თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება. მტკვრის სიგრძე ყველაზე დიდი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა - 906 კმ. საქართველოში მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ-ია მოქცეული, ხოლო თურქეთში კი - დაახლოებით 210 კმ.

მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის. სწორედ მტკვრისა და მისი შენაკადების მეშვეობით ირწყვება საქართველოში 315 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია, ხოლო აზერბაიჯანში ეს ფართობი 1 მილიონ ჰექტარს აღწევს. გარდა საირიგაციო ფუნქციისა, მტკვარი ორივე ქვეყნისთვის ჰიდროენერგეტიკული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მტკვარზე აგებულია ისეთი მნიშვნელოვანი ჰესები როგორებიცაა: ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგეჩაურჰესი და ჩითახევჰესი. მტკვრის კალაპოტის ცვლილება, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მასზე აშენებულ ჰესებს და შესაბამისად, ყველა იმ საწარმოს თუ მოქალაქეს, ვინც ამ ჰესების მეშვეობით გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარს.

2012 წლის 20 იანვარს თბილისში გამართულ ენერგეტიკულ ფორუმზე

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა დაადასტურა, რომ არდაგანის ოლქში წყალსაცავების კასკადი „ბეშიქ ჰაია“ აშენდება. ჰიდროელექტროსადგურის აშენების იდეა 2011 წლიდან არსებობს. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მტკვრის კალაპოტის შეცვლის, კერძოდ მტკვრის კალაპოტის მდინარე ჭოროხზე გადართვის იდეა განიხილებოდა. სხვადასხვა  გარემოს დაცვითი ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მტკვარი გადაიკეტებოდა, ხოლო მდინარე კი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ გაივლიდა.

2012 წელს რადიო თავისუფლებას მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ განუცხადა,

რომ თუ თურქეთის საზღვართან მტკვარი გადაიკეტება, საქართველოს საზღვრიდან 5-10 კილომეტრის ქვევით მტკვრის კალაპოტში წყალი აღარ იქნება, სანამ მას საქართველოში არსებული პატარა მდინარეები არ შუერთდება. აღმოსავლეთ საქართველოსთვის მტკვარი მთავარ წყლის არტერიას წარმოადგენს, მისი გადაკეტვა კი, წყლის დეფიციტს გამოიწვევს და აღმოსავლეთ საქართველოში  სასოფლო სამეურნეო მიწების მორწყვის საშუალება შეიზღუდება. გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, პრობლემები აზერბაიჯანსაც შეექმნება, რადგან ის ძირითად წყლის რესურსს მინგეჩაურის წყალსაცავიდან იღებს, რომელსაც სამი მდინარე – იორი, მტკვარი და ალაზანი კვებავს. მწვანეთა პარტიის ლიდერის თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მინგეჩაურის წყალსაცავს წყლის რაოდენობის 10% მოაკლდება.

2012 წლის 20 იანვარს, თბილისში გამართულ ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობისას, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა: "...მტკვარი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამიტომ ამ პროექტთან [„ბეშიქ ჰაია“] დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან გვქონდა შეხვედრები. ვცდილობთ, ამ პროექტის განხორციელების დროს გარემოს მცირე ზარალი მიადგეს და ეკოლოგიური პრობლემები არ წარმოიშვას. შუალედი ამ პროექტის განხორციელებისას უნდა მოვნახოთ და დამიჯერეთ, არაფერია სანერვიულო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ამ პროექტის ჩონჩხი არსებობს“. თანერ ილდიზის განცხადებით, იმ დროისთვის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც მტკვრის კალაპოტს არ შეცვლიდა და არც ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევდა. იმავე ფორუმზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ  შეთანხმება მიღწეულია და მტკვრის რესურსების გამოყენება მიმდინარის კალაპოტის შეუცვლელად განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 21 იანვარს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა,

რომ თურქულმა და ქართულმა მხარემ მტკვრის კალაპოტის შეუცვლელად საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე ჰესის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშენებლობის შესახებ საუბრები ამ განცხადებების შემდეგ აღარ ყოფილა.

2014 წლის 22 ივლისს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშენებლობის შესახებ კვლავ ისაუბრა. მისი განცხადებით, თურქეთის მთავრობამ ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მტკვარი აღარ შემოვა. რამდენიმე დღის შემდეგ, 26 ივლისს ჟურნალისტებმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მიმართეს კითხვით, ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი მტკვრის კალაპოტის მდინარე ჭოროხისათვის მიერთებისგან თავის ასარიდებლად.

კახა კალაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ასეთი საფრთხე არსებობდა და საქართველოს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად არ გააჩნდა. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ თურქულ მხარესთან ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „მომავალ კვირაში ჩემი მოადგილე თურქეთში მიემგზავრება ამ პროექტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ და განვახორციელებთ ერთობლივ პროექტებსაც, რომელიც მდინარე მტკვარზე პრობლემას არ გამოიწვევს. მე იმედი მაქვს, პრობლემა დადებითად მოგვარდება", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

1992 წელს ჰელსინკში ტრანსასაზღვრო მდინარეების გამოყენებისა და დაცვის შესახებ კონვენციას მოეწერა ხელი. კონვენციის მიზანს

მდინარეებისა და მიწისქვეშა წყლების დაცვა და მათი ეკოლოგიურად ჯანსაღი მენეჯმენტი წარმოადგენს. კონვენცია მხარეებს ავალდებულებს, რომ ტრანსსასაზღვრო წყლები მიზნობრივად და სამართლიანად გამოიყენონ და, ასევე, მათი მდგრადი მართვა უზრუნველყონ. მხარეებმა, რომლებსაც ტრანსსაზღვრული წყლები გააჩნიათ, შეთანხმების საფუძველზე ერთობლივი ორგანოები უნდა შექმნან. კონვენციაში ასევე შედის მონიტორინგის, განვითარების, კონსულტაციების, გაფრთხილებისა და განგაშის სისტემები, ურთიერთდახმარება და ინფორმაციის გაცვლა. ამ მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა ჰელსინკის კონვენცია ყოფილიყო, თუმცა არც საქართველო და არც თურქეთი კონვენციის წევრები არ არიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე, კონვენციის ფარგლებში ჩამოყალიბებული წესები და პრინციპები საქართველო-თურქეთის  ტრანსსასაზღვრო წყლის შესახებ დავას ვერ მოაგვარებს.

ფაქტ-მეტრი გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს და მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავჯდომარეს ნინო ჩხობაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, 1927 წელს თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული კონვენციის (Конвенция о водопользовании на пограничных реках, речках и ручьях СССР и Турецкой Республики) თანახმად, რომელიც მტკვარსა და ჭოროხზე  ჩამონადენი წყლის შეწყვეტასა და დონის ხელოვნურად ცვლილებას კრძალავს, ქართულ მხარეს თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები კვლავ ძალაშია, რადგან საქართველო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა. ნინო ჩხობაძემ ასევე აღნიშნა, რომ 1998 წლის 23 მარტს საქართველოსა და თურქეთს შორის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს სამართლებრივ ბერკეტებს აძლევს, ეკოლოგიური ზიანის თავიდან აცილების მიზნით, თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

ფაქტ-მეტრი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძესაც დაუკავშირდა და „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშენებლობის შესახებ თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესით დაინტერესდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამჟამად მოლაპარაკებები „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის ალტერნატიული პროექტის „გურჯ-თურქის“ შესახებ მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, ჰიდროელექტროსადგური თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მტკვრის კალაპოტზე უნდა აშენდეს. ალტერნატიული ჰესი დაახლოებით 710 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, ხოლო „ბეშიქ ჰაია“ 732 მილიონ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მოლაპარაკებების ამ ეტაპზე, ფორმალური შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.

ჩვენს კითხვაზე, გააჩნია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სამართლებრივი ბერკეტები „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშენებლობაზე და შეუძლია თუ არა არ დაუშვას მტკვრის კალაპოტის ცვლილება, ირაკლი ხმალაძემ გვიპასუხა, რომ ქართულ მხარეს ასეთი ბერკეტები არ გააჩნია, ვინაიდან, რამდენადაც მისთვის ცნობილია, თურქეთს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰესის აშენების უფლებას არცერთი საერთაშორისო კონვენცია თუ ხელშეკრულება არ უზღუდავს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მდინარის სათავის მფლობელ ქვეყანას უფლება აქვს მდინარის ნაკადის 50% საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოს, ხოლო „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშენებლობისათვის თურქეთი მტკვრის ნაკადის მხოლოდ 1/5-ს უცვლის მიმართულებას და მდინარე მტკვრის კალაპოტის დაკეტვა არ ხდება. შესაბამისად, არც ყარსის 1927 წლისა და არც 1998 წლის ხელშეკრულებები სამართლებრივ ბერკეტებს საქართველოს მხარეს არ აძლევს, რადგან საუბარია არა მტკვრის კალაპოტის გადაკეტვის შესახებ, არამედ მდინარის კალაპოტის 1/5-სთვის მიმართულების შეცვლაზე. რაც შეეხება 2012 წლის 20 იანვარს საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივად გაკეთებულ განცხადებას შეთანხმების მიღწევის შესახებ, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ მინისტრების მოადგილეებმა ხელი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლს მოაწერეს და სამუშაო ჯგუფი შექმნეს, ხოლო საბოლოო ფორმალური შეთანხებისათვის ჯერ არ მიუღწევიათ და მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 1927 წლის კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, მისი დებულებები  მდინარეების მხოლოდ იმ ნაწილებზე ვრცელდება, რომლებიც სსრკ-თურქეთის საზღვარს გაუყვებიან. შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმება მდინარე მტკვრის მთელ კალაპოტზე, როგორც თურქეთის, ისევე  საქართველოს ტერიტორიაზე ვერ გავრცელდება. მიუხედავად ამისა, კონვენციის მუხლები „ბეშიქ ჰაიას“ მაინც შეიძლება მიესადაგებოდეს, რადგან ჰესის მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი სირთულეები თურქეთსა და საქართველოს შორის მტკვრის კალაპოტში მომდინარე წყლის თანაბარ განაწილებასთან პირდაპირაა დაკავშირებული. 1927 წლის კონვენციის  მე-4, მე-7 და მე-9 მუხლებში, მდინარეების, მათ შორის მტკვრის გამოყენებაზეა საუბარი. კონვენციის მე-4 მუხლში  მხარეთა მიერ წყლის დონის კონტროლის საკითხია გათვალისწინებული. კერძოდ, საუბარია ჰიდრომეტრიული პუნქტების შექმნაზე, რომლებიც საზღვრისპირა წყლის დონის გაზომვასა და კონტროლს მუდმივად მოახდენენ. ამასთან, კონვენციის მე-7 მუხლში მდინარის ტალვეგის[1]

ხელოვნურად შეცვლის შესახებაა საუბარი. კერძოდ, ნათქვამია, რომ „არცერთ მომლაპარაკებელ მხარეს მდინარის ტალვეგის ხელოვნურად შეცვლა არ შეუძლია. სასაზღვრო მდინარეების კალაპოტიდან გადახრის შემთხვევაში, მეორე მომლაპარაკებელი მხარის დროული გაფრთხილების პარალელურად, ორივე მხარე  ინარჩუნებს უფლებას, მარეგულირებელი და შემასწორებელი სამუშაოები ზემოხსენებული მდინარეების ორივე ნაპირზე აწარმოოს". კონვენციის მე-9 მუხლში კი მტკვარზე წყალსაქაჩების მშენებლობის რეგულირებაზეა საუბარი: „ყოველ მხარეს აქვს წყალსაქაჩების აშენების უფლება იმ პირობით, რომ  წყლის მხოლოდ იმ წილს გამოიყენებს, რომელიც მას ეკუთვნის“.

ნიშანდობლია, რომ კონვენცია საქართველოსა და თურქეთს მტკვრის კალაპოტში მიმდინარე წყლის ნაკადის მხოლოდ 50 პროცენტის გამოყენების უფლებას აძლევს. ამასთან ერთად, კონვენცია მტკვარში წყლის დონის კონტროლის კონკრეტულ მექანიზმებსაც გვთავაზობს, ხოლო მე-7 მუხლი პირდაპირ კრძალავს მდინარეების [ამ შემთხვევაში მტკვრის] ტალვეგის ხელოვნურად ცვლილებას. შესაბამისად, თუ „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშენებლობა მტკვრის ტალვეგის ცვლილებას გამოიწვევს, ეს კონვენციის მე-7 მუხლს დაარღვევს, ამ შემთხვევაში კი, ორივე ქვეყანას უფლება აქვს ხელშეკრულების მე-4 მუხლით ისარგებლოს და სამუშაო კომისია შექმნას, რომელშიც  პრობლემურ საკითხებს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თურქული მხარის მიერ წარმოდგენილი პროექტი 1927 წლის კონვენციის არცერთ მუხლს არ ეწინააღმდეგება. თუმცა, ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრმა ვერ დაადგინა, არსებობს თუ არა შესაბამისი კვლევა, რომელშიც ტალვეგის დონის ცვლილების საკითხი  იქნება შესწავლილი.

 დასკვნა

„ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშენებელობის შესახებ პროექტი 2011 წლიდან არსებობს. 2012 წელს თბილისში გამართულ ენერგეტიკულ ფორუმზე, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ მხარეები ალტერნატიული ჰიდროელექტროსადგურის მშენებელობის მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ, რათა თავიდან აერიდებინათ მტკვრის კალაპოტის მდინარე ჭოროხზე გადართვა.

აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების, მათ შორის მდინარეების გამოყენების საკითხს ჰელსინკის 1992 წლის კონვენცია არეგულირებს, თუმცა არც თურქეთი და არც საქართველო ამ კონვენციის წევრები არ არიან. საქართველოსა და თურქეთს შორის გარემოსდაცვით საკითხებს ორი ხელშეკრულება ეხება, კერძოდ, 1927 წლის კონვენცია (Конвенция о водопользовании на пограничных реках, речках и ручьях СССР и Турецкой Республики) და 1998 წლის ხელშეკრულება გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშენებლობაზე არ ვრცელდება, რადგან პროექტის განხორციელების შემთხვევაში მტკვრის ნაკადის 1/5-ის ჭოროხზე მიერთება მოხდება და არა მთლიანად მტკვრის კალაპოტის ჩაკეტვა, როგორც ამას გარემოსდამცველი ორგანიზაციები აცხადებენ. მდინარის რესურსის მფლობელ ქვეყანას მდინარის ნაკადის 50%-ის გამოყენების უფლება აქვს. შესაბამისად, ირაკლი ხმალაძის აზრით, ფორმალური თვალსაზრისით თურქეთის მხარე არცერთ კონვენციასა თუ შეთანხმებას არ არღვევს.

მიუხედავად ამისა, კახა კალაძის განცხადების პათოსი ზუსტად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან 1927 წლის კონვენციაში ასახული მუხლები მტკვრის კალაპოტის ცვლილების თავიდან არიდების სამართლებრივ ბერკეტებს მაინც მოიაზრებს. იმ შემთხვევაში, თუკი „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშნებლობა კონვენციის მე-7 და მე-9 მუხლებს დაარღვევს, კონვენციის მე-4 მუხლი წარმოქმნილი დავის სამართლებრივად დარეგულირების მექანიზმებს იძლევა. შესაბამისად, ქართული მხარეს მტკვრის კალაპოტის მდინარე ჭოროხზე მიერთების თავიდან არიდების სამართლებრივი ბერკეტები გააჩნია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი „ბეშიქ ჰაიას“ ჰესის მშნებელობის პროცესში ყარსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვევა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განცხადება: „რაც შეეხება იმ საშიშროებას, რომ მტკვრის გადაგდება ჭოროხში ხდებოდა, ეს მართლაც არსებობდა და არსებობს ახლაც… თუმცა, ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტები არ გაგვაჩნია ამის თავიდან ასაცილებლად“, არის ნახევრად სიმართლე.


[1]

ხაზი, რომელიც აერთებს ხეობის, ხევის, ხრამის და მისთანათა ფსკერის ყველაზე ღრმა ადგილებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3038 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი