2014 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ არასტანდარტული ვაშლის[1] სუბსიდირების პროექტი დაამტკიცა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

„მიდგომა არის ზუსტად იგივე, როგორიც რთველის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩამბარებელი არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და გადაიხდის 10 თეთრს, მიიღებს 8-თეთრიან სუბსიდირებას სახელმწიფოსგან. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის იმ სურათს, რომელიც წლების მანძილზე იყო. ეს არის უპრეცედენტო, ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს”.

ფაქტ-მეტრი მოცემული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების

მიხედვით, 1 კგ არასტანდარტული ვაშლის არანაკლებ 10 თეთრად შესყიდვის შემთხვევაში, გადამამუშავებელი საწარმოები სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 8 თეთრს მიიღებენ. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით ქ. გორში 10 სექტემბრიდან საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. ამ ეტაპზე არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამამუშავებელი 5 საწარმო იბარებს, ესენია: შპს „სამეგობრო“, შპს „ბიოჯუსი“, შპს „ნატურალ 7“, შპს „გეოფრუტი“და შპს „ჯეოკონცენტრატი“.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარს შეადგენს. მოცემული თანხა 2014 წლის ბიუჯეტში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან იქნება მიღებული და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე მიემართება. სექტემბრის მდგომარეობით, ფერმერებმა 5 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი უკვე ჩააბარეს.

არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საბაზრო ფასი 2013 წელს 7-10 თეთრს შეადგენდა. 2014 წელს კი ფასი რეკორდულ 2 თეთრამდე დაეცა. ტელეკომპანია „დიასთან” საუბარში, შპს „სამეგობროს“ დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ფასის მკვეთრი ვარდნა ევროკავშირის მხრიდან რუსეთში სანქციების გამო ვაშლის ექსპორტის შეჩერებითაა გამოწვეული. რუსეთის ბაზრის დახურვამ პოლონეთსა და მოლდოვაში დიდი რაოდენობით არასტანდარტული ვაშლის რესურსი დააგროვა, რაც ევროპის მასშტაბით ვაშლზე ფასის მკვეთრ დაცემაში გამოიხატა. გამომდინარე აქედან, დაიკლო კონცენტრატის საექსპორტო ფასმაც და საქართველოში მოქმედი ქარხნები 2 თეთრზე მეტს არ იხდიდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წელს არასტანდარტული ვაშლის ფასი (სუბსიდიის გარეშე), ბოლო წლებში ყველაზე დაბალი იყო. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა სუბსიდიის საჭიროებაც.

image001

მთავრობის მიერ გაცემული სუბსიდიით, წლევანდელი ფასის გასული წლების საშუალო საბაზრო ფასთან მიახლოება და მოსავლის თითქმის 100%-ის გაფუჭების თავიდან აცილება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ სუბსიდირების საჭიროება ფერმერის წინაშე თითქმის ყოველ წელს იდგა. არასტანდარტული ვაშლის მოგროვება და ტრანსპორტირება კილოგრამზე საშუალოდ 5-10 თეთრი ჯდება, ამიტომაც ყოველ წელს არსებობდა ფერმერების ის კატეგორია, რომელთაც არ უღირდათ ვაშლის ქარხანაში დაბალ ფასად ჩაბარება. ეს კატეგორია, ბუნებრივია, წლევანდელი სუბსიდიის პირობებშიც არსებობს. სხვა რეგიონებიდან შიდა ქართლში ვაშლის ჩასატანად ტრანსპორტირების უფრო მეტი ხარჯის გაწევაა საჭირო და შესაბამისად, ფერმერი წაგებული რჩება. შედარებით შესამჩნევ მოგებას მხოლოდ ის ფერმერი ნახულობს, რომელსაც ბაღები გორის რაიონთან ახლოს აქვს და მოსავალიც სხვებთან შედარებით მეტი აქვს აღებული. აქედან გამომდინარე, აქამდე არსებულ სურათს წლევანდელი სუბსიდირება ვერ ცვლის, ვინაიდან ფერმერთა ის კატეგორია, რომელსაც არც აქამდე უღირდა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება, არსებითად უცვლელია.

აქვე აღსანიშნავია, რომ არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სუბსიდირებას და მისი რეალიზაციის ხელშემწყობ პროექტს აქამდე საქართველოში პრეცედენტი არ ჰქონია. ამას სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული წერილიც

ადასტურებს.

დასკვნა

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის პროექტის ფარგლებში საწარმოები სახელმწიფოსგან 8 თეთრს იღებენ იმ შემთხვევაში, თუ ფერმერებს ჩასაბარებელ ფასად მინიმუმ 10 თეთრს შესთავაზებენ.

არც საწარმოო ვაშლის სუბსიდირებას და არც მისი რეალიზაციის ხელშეწყობას აქამდე პრეცედენტი არ ჰქონია და მინისტრი განცხადების ამ ნაწილში მართალია. თუმცა, წლების მანძილზე არსებულ სურათს სუბსიდირება ვერ ცვლის, ვინაიდან ამ ნაბიჯით უკიდურესად დაბალი ფასი წინა წლების მაჩვენებლებს მიუახლოვდა და შესაბამისად, სურათიც უცვლელია - ფასი მხოლოდ ფერმერთა გარკვეული ნაწილისთვისაა მისაღები, ხოლო მოგება კი თითქმის ყველასთვის მიზერულია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.


[1]

 არასტანდარტულ ვაშლში იგულისხმება ე.წ. “ნაქარი ვაშლი“, რომელიც ქარის, სეტყვის ან სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად ცვივა ხიდან. არასტანდარტული ვაშლი, ხშირ შემთხვევაში, საკვებად უვარგისია და სტანდარტულ ვაშლთან შედარებით, მისი სიიაფიდან გამომდინარე, ქარხნების მიერ ვაშლის კონცენტრატის (ნარევის) მისაღებად გამოიყენება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5322 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი