იტვირთება

2014

წლის 23 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ 2012 წლამდე „რუსთავი 2“-ში დებატები არ იმართებოდა.

ფაქტ-მეტრი გიგა ბუკიას განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

ჩვენ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, გიორგი ლაფერაშვილს დავუკავშირდით. ის ტელეკომპანიაში 2006 წლიდან მუშაობს. გიორგი ლაფერაშვილის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ეთერში ყოფნის არცერთ ეტაპზე არ განიცდიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების ნაკლებობას, თუმცა 2004 წლიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეკა ხოფერიას „ღამის კურიერის“ დახურვის შემდეგ, ერთ მაგიდასთან ორი ოპონენტის მოწვევა აღარ იყო აქტუალური და მარკეტინგული მიზეზებიდან გამომდინარე ტელევიზიამაც გასართობი მიმართულება აიღო, რაც სხვადასხვა ე.წ. „რეალითი შოუების“ მომზადებაში გამოიხატა. თუმცა, საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური გადაცემების მიმართ ინტერესის კვლავ ზრდის შემდეგ, პოლიტიკური თოქშოუები „რუსთავი 2“-ის ეთერში ისევ განახლდა.

„რუსთავი 2“-მა 2004-2012 წლებში რამდენიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუ მოამზადა. 2004 წელს ამ ტელეკომპანიის ეთერი დებატებს არ ეთმობოდა. 2005-2006 წლებში ტელეკომპანიის ეთერში ეკა ხოფერიას თოქშოუ - „თავისუფალი თემა“ გადიოდა. ეკა ხოფერიას განცხადებით, გადაცემების უმრავლესობა ეთერში დებატების ფორმატით გავიდა და მასში ძირითადად მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები, ასევე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურები. 2007 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერი არ ეთმობოდა პოლიტიკურ თოქშოუს დებატების ფორმატით, მხოლოდ 2007 წლის დეკემბრიდან ინგა გრიგოლიას გადაცემა - „პრაიმტაიმი“ დაიწყო, რომელშიც დებატები იყო წარმოდგენილი. გადაცემა ეთერში 2008 წლის ივნისამდე გადიოდა. ფაქტ-მეტრი დამატებითი ინფორმაციისათვის ინგა გრიგოლიასაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა.

2009

წელს, „რუსთავი 2“-ის ეთერში ნინო შუბლაძის თოქშოუ - „პოზიცია“ გადიოდა. როგორც ნინო შუბლაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, გადაცემაში იყო დებატების ფორმატი და მასში ძირითადად მონაწილეობდნენ დეპუტატები, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიებიდან. 2010-2011 წლებში „რუსთავი-2“-ის ეთერში დებატები კვლავ აღარ იყო, ხოლო 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ ერთი ბლოკი გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანი 2012“-ს ეთმობოდა, რომელიც დებატების ფორმატში მიმდინარეობდა.

წელი

გადაცემა

ავტორი

2004

-

-

2005

„თავისუფალი თემა“

ეკა ხოფერია

2006

2007 (იანვარი - ნოემბერი)

-

-

2007 (დეკემბერი)

„პრაიმტაიმი“

ინგა გრიგოლია

2008 (იანვარი - ივნისი)

2008 (ივლისი - დეკემბერი)

-

-

2009

„პოზიცია“

ნინო შუბლაძე

2010

-

-

2011

-

-

2012 (წინასაარჩევნოდ)

„არჩევანი 2012“

გიორგი გაბუნია

რაც შეეხება პერიოდს 2012 წლიდან დღემდე, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით „რუსთავი 2“-ის ეთერში ნინო შუბლაძის თოქშოუ „პოზიცია“ გადიოდა. გადაცემაში წარმოდგენილი იყო დებატების ფორმატი. 2013 წლის სექტემბრიდან კი, ტელეკომპანიის ეთერში გიორგი გაბუნიას თოქშოუ „არჩევანი“ გადის, რომელიც ასევე დებატების ფორმატისაა.

გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე „რუსთავი 2“-ის თოქშოუებისათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოწვეული მხარეების გადაცემაში მონაწილეობაზე უარი იყო. მმართველი გუნდის მიერ დებატებში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში, განსხვავებული მოსაზრებების წარმოსაჩენად და გადაცემის დასაბალანსებლად, თოქშოუებში სხვადასხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს მოწვევა ხდებოდა საჭირო. გარდა ამისა, გიორგი ლაფერაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ გადაცემაში დებატების ფორმატის გამართვა ბევრად ადვილია, რადგან მხარეები ძირითადად უარს აღარ ამბობენ მასში მონაწილეობაზე.

დასკვნა

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ თოქშოუებში დებატების ელემენტმა მართლაც იკლო, რაც გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით, გარკვეული ხნით საზოგადოებაში დებატების აქტუალურობის დაკარგვას, პოლიტიკური გადაცემების რიცხვის შემცირებასა და შესაბამისად, გადაცემების ფორმატის ცვლილებას უკავშირდებოდა. თოქშოუების ეთერში დაბრუნების შემდეგ, გიორგი ლაფერაშვილის და ნინო შუბლაძის ინფორმაციით, პრობლემას გადაცემაში მოწვეული პოლიტიკური ძალების უარი ქმნიდა – მონაწილეობა მიეღოთ დებატებში. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ 2004 და 2007 წლებში, 2008 წლის პირველ ნახევარში, 2010 და 2011 წლებში ტელეკომპანიის ეთერი არ ეთმობოდა პოლიტიკურ თოქშოუებს და დებატებიც არ იმართებოდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბუკიას განცხადების კონტექსტი მთლიანობაში მართებულია და შესაბამისად მისი განცხადებაც: „დებატებიც კი არ იყო 2012 წლამდე რუსთავი 2-ზე“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4020 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი