იტვირთება

2014

წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით თბილისის მერიიდან  გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭირვალობა“, „სამართლიანი არჩევნები“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ერთობლივ მიმართვაში მერიაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამენ და პოლიტიკური ნიშნით შესაძლო გათავისუფლებების ფაქტებზე საუბრობენ.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

2014 წლის 12 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

„გვსურს თბილისის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას გამოვეხმაუროთ, მათი უკანონოდ გათავისუფლებისა და სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის „ნებაყოფლობით“ დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით. მათი განცხადებით, მსგავს უკანონო ქმედებებში, როგორც წესი, მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ და სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ. ადგილი აქვს, ასევე მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარასაც".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერიის თანამშრომლებზე ზეწოლა პირველად 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში განხორციელდა, ხოლო მეორედ სექტემბრის დასაწყისში. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ორი სპეციალისტის და ამავე სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსის განცხადებით, მათი და სხვა კოლეგების მიმართ ზეწოლა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის - გეგი ნიჟარაძისა და მისი პირველი მოადგილის - დავით მედულაშვილის მიერ განხორციელდა. მათი განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის პირები, კაბინეტში თანამშრომლებს ხელმოსაწერად ნებაყოფობითი გათავისუფლების შესახებ წინასწარ მომზადებულ განცხადებებს ახვედრებენ. განცხადების ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, სამსახურის უფროსისგან მათი საქმეების საგამოძიებო ორგანოების მიერ შესწავლის თაობაზე მუქარა ხორციელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეებს აშკარა თუ ფარული ზეწოლის შედეგად ათავისუფლებენ. ახლადდანიშნული თანამდებობის პირები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებიან  და კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ. სისხლის სამართლის კოდექსი 169-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე“.

2014 წლის 24 სექტემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით მერიისადმი დაქვემდებარებული სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2014

წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ქ. თბილისის მერიიდან სულ 155 ადამიანი გათავისუფლდა. აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე-115; ვადის გასვლის გამო-32; დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო-5; სხვა საფუძვლით-3.

პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული 115 პირიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურიდან 46 პირი გათავისუფლდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციიდან - 34 პირი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან - 9, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებიდან - 26  პირი.

პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს შორის არიან საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსები, საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსის მოადგილეები, საქალაქო სამსახურის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსები, მერის აპარატის უფროსები, შტატგარეშე მოსამსახურეები, მერიის ადმინისტრაციის უფროსი, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა. აღსანიშნავია, რომ მერიამ გათავისუფლებული პირების სახელები და გვარები პერსონალურ მონაცემებად მიიჩნია და ეს ინფორმაცია „სამართლიან არჩევნებს“ არ მიაწოდა.

9

ოქტომბერს მერიის თანამშრომელმა გიორგი ხაბურზანიამ აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე და მისი პირველი მოადგილე დავით მედოლაშვილი გიორგი ხაბურზანიას თანამდებობის დატოვებას აიძულებენ იმ მიზეზით, რომ ის მათი [„ქართული ოცნების“] პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი არ არის.

იმავე დღეს, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ მერიაში დასაქმებული პირების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ განცხადება გაავრცელეს.

  განცხადებაში ნათქვამია, რომ გიგა მაქაცარიამ ზედამხედველობის სამსახურის უფროსისა და მოადგილის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას პირადი საქმის „გაფუჭებით“ დაემუქრნენ.

კახაბერ ბუსკივაძემ, რომელიც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2008 წლიდან მუშაობს, განაცხადა, რომ 2014 წლის აგვისტოს ბოლოს სამსახურის უფროსმა „განუმარტა,“ რომ „გუნდი მიდის, გუნდი მოდის“ და ვინც წამყვან პოზიციებზე მუშაობდა ყველას მოუწევდა სამსახურის დატოვება. ბუსკივაძის ინფორმაციით, უფროსმა ასევე განუცხადა, რომ მის სამსახურში დატოვებას ერთი საფეხურით დაბალ პოზიციაზე ყველანაირად შეეცდებოდა, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული და ზემოდან ელოდებოდა დავალებებს. ბუსკივაძე მიუთითებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული იყო დათანხმებოდა დაქვეითებას და მთავარ სპეციალისტად გადაყვანას.

ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წლის 18 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში იგი ასევე პირადი განცხადების საფუძველზე ორჯერ იქნა დაქვეითებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევებში დაქვეითება პირადი განცხადებების საფუძველზე განხორციელდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები აღნიშნულ პირებს საკუთარი ინიციატივით მიეღოთ და ხელმძღვანელი თანამდებობებიდან რიგით პოზიციაზე გადასვლა საკუთარი გადაწყვეტილებით მოეთხოვათ“.

ფაქტ-მეტრი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დაუკავშირდა. ამ ეტაპზე ორგანიზაცია გათავისუფლებული პირების საქმეებს სწავლობს, უახლოეს მომავალში კი, ის აპირებს პროკურატურას მიმართოს.

  დასკვნა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერიიდან საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამი განცხადება გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ მერიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით გათავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება და სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისაკენ მოუწოდეს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პავლე კუბლაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი