მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, თოქშოუ „არჩევანში“ სტუმრობისას ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „წელს პირველად მოხდა, რომ გვაქვს ვიზიტორების კლება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გაადამოწმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014

წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს 4 187 595 ვიზიტორი ეწვია, რის შედეგადაც ვიზიტორთა რიცხვი 2013 წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.

ფაქტ-მეტრთან საუბარში ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ვიზიტორების კლებაზე საუბრისას ის 2014 წლის იმ ცალკეულ თვეებს გულისხმობდა, სადაც ვიზიტორთა რიცხვის შემცირება დაფიქსირდა. ჩვენ წლიურ მონაცემებთან ერთად, თითოეული თვის მაჩვენებლებიც გავაანალიზეთ.

თუ მიმდინარე წლის თითოეულ თვეში დაფიქსირებულ მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რამდენიმე თვე კლების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, მაისში, ივნისში, აგვისტოსა და სექტემბერში წინა წლის იგივე თვეებთან  შედარებით კლება ფიქსირდება. ფაქტ-მეტრმა 2006 წლიდან დღემდე თითოეული თვის მონაცემი გაადამოწმა.

ცხრილი 1:

ვიზიტორების რაოდენობა თვეების მიხედვით (2006-2014 წწ.)

image001

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში და 2009 წლის სამ თვეში წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით კლება ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში, ომის შემდგომ პეროდში მხოლოდ 5 თვის მანძილზე დაფიქსირდა ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება. მიმდინარე წელს კი ცხრიდან ოთხ თვეში კლება გვაქვს.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ როგორი ტენდენციით ხასიათდებოდა გასულ წლებში საქართველოში  ვიზიტორთა ზრდა.

გრაფიკი 1:

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა ზრდა (2006-2014 წწ. იანვარი-სექტემბერი)

image002

ვინაიდან ამჟამად მხოლოდ 2014 წლის სამი კვარტლის მონაცემებია ცნობილი, ჩვენ შედარებისთვის 2006-2014 წლების ანალოგიური პერიოდი ავიღეთ. როგორც ცხრილიდან ჩანს, 2007 წლიდან დღემდე პირველ სამ კვარტალში ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა. ყველაზე დაბალი პროცენტული ზრდა 2008, 2009, 2013 წლებში იყო, როგორც პირველი 9 თვის, ასევე მთლიანი წლის მონაცემების მიხედვით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2007-2013 წლების პირველ სამ კვარტალში 11%-ზე დაბალი ზრდის ტენდენცია არ დაფიქსირებულა. მიმდინარე წლის 2%-იანი ზრდა კი, წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ  მიმდინარე წელს ვიზიტორთა პროცენტული ზრდა არ იყო იმდენად მაღალი, როგორც წინა წლებში, 2014 წლის სამ კვარტალში საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი 2%-ით მაინც გაიზარდა.

რაც შეეხება 2014 წლის ცალკეულ თვეებს,  წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით კლება ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როგორც ამას  დეპუტატი ამბობს. მსგავსი ტენდენცია გვქონდა 2008-2009 წლების 5 თვეში, როცა ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით შემცირდა.

ფაქტ-მეტრი დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „წელს პირველად მოხდა, რომ გვაქვს ვიზიტორების კლება,“ არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი