მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა: „სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2012 წლის ჩათვლით იყო მუდმივად ზრდადი. 2013 წელს ეს მაჩვენებელი, მათ შორის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შეჩერებულია [შემცირებულია] და 2014 წელს, პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველა მონაცემით მოსალოდნელია კლება. 1989 წლის შემდეგ მსგავსი მომენტები ჩვენ ქვეყანაში არ ყოფილა“.

ფაქტ-მეტრი ზვიად ძიძიგურის განცხადებით დაინტერესდა და ქვეყანაში არსებული სიკვდილიანობის მაჩვენებლის სტატისტიკური მონაცემები გაანალიზა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,

 2013 წელს 48 553 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2012 წელს 49 348 გარდაცვლილი დაფიქსირდა. შესაბამისად, 2013 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 1.6%-ით შემცირდა. 2013 წელს გარდაცვალების კოეფიციენტი (1000 მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა) 10.8 იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.2 პუნქტით ნაკლებია.

image001

როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, 2001-2013 წლებში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 11.3 2004 წელს დაფიქსირდა. 2005 წლიდან სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო, ხოლო 2008 წლიდან კი კვლავ გაიზარდა. გარდაცვალების მაჩვენებელი მცირედით შემცირდა 2012 და 2013 წლებში.

ზვიად ძიძიგურმა თავის განცხადებაში ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზეც გაამახვილა ყურადღება. ბავშვთა სიკვდილიანობას შესახებ კვლევებს გაეროს უწყებათაშორისი ჯგუფი IGME (Inter-Agency Group for Child Mortality Estimation) აწარმოებს. სწორედ მათ მონაცემებზე

 დაყრდნობით გავაანალიზეთ ბავშვთა სიკვიდილიანობის მაჩვენებლები (იხ. გრაფიკი 2). 2013 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.9 პუნქტით შემცირდა. 2001-2013 წლების სტატისტიკის მიხედვით, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება.

image002

დასკვნა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.6%-ით, ხოლო გარდაცვალების კოეფიციენტი 0.2 პუნქტით შემცირდა. თუმცა, 2012 წლის ჩათვლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნამდვილად არ ყოფილა მუდმივად ზრდადი, როგორც ამას ზვიად ძიძიგური აცხადებს. 2001-2013 წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეინიშნებოდა როგორც ზრდის, ასევე კლების ტენდენციები. რაც შეეხება ბავშვთა სიკვდილიანობას, 2013 წელს ეს მაჩვენებელიც შემცირდა, თუმცა 2001-2013 წლების სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ის ყოველწლიურად მცირდებოდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზვიად ძიძიგურის განცხადება: „სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2012 წლის ჩათვლით მუდმივად იზრდებოდა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი, მათ შორის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შემცირდა,“არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი