იტვირთება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ღვინის სააგენტოს უფროსთან და მხარის გუბერნატორთან ერთად რაჭაში მიმდინარე რთველის დროს საკოორდინაციო შტაბი მოინახულა. მინისტრის განცხადებით: „რაჭაში დღეის მდგომარეობით [11 ოქტომბერი] 600 ტონაზე მეტი ყურძენია მოკრეფილი, მოსახლეობის შემოსავალმა კი 5 მილიონ ლარს მიაღწია. დაახლოებით 100-150 ტონა ყურძნის მოსავალი კიდევ არის დარჩენილი“.

ფაქტ-მეტრი რაჭაში რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა და მინისტრის განცხადება გადაამოწმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოში რთველი 2014-ის მიმდინარეობის სტატისტიკა, მათ შორის რაჭის სტატისტიკაც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში სულ 6 984 800 ლარის ღირებულების 873.1 ტონა „ხვანჭკარას“ ღვინის მასალა (ყურძნის „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“ ჯიშები) დაკრეფილი. დაიკრიფა 7 055 842 ლარის ღირებულების 927 ტონა სხვა სახეობის ყურძენიც. 2014 წლის 17 ოქტომბრის მონაცემით, სულ რაჭაში დაკრეფილი იყო 1800 ტონა ყურძენი და მოსახლეობის შემოსავალმა 14 040 642 ლარი შეადგინა.

2013 წელს რაჭაში 1993 ტონა ყურძენი დაიკრიფა და მოსახლეობის შემოსავალმა 14 445 378 ლარი შეადგინა, საიდანაც „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი 996.1 ტონა იყო (7 968 800 ლარი), ხოლო სხვა ჯიშის ყურძენი – 997 ტონა (6 476 578 ლარი).

ცხრილი 1: რაჭაში დაკრეფილი ყურძნის მოცულობა და ჯამური ღირებულება, 2013-2014 წწ.

ხვანჭკარა

თანხა

სხვა

თანხა

სულ

თანხა

2014 წ. 873.1ტ. 6 984 800ლ. 927 ტ. 7 055 842ლ. 1800 ტ. 14 040 642ლ.
2013 წ. 996.1ტ. 7 968 800ლ. 997 ტ. 6 476 578ლ. 1993 ტ. 14 445 378ლ.

რაჭაში მიმდინარე რთველთან დაკავშირებით ღვინის სააგენტოს მთავარ სპეციალისტს პეტრე მესხიძეს ვესაუბრეთ. მისი ინფორმაციით, რაჭაში რთველი თითქმის დასრულებულია. წელს სეტყვის და მაღალი ტემპერატურის გამო რაჭაში მოსავლის გარკვეული ნაწილი დაზიანდა და ყურძენმა ჩაბარებისთვის საჭირო ხარისხი დაკარგა. ამიტომ, შარშანდელთან შედარებით, სავარაუდოდ ნაკლები ყურძენი დაიკრიფება. თუმცა, 2014 წლის რაჭის რთველის სტატისტიკური მონაცემი საბოლოო არ არის, ამ მონაცემების თითქმის ყოველდღიური განახლება ხდება. რაც შეეხება ფასს, შარშანდელი რეკორდული ფასი წელსაც შენარჩუნებულია, რადგან „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენზე მოთხოვნა დიდია და შესაბამისად, ფასიც მაღალია - 1 კილოგრამის ფასი 8 ლარს შეადგენს. ამ ფაქტორის გამო 2010 წლიდან ამ ყურძნის ჯიშების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან აღარ ხორციელდება. პეტრე მესხიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რაჭაში ყურძენს ღვინის 14 კომპანია იბარებს.

ღვინის სააგენტოში ასევე დაგვიდასტურეს, რომ 11 ოქტომბრის მონაცემით რაჭაში 600 ტონაზე მეტი „ხვანჭკარას“ („ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“) ჯიშის ყურძენი იყო დაკრეფილი და იმ დროისთვის მოსახლეობის შემოსავალმა 5 მილიონ ლარს მიაღწია.

 

დასკვნა

2014 წლის 17 ოქტომბრის მონაცემით, რაჭაში 1800 ტონა ყურძენია დაკრეფილი, მათ შორის „ხვანჭკარას“ ღვინის მასალა (ყურძნის „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“ ჯიშები) - 873 ტონა. მოსახლეობის შემოსავლებმა 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის „ხვანჭკარას“ მასალიდან მიღებული შემოსავალი 7 მილიონ ლარამდეა. ღვინის სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით და ამ სააგენტოს მთავარი სპეციალისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვასკვნით, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადება: „რაჭაში, დღეის მდგომარეობით, მოკრეფილია 600 ტონაზე მეტი ყურძენი. მოსახლეობის შემოსავალმა 5 მილიონ ლარს მიაღწია,“ არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი