მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ვინაიდან ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა ტენდენცია, როცა ექსპორტი მცირდებოდა. ეს [ექსპოერტის ზრდა] გამოიწვია მთვარობის ძალისხმევამ ადგილობრივი საწარმოების განვითარებაზე... ასევე [ექსპორტის ზრდაზე] რუსეთის ბაზარმა იმოქმედა ძალიან სერიოზულად“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენად გაიზარდა ექსპორტი, იყო თუ არა წინა წლებში მისი შემცირების ტენდენცია და ასევე, თუ რა გავლენა იქონია რუსეთის ბაზარმა ექსპორტის ზრდაზე. ჩვენ ეკონომიკის მინისტრის განცხადების ფაქტობრივი სიზუსტე გადავამოწმეთ.

ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტი მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს დაახლოებით 24%-ით შემცირდა (2009 წელი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი წელი, ასევე მსოფლიოს ფინანსური კრიზისის პერიოდი, რამაც უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზე. 2009 წელს უარყოფითი, მინუს 3.8 %–იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა). 2010 წლიდან ექსპორტის ზრდა დაიწყო და 2010-2014 წლების მონაცემებით, ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, 2011 და 2012 წლებში ექსპორტის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე დაბალი იყო (იხ. გრაფიკი 1). იგივე სურათი გვაქვს 2014 წელსაც, იანვარ-სექტემბრის

 მონაცემებით, ექსპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა და 2 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 14%-ით გაიზარდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მესამე კვარტალში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 6.2 %-ით შემცირდა.

გრაფიკი 1:

ექსპორტის მაჩვენებლები 2009–2014 წწ.

image001

*2014

წლის სტატისტიკაში ასახულია 9 თვის (იანვარ-სექტემბრის) მონაცემები.

ჩვენ ასევე გავაანალიზეთ, თუ რა წილი უჭირავს ექსპორტში რუსეთის ბაზარს. 2012 წელს რუსეთის ბაზარზე 45.8 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 2% იყო. 2013 წელს რუსეთში 190 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის 6.5%-ია. 2014 წლის 9 თვის მონაცემებით,

 რუსეთის ბაზარზე 212 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. როგორც ვხედავთ, რუსეთის ბაზარზე ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა მთლიან ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილიც.

2014

წლის პირველი სამი კვარტლის 6.7 %-იანი ზრდა ძირითადად რუსეთში ექსპორტის ზრდამ განაპირობა. პირველ 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში ექსპორტი გაორმაგდა, 104 მილიონი დოლარიდან 212 მილიონ დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდის გარეშე 2014 წლის სამი კვარტლის ექსპორტი მხოლოდ 1.3%-ით გაიზრდებოდა. 2014 წელს ექსპორტი შემცირდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის: აზერბაჯანში - 102 მლნ აშშ დოლარით, უკრაინაში - 8 მლნ აშშ დოლარით, ირანში - 10 მლნ აშშ დოლარით, კანადაში - 30 მლნ აშშ დოლარით, ბელგიაში - 8 მლნ აშშ დოლარით, მოლდოვაში - 7 მლნ აშშ დოლარით, ყაზახეთში - 5 მლნ აშშ დოლარით.

რუსეთის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში სულ უფრო და უფრო იზრდება. ამასთან, საქართველოს მთავრობის მოსაზრებითაც, მუდმივად არსებობს იმის რისკი, რომ რუსეთმა პოლიტიკური მოტივაციით კვლავ შეიძლება დაუკეტოს თავისი ბაზარი ქართულ პროდუქციას. შესაბამისად, საქართველოს საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიული დივერსიფიცირების შემცირების ხარჯზე რუსეთის წილის ზრდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების საწინააღმდეგო რისკებს ზრდის და ჩვენს ეკონომიკას სულ უფრო მოწყვლადს ხდის რუსეთის პოლიტიკის მიმართ.

დასკვნა 2013

წელს ექსპორტი წინა წელთან შედარებით 22.4%-ით გაიზარდა და 2 908 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა და 2 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროცენტული ზრდის მაჩვენებელი 7.3% პუნქტით შემცირდა.

ეკონომიკის მინისტრი მართალია, როცა ექპსორტის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. თუმცა, მისი განცხადების კონტექსტი, რომ წინა წლებში ექსპორტის შემცირების ტენდენცია გვქონდა, არაზუსტია. ექსპორტის შემცირება 2010-2012 წლების მონაცემებით არ დაფიქსირებულა. 2011 და 2012 წლებში შემცირდა მხოლოდ ზრდის პროცენტული მაჩვენებელი. ანალოგიური ვითარებაა 2014 წელსაც. ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.2%-ით შემცირდა.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში ექსპორტი გაორმაგდა და მან მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10% დაიკავა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილი განცხადება: „ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა... ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტის შემცირების ტენდენცია გვქონდა,“ არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი