იტვირთება

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ სხვადასხვა საკანონმდებლო პროექტები წარადგინა. გამოსვლისას დეპუტატმა ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით: „საქართველო ჯერ კიდევ არის ბიომრავალფეროვნების 15 ქვეყანაში. 25 იყო, 15 დარჩა. 15 ქვეყანაში, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ქვეყნის ბიომრავალფეროვნებით და ზურაბ ტყემალაძის განცხადება გადაამოწმა.

განცხადების დაზუსტებისას გაირკვა, რომ დეპუტატი ბიომრავალფეროვნების „ცხელ წერტილებზე“ საუბრობდა.

საქართველოს ბიომრავალფეროვნების რესურს–ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო, როგორც კავკასიის შემადგენელი ნაწილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) 200 გლობალური ეკორეგიონის ნუსხაში შედის. ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის და მისი განადგურების საფრთხის გათვალისწინებით, დღეისათვის მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 34 „ცხელ წერტილს“ გამოყოფენ. საქართველოს ტერიტორია ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებში შედის. კერძოდ, კავკასიის (საქართველოს უმეტესი ნაწილი) და ირან-ანატოლის (სამხრეთ საქართველო) რეგიონებში.

როგორც ზოგადად მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ბიომრავალფეროვნების ძირითად საფრთხეებს წარმოადგენს: ჰაბიტატების (საბინადრო გარემოს) განადგურება/დეგრადაცია (გარემოს დეგრადაციის ყველაზე მზარდი კომპონენტი ტყეების განადგურებაა), ბიოლოგიური რესურსების ჭარბი ან არალეგალური მოპოვება (ნადირობა, თევზჭერა, ტყის ჭრა), გარემოს დაბინძურება.

1994 წელს საქართველო ბიომრავალფეროვნების კონვენციას შეუერთდა, რომელიც 1992 წელს შეიქმნა. აღნიშნული კონვენციის თანახმად, ქვეყანა ვალდებულია ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენებისათვის შესაბამისი სტრატეგია შეიმუშავოს. ამასთან, ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილებაც უნდა უზრუნველყოს.

2005 წელს საქართველომ პირველი „საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“ დაამტკიცა. დოკუმენტი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ასევე მდგრადი გამოყენების 10 წლიან სტრატეგიას და კონკრეტული ქმედებების 5 წლიან გეგმას განსაზღვრავს.

2011 წელს განახლდა ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის, N343 დადგენილების თანახმად, „2014-2020 წლებში საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“ დამტკიცდა. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კავკასია ბიოლოგიური მრავალფეროვნების მხრივ ერთ-ერთ გამორჩეულ რეგიონადაა აღიარებული. Conservation International-ის მიერ განსაზღვრულ ბიომრავალფეროვნების 34 „ცხელ წერტილებიდან“ საქართველო შედის კავკასიისა და ირან-ანატოლის შემადგენლობაში.

image001

როგორც ვხედავთ, დღეისთვის ბიომრავალფეროვნების 34 „ცხელ წერტილს“ გამოყოფენ და ამას არაერთი წყარო ადასტურებს. ჩვენ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძესაც მივმართეთ, მოეწოდებინა ჩვენთვის წყარო, რის საფუძველზეც მან განაცხადა, რომ „ბიომრავალფეროვნების ქვეყნები 25-დან 15-მდე შემცირდა“. ჩვენთან საუბარში „მრეწველებმა“ განმარტეს, რომ დეპუტატი ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებზე საუბრობდა და შესაბამისი ინფორმაციის წყაროც მოგვაწოდეს. „მრეწველების“ მიერ მოწოდებული საინფორმაციო სტატიიდანაც ჩანს, რომ ბიომრავალფეროვნების რუკაზე 34 „ცხელი წერტილია,“ სადაც მე-15 ნომრად კავკასიის რეგიონია მონიშნული, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაც შედის. თუმცა, უშუალოდ ის ფაქტი, რომ „ცხელი წერტილების“ რაოდენობა 25-დან 15-მდე შემცირდა არ დასტურდება.

დასკვნა

კავკასია, რომელიც საქართველოს ტერიტორიას მოიცავს, ბიოლოგიური მრავალფეროვნების მხრივ ერთ-ერთ გამორჩეულ რეგიონადაა აღიარებული. ის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალური ეკორეგიონის ნუსხაში შედის. დღეისთვის ბიომრავალფეროვნების 34 „ცხელი წერტილია“ აღიარებული (ბიოლოგიურად უმდიდრესი და ამავდროულად ყველაზე მეტად საფრთხის წინაშე მყოფი ხმელეთის ეკორეგიონები). საქართველოს ორი „ცხელი წერტილის,“ კავკასიის და ირან-ანატოლის შემადგენლობაში შედის.

ზურაბ ტყემალაძის განცხადების კონტექსტი, საქართველოს ბიომრავალფეროვნების გლობალურ მნიშვნელობაზე სიმართლეს შეესაბამება. ფაქტ-მეტრი ასევე იზიარებს მისი განცხადების პათოსს, რომ ბიომრავალფეროვნებას დაცვა სჭირდება. თუმცა ფაქტია, რომ ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებში არა 15 ქვეყანა, არამედ 34 რეგიონი შედის. ამასთან, აღნიშნული რეგიონების შემცირების ფაქტი არ დასტურდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ტყემალაძის ეს განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

4670 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი