მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა ყურადღება დირექტორების სერტიფიცირების კონკურსზე გაამახვილა და განაცხადა: „2 წელია განათლების სამინისტრო ატარებს დირექტორთა არჩევნებს. სკოლების სამეურვეო საბჭოების 80%-ს ერთი კანდიდატი წარედგინათ, ანუ [სამეურვეო საბჭოებს] ფაქტიურად არ მისცეს არჩევანის საშუალება და აჭარაში, ამ საკითხში, ადგილობრივი ორგანოები საერთოდ არ ჩართეს“.

ფაქტ-მეტრი სერგო რატიანის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

დირექტორების სერტიფიცირების კონკურსის თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის, #25/ნ ბრძანების

თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპს, სერტიფიცირებასა და დირექტორობის კანდიდატების სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენას მოიცავს. თავის მხრივ, სერტიფიცირების ეტაპი კანდიდატების რეგისტრაცია/ტესტირებისა (რომელიც ელქტრონულად ტარდება) და გასაუბრებისაგან შედგება.

ახალი მთავრობის პირობებში დირექტორების შესარჩევი კონკურსი 2013 წლის 25 ივლისს დაიწყო და 2013 წლის 26 დეკემბერს დასრულდა. სერტიფიცირების ეტაპი წარმატებით 981-მა კანდიდატმა გაიარა. 2014 წლის დასაწყისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტესტირების ახალი ეტაპი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც სერტიფიცირების ეტაპი წარმატებით დირექტორობის 327-მა კანდიდატმა გადალახა.

ფაქტ-მეტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა და მათგან დირექტორების სერტიფიცირების კონკურსის შესახებ უახლესი ინფორმაცია გამოითხოვა. უწყბიდან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ყველა ეტაპი (ტესტირება, გასაუბრება, სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენა) წარმატებით 583-მა კანდიდატმა გადალახა. მათ შორის არიან ისეთი პირებიც, რომელთაც დირექტორობის დამადასტურებელი სერტიფიკატი 2011 წელს უკვე მოპოვებული ჰქონდათ, ხოლო კომისიის წინაშე წელს წარდგნენ. წერილში ასევე განმარტებულია, რომ მოცემული მომენტისთვის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი კვლავ მიმდინარეობს და ყველა რეგიონის შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით სრულად არ მოეპოვებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დირექტორობის უფლების მქონე პირების სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენა გარკვეულ რეგიონებში უკვე განხორციელდა და ეს ეტაპი ამჟამადაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი და რამდენი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის მოხდა დირექტორობის კანდიდატთა წარდგენა, ამის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული (ბმული #1ბმული #2ბმული #3ბმული #4).

ინფორმაციის თანახმად, დირექტორობის კანდიდატები ასარჩევად შემდეგი რაიონების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს წარედგინათ: თბილისი, რუსთავი, თელავი, წალენჯიხა, ზუგდიდი, აბაშა, სენაკი, მცხეთა, ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, სიღნაღი, ყვარელი, დაბა თიანეთი, დაბა ყაზბეგი, საგარეჯო წყალტყუბო, სამტრედია, დუშეთი და მარტვილი. აღნიშნული რაიონების საჯარო სკოლებიდან, 455 საჯარო სკოლას, ანუ დაახლოებით 80%-ს ასარჩევად დირექტორობის თითო კანდიდატი წარედგინათ. როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს ფაქტი ორი მიზეზით ახსნა. პირველი, ეს არის შესაბამისი კვალიფიკაციის, ანუ სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატების ნაკლებობა და მეორე, დირექტორობის კანდიდატების მხრიდან განაცხადში ერთი, მაქსიმუმ ორი საჯარო სკოლის მითითება. შესაბამისად, საჯარო სკოლების უმრავლესობაში წარგენილი ერთი კანდიდატურაც სწორედ ამითიყო განპირობებული.

თავად სერგო რატიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საჯარო სკოლის დირექტორების თითქმის ორწლიანი კონკურსისშემდეგ, დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის არარსებობა უკვე პრობლემაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარემ, მარიამ რამინაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დირექტორების სერტიფიცირების კონკურსის შესახებ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია, რადგანაც პროცესი არ დასრულებულა, თუმცა თბილისის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სკოლების 30%-ში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის თითო კანდიდატი წარედგინათ, რეალურად კი, კონკრეტულ საჯარო სკოლებში დირექტორად მუშაობის სურვილი მეტმა სერტიფიცირებულმა კანდიდატმა გამოთქვა და საჭირო ელექტრონული განაცხადიც შეავსო. შედეგად, დაახლოებით 90 კანდიდატი დაიბლოკა. მაგალითად, 87-ე სკოლაში დირექტორობის სურვილი 17-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს არცერთიმათგანი არ წარუდგინეს. 53-ე სკოლაშიც შესაძლებელი იყო რამდენიმე კანდიდატის წარდგენა, მაგრამ საბოლოო ჯამში სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ერთი წარედგინა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბრძანებაში, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის წესს არეგულირებს, ცვლილებები შევიდა. ბრძანების პირველადი ვერსიის თანახმად დირექტორობის კანდიდატი შესაბამის განაცხადს ავსებდა და სასურველ საჯარო სკოლას/სკოლებს უთითებდა. ცვლილებების შედეგად ბრძანებას ახალი 20 მუხლი დაემატა. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენამდე, ვალდებულია მის მიერ შერჩეული სკოლის/სკოლების განვითარების სტრატეგიული გეგმა შესაბამის კომისიას წარუდგინოს. საბოლოო ჯამში სწორედ ეს კომისია წყვეტს სერტიფიცირებული დირექტორის სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის საკითხს. სწორედ აღნიშნულ ცვლილებას მიიჩნევს მარიამ რამინაშვილი დირექტორობის კანდიდატების „დაბლოკვის კიდევ ერთ საშუალებად“. მისი თქმით, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, რომლის საშუალებითაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მისთვის არასასურველი კანდიდატების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის პროცესი შეაფერხა. მიუხედავად ამისა, ცალსახად მტკიცება, რომ აღნიშნული ცვლილება არასასურველი კანდიდატების დასაბლოკად განხორციელდა, ფაქტ-მეტრს არ შეუძლია.

დასკვნა

დღეისათვის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების დაახლოებით 80%-ს ასარჩევად დირექტორობის თითო კანდიდატი წარედგინათ. ბრძანებაში, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის წესს განსაზღვრავს, ცვლილება შევიდა. შედეგად დირექტორობის კანდიდატებისათვის გასაუბრების სახით კიდევ ერთი, დამატებითი ბარიერი გაჩნდა.

ძველი წესის თანახმად, სამეურვეო საბჭოსთვის კანდიდატის წარდგენა განაცხადის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ხდებოდა. კანდიდატს მის მიერ შერჩეული სკოლის/სკოლების განვითარების შესახებ სტრატეგიული გეგმა სამეურვე საბჭოსთვის უნდა წარედგინა. ახალი წესით კი, აღნიშნულ პროცედურას კიდევ ერთი – გასაუბრება დაემატა. კერძოდ, კანდიდატი ვალდებული გახდა არჩეული სკოლის/სკოლების განვითარების სტრატეგიული გეგმა კიდევ ერთი კომისიის წინაშე წარადგინოს.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დეპუტატ სერგო რატიანის განცხადება: „2 წელია განათლების სამინისტრო დირექტორთა არჩევნებს ატარებს. სკოლების სამეურვეო საბჭოების 80 %-ს ერთი კანდიდატი წარედგინათ, ანუ [სამეურვეო საბჭოებს] ფაქტიურად არჩევანის საშუალება არ მისცეს,“ არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი