საქართველოს ეკონომიკა რუსეთს მიება

რომან გოცირიძე: საქართველოს ეკონომიკა რუსეთს მიება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ რომან გოცირიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს

რუსეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2021-2024 წლებში, საქართველო-რუსეთს შორის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 55%-ით გაიზარდა. ცვლილების ძირითადი მიზეზი ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის იმპორტის ზრდა გახდა. გაიზარდა როგორც შესყიდული პროდუქციის რაოდენობა და ფასი, აგრეთვე წილობრივი დამოკიდებულება.
რუსეთში პირდაპირი ექსპორტი 3 წელიწადში მხოლოდ 5%-ით გაიზარდა, სამაგიეროდ ყაზახეთსა და ყირგიზეთში, ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე, 795%-იანი და 4100%-იანი ზრდები დაფიქსირდა. არაბუნებრივი ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ლოგიკურია, თუ დავუშვებთ, რომ ავტომობილთა საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთია.
ადგილობრივ ექსპორტში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე რუსეთის წილი ომამდეც მაღალი იყო და ომის შემდეგ დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა როგორც ღვინოზე, ასევე სპირტიან სასმელებზე. ხილ-ბოსტნეულზე აღნიშნული დამოკიდებულება 80%-სა და ზოგ შემთხვევაში 90%-საც აღემატება.
მშპ-ის ზრდის ტემპში დამატებითი გავლენა რუსულმა IT კომპანიებმაც იქონია. თუმცა მათი როლის ზომის ზუსტად განსაზღვრა რთულია.
რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები ცალსახად გაზრდილია, თუმცა ერთია დამოკიდებულების ზრდა და მეორე რამდენად კრიტიკულია ეს ზრდა და რამდენად შეიძლება შეფასდეს ის, როგორც ერთი ქვეყნის ეკონომიკის მეორეზე მიბმა. იმის გათვალისწინებით, რომ დამოკიდებულების ზრდის ზომისა და ხარისხის ზუსტად განსაზღვრა საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.

ანალიზი:

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ „ტვ ფორმულას“ ეთერში გადაცემა „გაიღვიძე საქართველოში“, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა: „მიება საქართველოს ეკონომიკა რუსეთს... მარტო 700 თუ 800 მილიონს გაზსა და საწვავში ვიხდით“.

2024 წლის მდგომარეობით, რუსეთი ექსპორტში, მეოთხე, იმპორტში მესამე ხოლო მთლიან სავაჭრო ბრუნვაში მეორე ადგილს იკავებდა. ვაჭრობა დეფიციტურია. რუსეთიდან იმპორტი, რუსეთში ექსპორტს თითქმის 3-ჯერ აჭარბებს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა ძირითადად იმპორტის ხარჯზე მკვეთრად გაიზარდა. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 5%-ით გაიზარდა, რუსეთიდან იმპორტი კი - 79%-ით. 2023-2024 წლებში რიცხვები არსებითად აღარ შეცვლილა.

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა რუსეთთან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მკვეთრი ზრდის უმთავრესი მიზეზი ნავთობპროდუქტები გახდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გლობალურად ნავთობის ფასები გაიზარდა, თუმცა რუსული წარმოების საწვავი შედარებით ნაკლებად გაძვირდა, რის გამოც ის ქართველი იმპორტიორებისთვის უფრო ხელსაყრელი გახდა.

მარტივად რომ ვთქვათ, 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან რაოდენობრივად უფრო მეტი საწვავი შეიძინა უფრო მაღალ ფასად. უფრო კონკრეტულად რიცხვებში, 2021 წელს საქართველომ რუსეთისგან 135 მლნ დოლარის ღირებულების 225 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შეიძინა და ტონაში საშუალოდ 600 დოლარი გადაიხადა. 2022 წელს კი საქართველომ რუსეთისგან უკვე 622 მლნ დოლარის ღირებულების 658 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შეიძინა და ტონაზე 945 დოლარი გადაიხადა.

გრაფიკი 2: ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო წლებში გაორმაგდა რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტიც და ის 71-დან 145 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2021-2024 წლებში პრაქტიკულად ნულიდან 114 მლნ-მდე გაიზარდა არმატურის იმპორტიც.

ხორბლისა და ზეთის იმპორტის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა, გაიზარდა კოქსის, ბოთლებისა და ცოცხალი ხორცის იმპორტი, თუმცა იმპორტის ზრდაში გადამწყვეტი როლი მაინც ნავთობპროდუქტებმა და ბუნებრივმა გაზმა შეასრულა.

2021 წელს რუსეთის წილი ნავთობპროდუქტების იმპორტში 16.4%-ს შეადგენდა, 2022 წელს - 47%-ს, რომელიც 2024 წელს 40%-მდე შემცირდა.

ტრანსპორტირების სირთულისა და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით (2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ კავკასიაში მილსადენზე სავარაუდო დივერსიის შედეგად საქართველოს გაზმომარაგება შეუწყდა), დამოკიდებულების შესაფასებლად შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვნად ბუნებრივი გაზის ბაზარი მივიჩნიოთ. 2021 წელს რუსული გაზის წილმა მოხმარებაში 15% შეადგინა (397 მ3 2591 მ3-დან) 2024 წელს კი რუსული გაზის წილმა 25%-ს მიაღწია (788 მლნ მ3 3114 მლნ მ3-დან).

გრაფიკი 3: ბუნებრივი გაზის იმპორტი


წყარო: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

თუ იმპორტს თანხობრივად გავზომავთ, მაშინ რუსეთის წილი 22%-დან 37%-მდე იქნება გაზრდილი. ასეთი აცდენა განსხვავებული ტარიფების ბრალია. ტრანზიტის თუ სხვა ორმხრივი შეთანხმების გათვალისწინებით, აზერბაიჯანული გაზი უფრო იაფია, ვიდრე რუსული. რუსული გაზი კონკურენციაში მხოლოდ კომერციულ სექტორში შემოდის, მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები კი აზერბაიჯანული გაზით მარაგდება.

რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი შედარებით დაბალი, თუმცა 2021-2024 წელებში ისიც 2.5-დან 22 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაში, საქმე მოხმარების 3.9 ათასიდან 36 ათას ტონამდე ზრდასთან გვაქვს. როგორც 2021-ში, ასევე 2024 წელს იმპორტის თითქმის 100% რუსეთზე მოდიოდა.

მართალია, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა სოფლის მეურნეობის ზოგიერთ პროდუქტზე მაღალი, ან ძალიან მაღალი დამოკიდებულება კვლავ შენარჩუნდა და ზოგ შემთხვევაში გაიზარდა კიდეც.

2019 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 60%-ს შეადგენდა, 2021 წელს 55%-ს და 2022 წელს 64%-ს, რომელიც 2024 წლისთვის 66%-მდე გაიზარდა. ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ამხელა წილი რუსეთს ღვინის ექსპორტში არასდროს ჰქონია.

ომის დაწყების შემდეგ, 26%-დან ჯერ 34%-მდე, ხოლო შემდეგ 54%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი სპირტიანი სასმელების ექსპორტშიც.

2024 წლის მდგომარეობით, ატმის შემთხვევაში, ექსპორტში რუსეთზე დამოკიდებულება 94%-ს შეადგენს (26.3 მლნ დოლარი 27.9 მლნ-დან), შტოშის, მოცვისა და კენკრის შემთხვევაში - 86%-ს (24.8 მლნ-ს 28.2 მლნ-დან), მანდარინის შემთხვევაში - 79%-ს, ვაშლის შემთხვევაში - 95%-ს (5.6 მლნ 5.9 მლნ-დან), ქლიავის შემთხვევაში - 98%-ს (5.5 მლნ 5.6 მლნ-დან).

მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი ომის დაწყებამდე, 2021 წელს, 14.4%-ს უდრიდა და 2024 წელს ის 10.4%-მდე შემცირდა, აღნიშნულის მიზეზი ძირითადად შუა აზიის ქვეყნებში მკვეთრად გაზრდილი რეექსპორტი გახდა.

მთლიანი ექსპორტისგან განსხვავებით, ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2021-2024 წლებში რუსეთის წილი 17.%-დან 21.8%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მეხუთედზე მეტი რუსეთში იყიდება.

გრაფიკი 4: ექსპორტი რუსეთში (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რა ხდება სხვა მიმართულებით? 2022-2023 წლებში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თანხობრივად 88 მლნ-დან ჯერ 109 და შემდეგ 117 მლნ დოლარამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 71 მლნ-მდე შემცირდა. 2021 წელთან შედარებით, რუსეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში არ გაზრდილა.

ომის დაწყების პირველ წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები ნახტომისებურად, 5-ჯერ გაიზარდა. 2013-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 54%-დან 18%-მდე შემცირდა, 2022 წელს კი 47%-ს გაუტოლდა. პიკმა მალევე გადაიარა. უკვე 2024 წელს რუსეთის წილი არამხოლოდ 16%-მდე შემცირდა, აშშ-ისა და იტალიის შემდეგ, მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

2019 წელს რუსეთის წილი ვიზიტორების რაოდენობაში 19%-ს შეადგენდა, 2022 წელს - 23.1%-სა და 2024 წელს - 22%-ს. რუსეთის წილის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანის გადაწყვეტილებაც გახდა, არ გაეხსნა სახმელეთო საზღვარი. 2019 წელს აზერბაიჯანის წილი 19.8%-ს შეადგენდა და 2024 წელს კი მხოლოდ - 3.4%. რუსეთის მოქალაქეების ვიზიტები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით რაოდენობრივად არ გაზრდილა. 2019 წელს 1.470 მლნ ვიზიტი დაფიქსირდა, 2024 წელს - 1.420 მლნ, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი 1 წელზე მეტი ვადით დარჩა საქართველოში. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების 20% ერთ წელზე მეტი ვადით იმყოფებოდა საქართველოში. 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში რუსეთის წილი 23.7%-ს შეადგენდა და პირველ ადგილზე იმყოფებოდა. 2022 წელს რუსეთის წილი 25.3%-მდე გაიზარდა, 2024 წელს კი 19.2%-მდე შემცირდა, მაგრამ პირველი ადგილი შეინარჩუნა. სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, დაანგარიშებისას, ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით მცხოვრებ უცხოელთა დანახარჯები გათვალისწინებული არაა.

პირდაპირი კავშირების გარდა, არსებობს ირიბი კავშირებიც. ომის დაწყების შემდეგ შუა აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ყირგიზეთში ავტოექსპორტი არაბუნებრივი სისწრაფით გაიზარდა. 2024 წელს, 2021 წელთან შედარებით, ყაზახეთში ექსპორტი 795%-ით - 96-დან 860 მლნ-მდე იყო გაზრდილი, ხოლო ყირგიზეთში 4100%-ით - 31 მლნ-დან 1.3 მლრდ დოლარამდე. ექსპორტის ძირითად ნაწილს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენს.

ასეთი ზრდა პირობითად შესაძლოა ორი მიზეზით აიხსნას: 1) ავტოექსპორტში რუსეთი საქართველომ ჩაანაცვლა და თუ ადრე ევროპული ან ამერიკული ავტომობილები რუსეთიდან შედიოდა, ახლა მათ საქართველო აწვდის; 2) ავტომობილების საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთია. ყირგიზეთის ეკონომიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით (საქართველოზე პატარა ქვეყანაა, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოზე უფრო დაბალი მშპ-თი), უფრო მეტად სავარაუდო მეორე ვერსიაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სქემა საქართველოსთვის სანქციების დარღვევას არ ნიშნავს, ვინაიდან რუსეთშია აკრძალული ავტოექსპორტი და არა ყირგიზეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში პირდაპირი ექსპორტი მხოლოდ უმნიშვნელოდა გაიზარდა, რაც თავისუფლად ჯდება ბუნებრივი ზრდის ფარგლებში, საკმაოდ მაღალი ალბათობით, ირიბი ზრდა გაცილებით მეტია.

ომამდე, 2021 წელს მშპ-ში ინფორმაციისა და კომუნიკაციების წილი 3.9%-ს შეადგენდა, 2024 წელს ის 6.8%-მდე გაიზარდა. IDFI-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლამდე საქართველოში 7093 რუსული კომპანია იყო დარეგისტრირებული, 2022-2023 წლებში კი მათი რაოდენობა 26 832-ით გაიზარდა. IDFI-ს კვლევის თანახმად, ამ კომპანიების საქმიანობის ძირითად სფეროს სწორედ IT მიმართულება წარმოადგენს.

რუსეთ-უკრაინის ომამდე, „ქართული ოცნების“ მმართველობისას, ეკონომიკური ზრდის ტემპი წლიურად 6.1%-ს არ ასცილებია (2021 გამონაკლისს წარმოადგენდა, როდესაც მაღალი ზრდა წინა წლის ვარდნის ფონზე საბაზო პერიოდის გათვალისწინებით დაფიქსირდა). თუ 2013-2019 წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპმა საშუალოდ 4.7% შეადგინა, 2022-2024 წლებში ის გაორმაგდა და 9.4%-ს გაუტოლდა.

რუსეთიდან ნავთობრპოდუქტების, ბუნებრივი გაზისა და თხევადი გაზის იმპორტმა 2024 წელს ჯამში 684 მლნ დოლარი შეადგინა რაც ძალიან ახლოს არის რომან გოცირიძის მიერ დასახელებულ რიცხვ 700 მლნ-თან. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე მიბმას, ეკონომიკური კავშირები ცალსახად გაზრდილია: მნიშვნელოვნადაა გაზრდილი იმპორტი, მათ შორის ენერგომატარებლების იმპორტი. გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტი. ირიბად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რეექსპორტიც, რუსული კომპანიების ხარჯზე დაჩქარდა მშპ-ის ზრდის ტემპიც, თუმცა ერთია დამოკიდებულების ზრდა და მეორე რამდენად კრიტიკულია ეს ზრდა და რამდენად შეიძლება შეფასდეს ის, როგორც ერთი ქვეყნის ეკონომიკის მეორეზე მიბმა. იმის გათვალისწინებით, რომ დამოკიდებულების ზრდის ზომისა და ხარისხის ზუსტად განსაზღვრა საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.