მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი დუისში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრო. პრემიერმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, დუისი-ომალოს დამაკავშირებელი, 810 000 ლარის ღირებულების 5,2 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე სოფელ საკობიანოში 680 00 ღირებულების შიდა გზების მოპირკეთების პროცესი დასრულდა. გარდა ამისა, მდინარე ალაზანზე დუმასტურ-ჯოყოლოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, დუისის #2 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სოფელ საკობიანოში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი გაიხსნა, ხოლო დუისში, საკობიანო–ჯოყოლოსა და ომალოში ამბულატორიები ფუნქციონირებს.

ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013-2014 წლებში პანკისის ხეობაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, 2014 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 6.31 კილომეტრი გზა დაიგო და რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დუისი-ომალოს დამაკავშირებელ 5,2 კილომეტრიან მონაკვეთსაც ჩაუტარდა. აღნიშნულ სამუშაოზე 810 000 ლარი დაიხარჯა. ასევე, ახმეტაში, აღმაშენებლის ქუჩის 1,11 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 14 მაისს დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება, საერთო ჯამში 358 369 ლარის ღირებულებით.

2013

წლის 31 ივლისს სოფელ საკობიანოს შიდა საუბნო გზების მოპირკეთების სამუშაოები დაიწყო, ხოლო 2013 წლის 23 დეკემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 651 477 ლარამდე გამოიყო და დაიხარჯა.

2014

წლის 22 მაისს მდინარე ალაზანზე დუმასტურ-ჯოყოლოს დამაკავშირებელი 130 მეტრიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 169 850 ლარი შეადგინა, სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის 8 სექტემბერს დასრულდა.

ახმეტის გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გარდა დუისის მე-2 საბავშვო ბაღისა, ახმეტის მუნიციპალიტეტში დამატებით კიდევ  11 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა, საერთო ჯამში კი, მათ რეაბილიტაციაზე 99 339 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება სოფელ საკობიანოში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობას, აღნიშნული პროექტი სოფლის მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა, ხოლო მოედნის აშენებისათვის განკუთვნილი თანხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსდა. საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში პრემიერის მიერ ჩამოთვლილ სოფლებში ამბულატორიები მართლაც მოეწყო.

დასკვნა

პრემიერის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე ახმეტის მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, 6.31 კილომეტრი გზა დაიგო. პროექტების საერთო ღირებულებამ 116 836 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სოფელ საკობიანოში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. პრემიერი ზუსტია დუმასტურ-ჯოყოლოს დამაკავშირებელ ხიდთან, რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღთან და ამბულატორიებთან დაკავშირებითაც.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი