მიმდინარე წლის 19 სექტემბერს თოქშოუ „რეაქციაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა კომენტარი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზეც გააკეთა. მისი თქმით, ბევრ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს არა მხოლოდ ფინანსური ვალდებულების გამო, არამედ ხელოვნურად. საუბრისას მან აგრეთვე განაცხადა: „მაგალითად, გიული ალასანიას სასწავლებელში ["საქართველოს უნივერსიტეტი"] 600 სტუდენტს შეუჩერეს სტატუსი, იმის გამო, რომ ქალბატონმა გიულიმ მათ მაისის თვეში მოსთხოვა მთელი წლის გადასახადის გადახდა“.

ფაქტ-მეტრი ზვიად ძიძიგურის განცხადებით დაინტერესდა და „საქართველოს უნივერსიტეტში“ სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი გამოიკვლია.

„საქართველოს უნივერსიტეტში“ სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ზუსტი სურათის მისაღებად ჩვენ როგორც საქართველოს უნივერსიტეტს, ისე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ ტექნიკური უზუსტობებისა და საინფორმაციო სისტემაში მიმდინარე სამუშაოების გამო, მოცემული მომენტისათვის ინფორმაციის დამუშავება ვერ ხერხდება. ცენტრმა მიგვითითა, რომ ინფორმაცია თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოგვეთხოვა.

„საქართველოს უნივერსიტეტიდან“ მიღებულ წერილში განმარტებულია, რომ უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო დებულების 8.1 მუხლისა და დოქტორანტურის დებულების 7.2. მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული რეგისტრაცია სწავლის წლიური საფასურის სრულად გადახდას სწავლის დაწყების წინ გულისხმობს. ამასთან, უნივერსიტეტში არსებობს სოციალურ საკითხთა კომისია, რომელიც სწავლის საფასურის გადახდისაგან ნაწილობრივ/მთლიანად გათავისუფლების ან გადახდის გადავადებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ 2005 წლიდან 2014 წლამდე სწავლის საფასურის მექანიზმთან დაკავშირებით არსებითი და ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. 2014 წელს უნივერსიტეტის წესდებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომლის საშუალებითაც პირველი კურსის სტუდენტებისთვის შესაძლებელი გახდა სწავლის საფასურის ორად გაყოფა. კერძოდ, სემესტრის დაწყების წინ სტუდენტი სრულად ფარავს პირველი სემესტრის საფასურს, მომდევნო სემესტრის საფასურის გადახდა კი შესაბამისი სემესტრის დაწყებამდე ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვის მატებას ვერ გამოიწვევდა. ყველა დანარჩენი კურსის სტუდენტი სწავლის საფასურს სრულად 15 ივნისამდე ფარავს.

საქართველოს უნივერსიტეტში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 2005-2014 წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

0

11

200

358

110

90

125

697

415

994

ზვიად ძიძიგურმა განცხადებისას აღნიშნა, რომ „საქართველოს უნივერსიტეტმა“ სტუდენტებისაგან მაისის თვეში მოითხოვა სწავლის საფასურის სრულად გადახდა, რაც 600 სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების მიზეზი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბარში საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარომამდგენელმა, გვანცა გორგაძემ არ დაადასტურა. მისი განმარტებით, სწავლის საფასურის გადახდის ბოლო თარიღი 15 ივნისია. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია 15 ივნისამდე მომდევნო წლის საფასური (გარდა პირველკურსელებისა, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, რომ საფასური ორ ნაწილად გაყონ) სრულად დაფაროს. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მათგანი თანხის დრულად გადახდას ვერ ახერხებს, შესაძლებელია განცხადების დაწერა და ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე ვადების გადაწევა, აგრეთვე, თანხის გადანაწილება. მისივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ სტუდენტი უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე დეტალურად არის ინფორმირებული და უნივერსიტეტის მხრიდან რაიმე შეთანხმება არ დარღვეულა და უნივერსიტეტს სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფარვა იმაზე ადრე არ მოუთხოვია, ვიდრე ეს შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. გვანცა გორგაძემ ისიც აღნიშნა, რომ სწავლის საფასურის გადახდის თარიღმა რამდენჯერმე სტუდენტების სასარგებლოდაც გადაიწია და საბოლოო ვადის შეხსენების მიზნით მათ შესაბამისი შეტყობინებებიც გაეგზავნათ.

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ უნივერსიტეტს მათთვის, მაისის თვეში, სწავლის საფასურის წინასწარ გადახდა არ მოუთხოვია. საფასური წესისამებრ 15 ივნისამდე დაფარეს. ერთ-ერთმა სტუდენტმა ჩვენთან საუბარში ისიც განმარტა, რომ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ბევრ სტუდენტს მობილობით სარგებლობა სურდა, რისთვისაც საჭირო იყო სტუდენტის სტატუსის შენარჩუნება, ანუ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა, რაც მომდევნო წლის სწავლის საფასურის გადახდას გულისხმობს. აღნიშნული პროცედურის ღირებულება იმ სტუდენტებისთვის, ვისაც მობილობით სარგებლობა სურდათ, 50 ლარს შეადგენდა. სწორედ ამ თანხის გადაუხდელობამ განაპირობა ბევრი სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება.

დასკვნა

მიმდინარე წელს „საქართველოს უნივერსიტეტში“ წინა წელთან შედარებით სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა გაორმაგებულია და მათი რიცხვი 579-ით გაიზარდა. "საქართველოს უნივერსიტეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა, გვანცა გორგაძემ ჩვენთან საუბარში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტმა სწავლის საფასურის გადახდის ვადა შეცვალა და სტუდენტებისაგან საფასურის გადახდა იმაზე ადრე მოითხოვა, ვიდრე ეს წესდებით არის გათვალისწინებული, არ დაადასტურა. მანვე განმარტა, რომ წერილობითი განაცხადის საფუძველზე შესაძლებელია სწავლის საფასურის გადანაწილებაც. აღნიშნული, "საქართველოს უნივერსიტეტის" სტუდენტებმაც დაადასტურეს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დეპუტატ ზვიად ძიძიგურის განცხადება: „ალასანიას სასწავლებელში ["საქართველოს უნივერსიტეტი"] 600 სტუდენტს შეუჩერეს სტატუსი იმის გამო, რომ ქალბატონმა გიულიმ მათ მაისის თვეში მოსთხოვა მთელი წლის გადასახადის გადახდა,“ არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი