მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხადა: „სამინისტროს ბიუჯეტის 10 თვის ათვისება 630 მილიონზე მეტია და ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი სამინისტროს ბოლო 7 წლის განმავლობაში ჰქონდა. ყველაზე მაღალი ათვისება წინა ხელისუფლებას 2011 წელს ჰქონდა. ეს იყო 580 მილიონამდე და წელს 50-60 მილიონით მეტია უკვე ათვისება“.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 875 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის ოფიციალური მონაცემებით, სამინისტროს 10 თვის ხარჯი დაახლოებით 630.9 მლნ ლარს შეადგენს. შესაბამისად, სამინისტრომ 10 თვეში მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 72% აითვისა.

დავით შავლიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 10 თვის მონაცემებით, ბოლო 7 წლის მანძილზე, სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. მან ამ კონტექსტში, მაგალითისთვის, 2011 წელი მოიყვანა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2011 წლის 10 თვეში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 632.9 მლნ ლარი აითვისა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 74%-ს შეადგენდა. შესაბამისად, 2011 წლის ათი თვეში ბიუჯეტის ათვისება წლევანდელი შესრულების მაჩვენებელს აღემატება, როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად.

იმისთვის, რომ გავარკვიოთ რეალურად როგორ ითვისებს/ითვისებდა ბიუჯეტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საჭიროა ბიუჯეტის შესრულების პროცენტულ მაჩვენებელს გავეცნოთ. ჩვენ დავიანგარიშეთ (იხ. გრაფიკი 1), მთლიანი წლის დაზუსტებული გეგმის რა პროცენტს ითვისებდა სამინისტრო 2009-2014 წლების 10 თვეში (სამინისტროს შექმნიდან დღემდე).

გრაფიკი 1: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათი თვის შესრულება წლიურ გეგმასთან მიმართებაში (%)

image001

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2014 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 10 თვის შესრულების პროცენტული მაჩვენებელი, 2013 და 2012 წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს რიცხვი ნამდვილად არ არის ყველაზე მაღალი. ის 2009-2010 წლების ანალოგიური მონაცემების თითქმის იდენტურია და 2011 წლის მაჩვენებელზე დაბალია.

მეტი ინფორმაციისთვის, ჩვენ ასევე გავეცანით, რეალურად რა თანხები აითვისა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2009-2013 წლებში (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულება 2009–2013 წლებში

image002

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისება 100%-ით წინა ხელისუფლების დროსაც არ ხდებოდა. თუმცა, ამ პრობლემამ განსაკუთრებით მწვავედ 2012 და 2013 წლებში იჩინა თავი. 2014 წელს, სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების 10 თვის მაჩვენებლები გასული ორი წლის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. იქიდან გამომდინარე, რომ 10 თვის გეგმა გაწერილი არაა, ჩვენ შესრულება შესაბამის გეგმასთან ვერ შევადარეთ. თუ 3 კვარტლის მონაცემებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 9 თვის ათვისება შესაბამის გეგმას 183 მლნ ლარით ჩამორჩება. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე სამინისტრო ბიუჯეტის სრულად ათვისებას ვერ შეძლებს, თუმცა რამდენი პროცენტი იქნება ჩამორჩენა, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი რომ შესრულდეს, 8-დან 31 დეკემბრამდე დაახლოებით 1 300 მლნ უნდა დაიხარჯოს. ამ ოდენობის თანხის ათვისებას მხარჯავი უწყებები ვერ შეძლებენ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ მთავრობის პირობა, რომ ლარის კურსზე ბიუჯეტის ხარჯების ზეწოლის შესასუსტებლად, წლის ბოლომდე დეფიციტური ხარჯვისგან თავს შეიკავებენ. ფაქტ-მეტრის ვარაუდით, 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მინიმუმ ნახევარი მილიარდით გაირღვევა. სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისების პრობლემაზე ჩვენ ადრეც ვწერდით (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

დასკვნა

სახელმწიფო ხაზინის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 10 თვის შესრულება დაახლოებით 630.9 მლნ ლარია, რაც წლიური გეგმის 72%-ს შეადგენს. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 632.9 მლნ ლარს შეადგენდა, რაც წლიური ბიუჯეტის 74% იყო. შესაბამისად, 2014 წლის ათი თვის ათვისების მაჩვენებელი არ არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ამას მინისტრი მიუთითებდა. ასევე, მოსალოდნელია, რომ სამინისტრო წლის ბოლომდე ბიუჯეტს სრულად ვერ აითვისებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით შავლიაშვილის განცხადება: „სამინისტროს ბიუჯეტის 10 თვის ათვისება 630 მილიონზე მეტია და ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი სამინისტროს ჰქონდა ბოლო 7 წლის განმავლობაში,“ არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5422 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი