2014 წლის 3 ოქტომბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელს თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს წევრები სტუმრობდნენ. თოქშოუში თბილისის ძველი და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილებოდა. პროექტებზე საუბრისას თბილისის მერმა განაცხადა, რომ მას დახვდა „გამოცარიელებული“ ბიუჯეტი.

საპასუხოდ, საკრებულოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ ქალაქის მერს შეკითხვით მიმართა: „დავით ნარმანიამ თქვა, რომ მას დახვდა გამოცარიელებული ბიუჯეტი. მე მინდა ბატონ დავითს დავუსვა შეკითხვა: „გამოცარიელებული“ ფინანსების პირობებშიც, წლის ბოლომდე, რატომ ახერხებს ის დააფინანსოს მილიონ ორასი ათასი ლარით კანცელარიის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტირება, კანცელარიის შენობის განათება 450 000 ლარით და შსს-ს შენობის ტერიტორიის განათება 460 000 ლარით. ის ორ მილიონს გამოცარიელებული ფინანსების პირობებში ხარჯავს ისეთ პროექტებზე, რომელიც მხოლოდ მინისტრების კომფორტისთვისაა”.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი აბესაძის განცხადების კონტექსტი იმ ბრალდების პასუხია, რასაც თბილისის ახალი მთავრობა მერიის ძველ ხელმძღვანელობას უყენებს. დავით ნარმანიას თქმით, ძველმა ხელმძღვანელობამ ბიუჯეტის თანხები მთლიანად დახარჯა. სწორედ ამ ბრალდების საპასუხოდ, აბესაძე აცხადებს, რომ თუ ბიუჯეტი „გამოცარიელებულია,“ მერია თანხას საერთოდ ვერ უნდა ხარჯავდეს და თუ ბიუჯეტში ცოტა თანხაა დარჩენილი, მაშინ ის მხოლოდ სამინისტროების კეთილმოწყობაზე არ უნდა იხარჯებოდეს.

იმის დასადგენად, მართლაც „გამოცარიელებული“ ბიუჯეტი დახვდა თუ არა დავით ნარმანიას მერად არჩევის შემდეგ, ჩვენ მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ და დავინტერესდით, თუ როგორი იყო ივლისის თვეში (თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური 2014 წლის 12 ივლისს გაიმართა) თბილისის ბიუჯეტი შემოსულობების და გადასახდელების ნაწილში.

მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, რომელიც მხოლოდ 1,5 თვის შემდეგ მივიღეთ, 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 772 424 600 ლარს შეადგენდა, ხოლო 2014 წლის ივლისისთვის შემოსულობების და გადასახდელების გეგმა და შესრულება შემდეგნაირი იყო:

დასახელება

9 თვის გეგმა

7 თვის შესრულება

შესრულება %-ში

შემოსულობები

520 166 500

392 867 600

75.5

გადასახდელები

554 911 600

387 760 600

69.9

როგორც ვხედავთ, დავით ნარმანიას მერად არჩევის დროისთვის შემოსულობები გადასახდელებს დაახლოებით 5 მილიონით სჭარბობდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ბიუჯეტი „გამოცარიელებული“ არ იყო.

ჩვენ თბილისის ბიუჯეტის გადასახდელებისა და შემოსულობების 9 თვის მონაცემებსაც გავეცანით:

დასახელება

9 თვის გეგმა

საკასო შესრულება

შესრულება %-ში

შემოსულობები

520 166 500

495 285 500

95.2

გადასახდელები

554 911 600

459 650 700

82.8

ნაშთის ცვლილება

34 745 100

-35 634 800

როგორც ვხედავთ, შემოსულობების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია (95.5), ვიდრე გადასახდელების (82.8) და 9 თვის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტის შემოსულობები 35 634 800 ლარით აღემატება გადასახდელებს, რაც ბიუჯეტში  თანხების არსებობაზე მიუთითებს.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, ხომ არ არსებობდა რომელიმე პროექტის შეჩერების ფაქტი (ინფრასტრუქტურული ან სოციალური) თბილისის ბიუჯეტში თანხების სიმცირის გამო. მერიიდან მიღებული ინფორმაციით, 2014 წელს, ამ მიზეზით, არცერთი დაგეგმილი პროექტის მიმდინარეობა არ შეჩერებულა. მეტიც, ცალკეული პროექტების დაფინანსება 2014 წლის ასიგნებების ფარგლებში გაიზარდა კიდეც. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ახალშობილთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 165 580 ლარით, ხოლო კომუნალური ვაუჩერი - 1 100 000 ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება კანცელარიის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს, კანცელარიის შენობის და შსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიის განათებას, მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, კანცელარიის და შსს-ს ტერიტორიების განათებისთვის, სატენდერო შესყიდვებისთვის ტექნიკური დოკუმენტაცია შემდეგი სავარაუდო ღირებულებებით არის გამზადებული: შსს-ს შენობის გარე განათების ქსელის მოწყობა – 434 000 ლარი, კანცელარიის შენობის დეკორატიული მინათების ქსელის მოწყობა – 450 000 ლარი, ხოლო კანცელარიის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება კი – 1 200 000 ლარია. პროექტი ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას, მიმდინარე შენობების ფასადების სარემონტო სამუშაოებს და დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენას გულისხმობს.

მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიას მერად არჩევის შემდეგ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდა და ხორციელდება. კერძოდ, გზების მშენებლობა და აღდგენა (ბიუჯეტი – 7 329 881 ლარი); საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია (ბიუჯეტი 162 556 ლარი); ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება (146 662 ლარი); გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია (3 426 393 ლარი); სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობა (521 314 ლარი); სკოლამდელი დაწესებულებების გათბობების და ცხელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (17 665 692 ლარი).

დასკვნა

დავით ნარმანიას მერად არჩევის დროს (ივლისის თვის მონაცემებით), ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის სხვაობა 5 მილიონი ლარი იყო, 9 თვის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით კი, ეს სხვაობა 35.6 მილიონი ლარია. თბილისის ბიუჯეტი და ფიონანსები „გამოცარიელებული“ არ იყო, როგორც ეს დავით ნარმანიამ შეაფასა. ასევე, ფაქტია, რომ თბილისში ფინანსების სიმცირის გამო 2014 წელს დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა არ შეფერხებულა.

მიმდინარე ბიუჯეტის პირობებში კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის (1 200 000 ლარი), კანცელარიის შენობის გარე განათების (450 000 ლარი) და აგრეთვე შსს-ს შენობის გარე განათების დაფინანსებისთვის თანხები (434 000 ლარი) მართლაც გამოყოფილია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი