მიმდინარე წლის 6 დეკემბერს commersant.ge-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მინისტრმა დოლარის მოცულობის შემცირების და ლარის დევალვაციის ძირითად მიზეზად სავაჭრო ბალანსის გაუარესება დაასახელა. მისი განმარტებით, საქართველოდან ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 11%-ით. შესაბამისად, მეტი დოლარი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. მინისტრი ექსპორტის ზრდის ტემპის შემცირებას რუსეთში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს. „რაც ხდება უკრაინაში და ის დევალვაცია, რაც ხდება რუსეთში, უფრო მეტად ახალისებენ ექსპორტს ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, ვიდრე საქართველოდან ამ ქვეყნებში“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფაქტ-მეტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

რუსეთსა და უკრაინაში რუბლი და გრივნა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. თეორიულად, როცა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტა უფასურდება, ჩვენი ექსპორტი ამ ქვეყნაში ძვირდება და მათი იმპორტი ჩვენთან იაფდება. შესაბამისად, უკრაინაში და რუსეთში არსებული დევალვაცია ხელს უშლის ამ ქვეყნებში ქართული ექსპორტის ზრდას და პირიქით, ზრდის იმპორტს საქართველოში. ჩვენ გადავამოწმეთ, საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპის შემცირება და სავაჭრო ბალანსის გაუარესება ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად უკავშირდება რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

ლარის გაუფასურება 2014 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში დაიწყო და ეროვნული ბანკის 6 დეკემბრის მონაცემებით, მაქსიმალურ ნიშნულს 1.95-ს მიაღწია. ამ პერიოდში, ლარი დოლართან მიმართებაში 20 თეთრით გაუფასურდა. შემდეგ ლარის კურსმა გარკვეული გამყარება დაიწყო. ლარის კურსის გაუფასურება ძირითადად ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუარესებით იყო გამოწვეული. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი 5%-ით, ხოლო იმპორტი 11%-ით გაიზარდა. იმპორტთან შედარებით, ექსპორტის უფრო ნელი ტემპით ზრდამ საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოიწვია. ჯამში, 10 თვის განმავლობაში, ქვეყნიდან 4.6 მილიარდი დოლარით მეტი გავიდა ვიდრე შემოვიდა, რამაც დოლარის მოცულობის შემცირება გამოიწვია (ჩვენ ამ თემაზე ადრეც ვწერდით, იხ. სტატია). ამ ეტაპზე უკვე ცნობილია 2014 წლის ნოემბრის წინასწარი მონაცემებიც,

 რომლის თანახმადაც, 11 თვის განმავლობაში ექსპორტი მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა, საქართველოს სავაჭრო ბალანსი კი კიდევ უფრო გაუარესდა და 5.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წლის აგვისტოდან საქართველოს ექსპორტი ყოველთვიურ მაჩვენებლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. იქედან გამომდინარე, რომ ნოემბრის ანგარიში ჯერ-ჯერობით სრულად არ არის გამოქვეყნებული, 10 თვის მონაცემებზე

დაყრდნობით (იმ ეტაპზე, როცა მინისტრმა განცხადება გააკეთა, მხოლოდ 10 თვის მონაცემები იყო ცნობილი) გავაანალიზეთ რეალურად რამ გამოიწვია ექსპორტის მოცულობის შემცირება და რამდენად უკავშირდება ის რუსეთის და უკრაინის ბაზარს.

2013-2014

წლებში რუსეთის ბაზარზე ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ მანამდე რუსეთის ბაზარს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 2% ეკავა, დღეს ის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10%-ს იკავებს და საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა. მიმდინარე წელს, რუსეთში ექსპორტი 103 მლნ დოლარით გაიზარდა. 2014 წლის 10 თვეში დაფიქსირებული ექსპორტის 5%-იანი ზრდა ძირითადად რუსეთში ექსპორტის ზრდამ განაპირობა. რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდის გარეშე, 2014 წლის 10 თვის მონაცემებით, ექსპორტი მხოლოდ 0.7%-ით გაიზრდებოდა. ხოლო აგვისტო-ოქტომბერში დაფიქსირებული შემცირება, რუსეთის ბაზრის გარეშე კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.

რუსეთში ექსპორტის ზრდის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ ათი თვის მონაცემებით იმპორტი 19 მლნ დოლარით შემცირდა. შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო ბალანსი რუსეთთან 122 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება უკრაინის ბაზარს, მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტი დაახლოებით 19 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 61 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა, ამის შედეგად საქართველოს სავაჭრო ბალანსი უკრაინასთან ჯამში 42 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

როგორც ვხედავთ, ქვეყნის 10 თვის სავაჭრო ბალანსის გაუარესება არც უკრაინას და არც რუსეთს არ უკავშირდება.

ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელიც მთლიანი ექსპორტის 19.5%-ს იკავებს. 2014 წლის 10 თვის მონაცემებით, აზერბაიჯანში ექსპორტი 108 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირების ძირითადი მიზეზი, უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფის, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის შემცირება გახდა (ჩვენ ამ თემაზე ადრეც გვიმუშავია, იხ. სტატია).

ექსპორტის შემცირების პარალელურად, აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტი 19 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. შედეგად, საქართველოს სავაჭრო ბალანსი აზერბაიჯანთან 127 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ჯამში, დსთ-ს ქვეყნების ჯგუფში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის ნახევარზე მეტს იკავებს, ექსპორტი 2%-ით (21 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.4%-ით (14 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ჯამში, სავაჭრო ბალანსი დსთ-ს ქვეყნებთან 35 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

  დასკვნა

ლარის კურსის გაუფასურება დოლარის მოცულობის შემცირებით იყო გამოწვეული, რაც თავის მხრივ, ძირითადად საქართველოს სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვნად გაუარესებამ გამოიწვია. 2014 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის მოცულობის ზრდის ტემპი დაეცა და მან 5% შეადგინა. 11 თვის მონაცემებით კი, ექსპორტი უმნიშვნელოდ, მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა. ბოლო თვეების, აგვისტო-ნოემბრის მონაცემებით კი, ექსპორტის მოცულობა მცირდება. 10 თვეში საქართველოს სავაჭრო ბალანსი ჯამში 4.6 მილიარდი აშშ დოლარით გაუარესდა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუარესებაზე გავლენა რუსეთსა და უკრაინაში მათი ეროვნული ვალუტის დევალვაციამ იქონია. ათი თვის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 103 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი 19 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო ბალანსი რუსეთთან 122 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება უკრაინის ბაზარს, მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტი დაახლოებით 19 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 61 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო ბალანსი არც უკრაინასთან არ გაუარესებულა. პირიქით, ის 42 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ  საქართველოს სავაჭრო ბალანსი აზერბაიჯანთან 127 მლნ აშშ დოლარით, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან, ჯამში, 35 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი