მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას, უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ განაცხადა: "უსაფრთხო ქვეყანათა შორის ათეულში ვართ. ტურისტთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, 5 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საკითხის დაზუსტებისას, დეპუტატმა წყაროდ „სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია

დაასახელა, რომელიც თავის მხრივ, ვებგვერდ lifestyle9.com-ის სტატისტიკას ეყრდნობა. აღნიშნული წყაროს მიხედვით, უსაფრთხო ქვეყანა დაცული უნდა იყოს ბუნებრივი კატაკლიზმების, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციისა და ეკონომიკური კრიზისებისგან, თუმცა ეს კონკრეტული სტატია, ქვეყნების უსაფრთხოების შეფასებისას, მხოლოდ ამ ქვეყნებში არსებულ კრიმინალის დონეს ეყრდნობა. აღნიშნული სტატიის მიხედვით, საქართველო უსაფრთხო (კრიმინალის დონით) ქვეყნებს შორის, მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს.

lifestyle9.com-ზე გამოქვეყნებული სტატიისგან განსხვავებით, ამ კუთხით ქვეყნების რანგირების სანდო და აკადემიურ მაჩვენებელს წარმოადგენს ე.წ. Global Peace Index (

GPI), რომელიც საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია – Institute for Economics and Peace-ის პროდუქტია. აღნიშნული ინდექსი მსოფლიოში ყველაზე მშვიდ და უსაფრთხო ქვეყნებს განსაზღვრავს. იგი აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ორგანიზაციებისა და ანალიტიკოსების მიერ. GPI სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით დგება, როგორიც არის ორგანიზებული კონფლიქტების რაოდენობა, ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, საზოგადოებაში კრიმინალის დონის აღქმა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა და ა.შ. (იხილეთ ცხრილი). GPI-ის კვლევის შედეგები გამოიყენება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც არის მსოფლიო ბანკი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში (162 ქვეყნიდან) 111-ე ადგილს იკავებს.

ცხრილი 1: 

საერთაშორისო მშვიდობის ინდექსი

საერთაშორისო მშვიდობის ინდექსის ინდიკატორები
1 შიდა და გარე კონფლიქტები
2 ორგანიზებული კონფლიქტებით გამოწვეული მსხვერპლი (ქვეყნის შიგნით)
3 ორგანიზებული კონფლიქტებით გამოწვეული მსხვერპლი (ქვეყნის გარეთ)
4 კონფლიქტების დონე
5 მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა
6 საზოგადოებაში კრიმინალის დონის აღქმა
7 ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა წილი, მთლიან მოსახლეობაში
8 პოლიტიკური არასტაბილურობა
9 ტერორიზმი
10 პოლიტიკური ტერორის დონე
11 ძალადობრივი დანაშულის დონე
12 მკვლელობა 100 000 კაცზე
13 დაპატიმრებული პირები 100 000 კაცზე
14 მშპს-თან სამხედრო ხარჯების პროცენტული წილი
15 სამხედრო სამსახურში მყოფი პერსონალი
16 ფინანსური წილი გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში
17 ბირთვული და მძიმე შეიარაღების შესაძლებლობა
18 მარტივად ხელმისაწვდომობა მცირე და მსუბუქი შეიარაღება
19 პატიმრების რაოდენობა 100 000 კაცზე
20 იმპორტირებული კონვენციური იარაღის რაოდენობა 100 000 კაცზე
21 ექსპორტირებული კონვენციური იარაღის რაოდენობა 100 000 კაცზე
22 უსაფრთხოების სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები 100 000 კაცზე

ცხრილი 2:

 საქართველოს რეიტინგი უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით (GPI)

წელი

რეიტინგი

უსაფრთხოების ინდექსი

2009

134

2.842

2010

141

3.020

2011

136

2.580

2012

137

2.546

2013

139

2.511

2014

111

2.225

აქვე აღსანიშნავია, რომ GPI-ის კვლევა სრულად მოიცავს უსაფრთხო ქვეყნის ყველა ინდიკატორს და უსაფრთხოება მხოლოდ კრიმინალის დონით არ არის შეფასებული.

ფაქტ-მეტრი ორგანიზაცია NUMBEO.COM -

ის კვლევის შედეგებსაც გაეცნო. აღნიშნული წყარო უსაფრთხო ქვეყნებს სწორედ  კრიმინალის დონით განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის 139 ქვეყნიდან მეხუთე ადგილის იკავებს. ქვეყანაში კრიმინალის დონე  19.91 ქულით შეფასდა, ხოლო უსაფრთხოების ინდექსი - 80.09 ქულით (იხილეთ ცხრილი). აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებს ისეთი მედია საშუალებები იყენებენ ხოლმე, როგორებიცაა BBC, THE ECONOMIST, FORBES და ა.შ.

ცხრილი 3.

საქართველოს რეიტინგი კრიმინალის დონის მიხედვით (NUMBEO.COM)

კრიმინალის დონე

უსაფრთხოების ინდექსი

ადგილი მსოფლიოში
2012 წელი

31.33

68.67

20

2013 წელი

19.57

80.43

8

2014 წელი

19.91

80.09

5

როგორც ცხრილიდან ჩანს, ამ მონაცემების მიხედვით, საქართველო 2013 -2014 წლებში კრიმინალის დაბალი დონით ნამდვილად შედის მსოფლიო ქვეყნების ათეულში.

ჩვენ ამ საკითხის უფრო ღრმად შესასწავლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით. თუმცა, აღნიშნულმა უწყებამ ვერ დაგვისახელა ვერცერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც უსაფრთხო ქვეყნებს კრიმინალის დონით  განსაზღვრავს.

წინა ხელისუფლების დროს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხშირად აღნიშნავდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო რეგიონში. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება  The International Crime Victims Survey-

ის კვლევას ეყრდნობოდა, რომელიც მსოფლიოში, საერთაშორისო კრიმინოლოგიის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. იგი ევროკომისიის მიერ ფინანსდება და მისი შედეგები საყოველთაოდ აღიარებულია. ამ კვლევის მიხედვით, ქვეყანაში დანაშაულის დონე 2005 წლამდე იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ  საქართველო დანაშაულის მაღალი დონით ხასიათდებოდა, გატარებული რეფორმების შედეგად რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო  ქვეყანად იქცა. აღნიშნული ორგანიზაციის ბოლო კვლევა 1988-2010 წლის მონაცემებს მოიცავს.

რაც შეეხება გიგა ბუკიას მიერ ნახსენებ ვიზიტორების რაოდენობას, 2013 წელს საქართველოში 5.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც, 2012 წელთან შედარებით ზრდამ 22% შეადგინა. მიმდინარე წელს, 9 თვეში, საქართველოს 4 187 595 ვიზიტორი ეწვია. ამ მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროცენტულმა ზრდამ 2% შეადგინა. თუ გადავხედავთ გასული წლების პროცენტულ ზრდას, მიმდინარე წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების პროცენტული ზრდის ტემპი შემცირებულია. 2013 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ნამდვილად იყო 5 მილიონზე მეტი. მაგრამ არც 2013 და არც მიმდინარე წელს, ვიზიტორთა რიცხვი 30%-ით არ გაზრდილა. 30%-იან ჯამს ვერ მივიღებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ დეპუტატმა აღნიშნული 30%-ის დასახელებისას ბოლო ორი  წლის მონაცემების ჯამი იგულისხმა.

გრაფიკი 1:

 საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რიცხვის ზრდა (2006-2014 წლები)

image001

დასკვნა უსაფრთხოების კუთხით, ქვეყნების რანგირების ყველაზე აღიარებულ და სანდო მაჩვენებლს ე.წ. 

Global Peace Index (GPI) წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია – Institute for Economics and Peace-ის პროდუქტია. ამ ინდექსის მიხედვით, საქართველო 162 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს. თუმცა, ეს წყარო ქვეყნის უსაფრთხოობის დონეს 22 ინდიკატორზე დაყრდნობით იკვლევს, დეპუტატი კი უსაფრთხოებაზე საუბრისას მხოლოდ ქვეყანაში არსებულ კრიმინალის დონეს გულისხმობდა. მის მიერ დასახელებული წყაროს მიხედვით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.

ჩვენ აღნიშნული საკითხი ვებგვერდ NUMBEO.COM-

ის კვლევის მიხედვითაც გადავამოწმეთ, რომელიც საკმაოდ სანდო და აღიარებულ წყაროს წარმოადგენს. მისი მიხედვით, 2014 წლის მონაცემებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

რაც შეეხება საქართველოში ტურიზმის ზრდას, დეპუტატი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ 2013 წელს საქართველოში 5 მილიონი ტურისტი შემოვიდა, თუმცა ამ რიცხვის ზრდა 30% არ ყოფილა, როგორც ამას დეპუტატი აღნიშნავს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიგა ბუკიას განცხადება: "ათეულში ვართ უსაფრთხო ქვეყანათა შორის და ტურისტთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, 5 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა," არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5508 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი