იტვირთება

გასული წლის დეკემბერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე კვარტალში ქვეყანაში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, „მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 508 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 99%-ით, 2012 წლისას კი 155%-ით აღემატება“.

ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტის შემოწმება გადაწყვიტა.

საქსტატმა მესამე კვარტლის წინასწარი მონაცემები 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2014

წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში 508 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც საგრძნობლად აღემატება იმავე წლის პირველ (265 მილიონი) და მეორე (151 მილიონი) კვარტლის შედეგებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მესამე კვარტალში განსაკუთრებით გაიზარდა პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთიდან, რომელმაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი, 149 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა (აღნიშნული ინვესტიციის ძირითადი მოცულობა ოლიმპიური სოფლის მშენებლობაზე მოდის). რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ქვეყნებს, აზერბაიჯანიდან 95 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა შემოსული, ნიდერლანდებიდან კი – 90 მილიონი.

image001 წყარო: საქსტატი

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია მშენებლობის დარგში ჩაიდო – 181 მილიონი აშშ დოლარი. მეორე ადგილს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა იკავებს, რომელზეც შემოსული ინვესტიციებიდან 109 მილიონი აშშ დოლარი მოდის. ორივე დარგში 2013 წლის მესამე კვარტალთან შედარებით თვალსაჩინო ზრდაა.

image002 წყარო: საქსტატი

2013

წლის მესამე კვარტალში საქართველომ 255 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია მოიზიდა, რაც 99%-ით ნაკლებია 2014 წლის მონაცემთან შედარებით. რაც შეეხება 2012 წლის მესამე კვარტლის ინვესტიციების რაოდენობას, ის 199 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 155%-ით ჩამორჩება.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 9 თვის განმავლობაში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების ოდენობამ 923 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29%-ით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36%-ით აღემატება. „ასევე, თუ გადავხედავთ აღნიშნულ მაჩვენებელს გრძელვადიან დინამიკაში, ჩვენ დავინახავთ, რომ 2008 წლის მეორე კვარტლის შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის 9 თვის ჯამური მონაცემით საქართველოში 923 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. 2013 წელს, იმავე პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა 715 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მართლაც 29%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელზე. 2012 წელს, პირველ 9 თვეში 678 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, რომელსაც 2014 წლის მონაცემი 36%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2014 წლის მესამე კვარტლის შედარებას გასული წლების მონაცემებთან, 508 მილიონ აშშ დოლარზე მაღალი რიცხვი ბოლოს 2008 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა – 605.4 მილიონი.

ცხრილი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვარტლების მიხედვით, მლნ. აშშ დოლარი

წელი

სულ

I კვ.

II კვ.

III კვ.

IV კვ.

2007

2 014.8

421.4

401.5

489.1

702.9

2008

1 564.0

537.7

605.4

134.7

286.2

2009

658.4

114.0

177.2

173.2

194.0

2010

814.5

166.5

208.3

225.6

214.1

2011

1 117.2

209.7

248.3

316.6

342.6

2012

911.6

261.2

217.7

199.0

233.7

2013

941.9

252.3

207.9

254.8

226.9

2014

923.3

265.3

150.5

507.5

წყარო: საქსტატი

აღსანიშნავია, რომ სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის ყოველ მომდევნო წელს მოზიდული ინვესტიციის ზრდაა საჭირო. 2014 წლის მესამე კვარტალში მიღწეული პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა გაცილებით დაბალი შედეგებია გასულ კვარტლებში.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2014 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან უცხოეთში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც. კერძოდ, ივლის-სექტემბერში საქართველოდან 73 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტირება განხორციელდა. 2013 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 1 მილიონი დოლარი იყო. შედეგად, თუ ავიღებთ პირდაპირი ინვესტიციების წმინდა ზრდას (შემოდინებას გამოკლებული გადინება), 2014 წლის მე-3 კვარტალში, მივიღებთ 435 მილიონი დოლარის პირდაპირ ინვესტიციას, რაც 71%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (254 მილიონი დოლარი).

  დასკვნა 2014

წლის მესამე კვარტალში პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობამ, მართლაც, 508 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (255 მილიონი დოლარი) 99%-ით, 2012 წლის მონაცემს (199 მილიონი დოლარი) კი 155%-ით აღემატება. 2014 წლის 9 თვის მონაცემი (923 მილიონი ლარი) 29%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 2012 წლისას კი – 36%-ით.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 508 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 99%-ით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 155%-ით აღემატება,“ არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

4560 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი