2014 წლის 26 ნოემბერს, პარლამენტში, 2015 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას, ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გეგმით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხვი იზრდება, რადგან ხელისუფლება კერძო სექტორში ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტიცია შემოიტანოს.

ფაქტ-მეტრი ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

2012 წლის ბიუჯეტის გეგმა საჯარო სექტორში 101 017 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებდა, თუმცა, ფაქტობრივად, 2012 წელს 102976 ადამიანი იყო დასაქმებული. 2013 წელს საჯარო სექტორში 109685 კაცი იყო დასაქმებული, 2014 წელს კი – 111337. მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 116 442 ადამიანს უნდა მიაღწიოს.

გრაფიკი 1: დასაქმება საჯარო სექტორში

image001

წყარო: საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვის ზრდა უმეტესწილად კულტურის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რიცხვის ზრდითაა განპირობებული (იხ. ცხრილი 1). აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ კულტურის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სხვადასხვა თეატრებში, მუზეუმებში, ანსამბლებსა და კულტურის სხვა დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობის სამინისტროს მუხლში გადმოტანამ გამოიწვია. რაც შეეხება შსს-ს, 2012 წელს სამინისტროში 28 553 ადამიანი მუშაობდა, 2015 წლის ბიუჯეტი კი 33 758 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. შსს-ში მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდა განაპირობა 2015 წლიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურების შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლამ. შესაბამისად, ქვეყნის მასტაბით ამ სამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობა (4936 კაცი) შსს-ში დასაქმებულებში აისახა, რაც თავისთავად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას არ ასახავს.

ცხრილი 1: უწყებები, სადაც დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება

ორგანიზაცია

2012 წელი

2015 წელი

ზრდა (კაცი)

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

418

7048

6603

შინაგან საქმეთა სამინისტრო

28533

33758

5225

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

841

2048

1207

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

603

1259

656

ფინანსთა სამინისტრო

4475

4785

310

მთავრობის ადმინისტრაცია

215

352

137

საგარეო საქმეთა სამინისტრო

596

716

120

წყარო: საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

თუ სახელმწიფო და კერძო სექტორის მთლიან დასაქმება-უმუშევრობას განვიხილავთ, ვნახავთ, რომ 2009 წლიდან უმუშევართა დონის კლება შეინიშნება. 2009 წელს უმუშევარი ქვეყნის მოსახლეობის 16.9% იყო, 2010 წელს – 16.3%, 2011 წელს – 15.1%, 2012 წელს – 15%, ხოლო 2013 წელს – 14.6%. აქვე, აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოში დასაქმებულ (როგორც დაქირავებულები, ასევე თვითდასაქმებულები) ადამიანთა ოდენობა შემცირდა. 2012 წელს დასაქმებული იყო 1724 ათასი, ხოლო 2013 წელს – 1712 ათასი კაცი.

2014 წლის დასაქმების და უმუშევრობის სრული მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2014 წლის მე-3 კვარტალში (მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია) 520 ათას კაცს შეადგენს. შედარებისთვის, 2013 წლის მე-3 კვარტალში აღნიშნულ სექტორში 507 ათასი კაცი იყო დასაქმებული. შედეგად, 2014 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმება 2.5%-ით გაიზარდა.

დასკვნა

ფაქტობრივი მონაცემების გადამოწმების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მართლაც გაზრდილია. 2012 წელს საჯარო სექტორში 102 976 დასაქმებული იყო, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა 116 442 იქნება, რაც ნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 13 466-ით გაიზარდა. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სხვადასხვა დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობის სამინისტროს მუხლში გადმოტანამ და სახანძრო-სამაშველო სამსახურების შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლამ. ჯამში, ამ ორ ცვლილებაზე მოდის დასაქმებულთა რიცხოვნობის დაახლოებით 11 500-ით ზრდა.

2013 წელს ქვეყანაში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 12 ათასი კაცით შემცირდა. ჯერჯერობით არ გვაქვს 2014 წლის მთლიანი დასაქმების მონაცემები. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ბიზნეს სექტორში, გასული წლის მე-3 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა, რაც 2.5%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ზურაბ მელიქიშვილის განცხადება არისნახევრად სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვერსია მიმდინარე წლის 8 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვის ზრდის შესახებ სტატიაში მოცემული ინფორმაცია არასრული იყო. როგორც აღმოჩნდა, 2014 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვის ზრდა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სხვადასხვა დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობის სამინისტროს მუხლში გადმოტანამ და სახანძრო-სამაშველო სამსახურების შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლამ გამოიწვია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ნათელია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ზრდის შესახებ დეპუტატის განცხადება ბოლომდე ზუსტი არაა. აღნიშნული გარემოების აღმოჩენის შემდეგ ფაქტ-მეტრმა სტატია დააკორექტირა. ასევე, შეიცვალა ვერდიქტიც და ზურაბ მელიქიშვილის განცხადება „მეტწილად სიმართლის“ ნაცვლად „ნახევრად სიმართლედ“ შეფასდა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5662 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია