2014

წლის 6 დეკემბერს ფაქტ-მეტრის რუბრიკის – „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში, მკითხველმა შოთა ნადირაშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების გადამოწმება გვთხოვა.

2014

წლის 3 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა,  სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ ბრიფინგი გამართა. „ახალი მეთოდოლოგიით ფულად დახმარებას 141 ათასი ოჯახის ნაცვლად 106 ათასი ოჯახი მიიღებს. გაზრდილ სოციალურ დახმარებას მათი მცირე რაოდენობა მიიღებს, დანარჩენები, ან ვინც ბაზაში დარჩებიან, მხოლოდ შემცირებულ თანხას,  30-40 ლარს მიიღებენ...  ეს რეფორმა დარტყმას საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მიაყენებს, განსაკუთრებით დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან ან მარტოხელა პენსიონერები, ან ცალკე მცხოვრები პენსიონერი ცოლ-ქმარი, რომელთაც სოციალური დახმარება შეუწყდებათ“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფაქტ-მეტრმა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია გაანალიზა.

მიზნობრივი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა 2006 წელს ამოქმედდა. 2010 წელს საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ N 93 დადგენილება

მიიღო. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ფორმულა სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: ოჯახის შემოსავალი, ოჯახის ქონება და  ოჯახის საჭიროებები. მას შემდეგ, რაც ოჯახი სოციალური დახმარების პროგრამაზე განაცხადს გააკეთებს, სოციალური აგენტი ოჯახის შემოსავალს და ქონებას აფასებს, რომელსაც გარკვეულ სარეიტინგო ქულას ანიჭებს. ფულად სოციალურ დახმარებას ის ოჯახები იღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება.

2013

წლის პირველი ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს სოციალური დახმარება გაუორმაგდათ. მანამდე სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის პირველი წევრი 30 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარს იღებდა. 2013 წლის პირველი ივლისიდან კი სოციალური გასაცემელი ოჯახის პირველ წევრზე 60 ლარს, ყოველ მომდევნო წევრზე კი 48 ლარს შეადგენს.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, UNICEF-ის მხარდაჭერით,  სოციალურად დაუცველი ოჯახების შინამეურნეობების შეფასების ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა 2013 წლის სექტემბერში დაიწყო.

2014 წლის 2 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, გაიოზ თალაკვაძემ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ახალი მეთოდოლოგია გააცნო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ახალი მეთოდოლოგიის მთავარი პრინციპი ის არის, რომ ოჯახის შემოსავალი და ოჯახის ის ქონება დაითვლება, რომელიც პოტენციურად შემოსავლის მომტანია. ძველი მეთოდოლოგიის ცვლადებიდან ამოღებული იქნა: სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება და საყოფაცხოვრებო საგნები (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი, კონდიციონერი, ტელევიზორი, ვიდეო ან ციფრული კამერა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თამბაქოს მოხმარება, კბილის პასტა).

ახალი ფორმულის მიხედვით, სარეიტინგო ქულების გრადაცია მოხდება. ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, 60 ლარს მიიღებს, 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები 50 ლარს, 57 000-დან 60 000-მდე - 40 ლარს, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე კი 30 ლარს მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე 10 ლარიან  დანამატს მიიღებს. მიზნობრივი სოციალური დახმარების წინა მეთოდოლოგიაში ბავშვზე დანამატი გათვალისწინებული არ იყო. ახალი ფორმულით, 10 ლარიან დანამატს 260 ათასი ბავშვი მიიღებს.

UNICEF-ის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში, 225 000 ბავშვი კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამასთან, ბავშვების შემთხვევაში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელს 50%-ით აღემატება. შესაბამისად, ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში კვლავ აქტუალური პრობლემაა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

სწორედ ამ მიზნით, UNICEF-მა მთავრობას ბავშვებისთვის დამატებითი ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ რეკომენდაცია მისცა. ის, თუ რამდენად საკმარისია ამ პრობლემის მოსაგვარებლად 10 ლარიანი დანამატი, ბუნებრივია, ცალკე განხილვის საგანია და ამ საკითხს ამჯერად ჩვენ არ შევეხებით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პარლამენტში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად,

ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში, ფულადი სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა 141 831-დან 106 000-მდე მცირდება. თუმცა, მოსახლეობის რაოდენობა 420 931-დან 460 000 მდე იზრდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სოციალური დახმარების მიმღები მცირერიცხოვანი ოჯახების და მარტოხელების რაოდენობა შემცირდება და  მრავალრიცხოვანი ოჯახების რაოდენობა კი პირიქით, გაიზრდება.

2014

წლის დეკემბრის მონაცემებით, ფულად სოციალურ დახმარებას 95 439 პენსიონერი იღებს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენი პენსიონერი მიიღებს სოციალურ დახმარებას ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში. სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა გრძელდება და აღნიშნული ინფორმაცია მას ჯერ-ჯერობით არ გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ საარსებო ფულადი შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 39 069 ადამიანით იზრდება, პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი არ იზრდება. ძველი მეთოდოლოგიის ფარგლებში თვეში მინიმუმ 22 697 მლნ ლარი და მაქსიმუმ 24 938 მლნ ლარი იხარჯებოდა. ახალი ფორმულის ფარგლებში კი (ბავშვის დანამატის გარეშე) მინიმუმ 21 200 მლნ ლარი და მაქსიმუმ 22 500 მლნ ლარი დაიხარჯება. თუ ბავშვის დანამატს გავითვალისწინებთ, მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 600 ათასი ლარით გაიზრდება. შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სოციალურად დაუცველების უმრავლესობა ნაკლებ თანხას მიიღებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მოწოდებული ინფორმაციის

თანახმად, არსებული მეთოდოლოგიით, სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების და პირთა რაოდენობა სარეიტინგო ქულების ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ოჯახის სარეიტინგო ქულა ოჯახების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობა
30 001 ქულაზე ნაკლები 38 239 128 539
30 001-57 000 116 224 333 456
57 001 – 60 000 11 663 36 724
60 001 – 65 000 22 019 68 796
65 001 – 100 000 194 893 600 008

ჩვენ დავინტერესდით, ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში, თუ როგორ გადანაწილდება სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების და ადამიანების რაოდენობა სარეიტინგო ქულების მიხედვით. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ მოწოდებულ წერილში განმარტებულია, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში, იმ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა  30 000-ს არ აღემატება, ოჯახის პირველი წევრისთვის, ან ერთწევრიანი ოჯახისთვის ფულადი დახმარება (60 ლარი) უცვლელი რჩება, ხოლო ყოველი მომდევნოსთვის 12 ლარით იზრდება. ამასთან, 57 000-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულის კატეგორიაში, სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველთვიურად  30 და  40 ლარიან დახმარებებს მიიღებენ. ამ კატეგორიაში ძველი მეთოდოლოგიით ფულადი დახმარება არ გაიცემოდა. თითოეულ ბავშვზე 10 ლარიან დახმარებას კი ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება.

არსებული მონაცემებით, როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, სოციალური დახმარების მიმღებთა უმრავლესობა 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულების ჯგუფში ხვდებიან.  ჩვენ გავაანალიზეთ, თუ რამდენით იზრდება სოციალური დახმარება ამ კატეგორიისთვის. შეგახსენებთ, რომ ძველი (არსებული) მეთოდოლოგიით ოჯახის პირველი წევრი იღებს 60 ლარს, ყოველი მომდევნო წევრი 48 ლარს. ახალი მეთოდოლოგიით ოჯახის ნებისმიერი წევრი 50 ლარს მიიღებს.

ოჯახის წევრთა რაოდენობა თანხა ძველი მეთოდოლოგიით თანხა ახალი მეთოდოლოგიით დააკლდება დაემატება
1 60 50 10 ლარი
2 108 100 8 ლარი
3 156 150 6 ლარი
4 204 200 4 ლარი
5 252 250 2 ლარი
6 300 300 0 0
7 348 350 2 ლარი

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების

თანახმად, სოციალური დაუცველი ოჯახების დაახლოებით 89%-ის წევრთა რაოდენობა კი 1-დან 5-მდე მერყეობს. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების უმრავლესობა, რომლებიც 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის კატეგორიაში მოხვდებიან, ყოველთვიურად 2-დან 10-ლარამდე ნაკლებ თანხას მიიღებენ, ვიდრე აქამდე იღებდნენ.

დასკვნა

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ფარგლებში, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე 10 ლარიან დანამატს მიიღებენ. ბავშვზე დანამატი ძველ მეთოდოლოგიაში გათვალისწინებული არ იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფულად სოციალურ დახმარებას (30 და 40 ლარის ფარგლებში) ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც 57 000-60 000 და 60 000- 65 000 სარეიტინგო ქულის კატეგორიაში მოხვდებიან. ძველი მეთოდოლოგია აღნიშნულ კატეგორიაში ფულად დახმარებას არ ითვალისწინებდა.

ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში, ფულადი სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა 35 831-ით მცირდება, თუმცა, ადამიანების რაოდენობა 39 069-ით იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მცირერიცხოვანი და ერთწევრიანი ოჯახების რაოდენობა მცირდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საარსებო ფულადი შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება, პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი (ბავშვის დანამატის გარეშე) არ იზრდება. შესაბამისად, სოციალურად დაუცველების დიდი ნაწილი ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში, სოციალური დახმარების სახით ნაკლებ თანხას მიიღებენ.

ასევე, არსებული სტატისტიკით, სოციალურად დაუცველების უმრავლესობა 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის კატეგორიაში გვხვდება. ამ კატეგორიის ოჯახები, რომელთა წევრების რაოდენობა ერთიდან ხუთამდე მერყეობს, სოციალური დახმარების სახით თვეში 2-დან 10-ლარამდე ნაკლებ თანხას მიიღებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, სოციალური დაუცველების შინამეურნეობების შეფასების ახალი მეთოდოლოგიაზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ამ მიზეზით, ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში სააგენტომ კონკრეტული ინფორმაცია (სოციალურად დაუცველი ოჯახების და პირების რაოდენობის გადანაწილება სარეიტინგო ქულების ჯგუფების მიხედვით და სოციალურად დაუცველ პენსიონერთა რაოდენობის ცვლილება) ვერ მოგვაწოდა. შესაბამისად, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებში მოყვანილი ფაქტების სრულყოფილად გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა, როგორც ჩვენი კვლევიდან ჩანს, მისი განცხადების კონტექსტი სიმართლეს შეესაბამება.

ფაქტ-მეტრი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, სოციალური დაუცველი ოჯახების შინამეურნეობების შეფასების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ ამ ეტაპზე ვერდიქტის გარეშე ტოვებს და საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია