იტვირთება

2014 წლის 16 დეკემბერს, თოქ-შოუ „რეაქციაში,“ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის გაუფასურებასა და პროდუქტზე ფასების ზრდის რისკების შესახებ ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები კოორდინირებული ქმედებებით ცდილობენ, რომ ლარის კურსის გაუფასურების ფონზე პროდუქტების ფასი არ გაიზარდოს. ნოდარ ხადურის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებები ეფექტიანია. ამის საილუსტრაციოდ მან ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის შემცირება მოიყვანა და აღნიშნა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ საწვავის ფასი ადგილობრივ ბაზარზე, მიუხედავად ლარის კურსის დევალვაციისა, 25 თეთრით შემცირდა.

ჩვენ ნოდარ ხადურის განცხადების სიზუსტით დავინტერესდით.

გასული წლის ნოემბრიდან ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო.

საერთო ჯამში ლარი დაახლოებით 25 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ნავთობის ფასებს, "Platt’s"-ის[1]

 მიხედვით, 2014 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება დაიწყო და ის დღემდე გრძელდება. „Platt’s”-ზე ნავთობპროდუქტზე ფასების გაიაფების პარალელურად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასიც იკლებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2014 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. კერძოდ, 1 დეკემბრის მონაცემებით, „Platt’s”-ზე 1 ტონა A-92 ტიპის საწვავის ღირებულებამ 654 დოლარი შეადგინა, ხოლო 30 დეკემბერს ამავე ტიპის 1 ტონა საწვავი 153 დოლარით გაიაფდა და მისი ღირებულება 501 დოლარით განისაზღვრა. შედარებისთვის, რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 2014 წლის 4-6 დეკემბრისთვის საქართველოში 1.93 თეთრს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს საწვავის ფასმა 10 თეთრით დაიკლო და 1.83 შეადგინა. როგორც ვხედავთ, დეკემბრის თვეში საერთაშორისო ბაზარზე რეგულარის ტიპის საწვავი დაახლოებით 36 პროცენტით გაიაფდა, ადგილობრივ ბაზარზე კი საწვავის ფასი მხოლოდ 5.2 პროცენტით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ საწვავის ფასს სხვა დამატებითი ფაქტორებიც განსაზღვრავს, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დადგენილ ღირებულებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზის ღირებულება, ტრანსპორტირება, ადგილობრივ ფილიალებში დისტრიბუცია, მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურება და კომპანიის სხვადასხვა სახის დანახარჯები, რომლებზეც საერთაშორისო ფასები გავლენას ვერ ახდენს.

ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების დინამიკის საილუსტრაციოდ, უმჯობესია 2012 წლის დეკემბერსა და 2014 წლის ამავე მონაკვეთში საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასები შევადაროთ. 2012 წლის ბოლოს „Platt’s”-ის მიხედვით, A-92 ტიპის 1 ტონა საწვავის ღირებულება 986 დოლარი იყო, ხოლო 2014 წლის ამავე პერიოდში კი - 501 დოლარი.

ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვამდე არსებული მიახლოებითი ფასის დასადგენად, გამოთვლის პროცესში ლარის 2012 წლის დეკემბერსა და 2014 წელს არსებული გაცვლითი კურსები უნდა გავითვალისწინოთ. 2012 წლის ბოლოს დოლარის კურსი 1.6567 იყო, ხოლო 2014 წლის ბოლოს კი - 1.8636.

ცხრილი 1:

ბენზინზე ფასწარმოქმნა

წლის დეკემბერი 1 ლიტრის ფასი დოლარში ლარის კურსი 1 ლიტრის ფასი ლარში აქციზის გადასახადი დღგ და სხვა ხარჯები თვითღირებულება სარეალიზაციო ფასი
2012 0,716 1,6567 1,19 0,29 0,52 2,00 2,05
2014 0,364 1,8636 0,68 0,29 0,52 1,49 1,83

როგორც ვხედავთ, 2012 წლის დეკემბრის ბოლოს 1 ლიტრი საწვავის სავარაუდო თვითღირებულება 2 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი გასაყიდი ფასი საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებში 2.03-2.05 ლარი იყო.

2014

წლის დეკემბერში 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავის სავარაუდო თვითღირებულებამ 1.49 ლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებში რეგულარის ტიპის საწვავი 2014 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით 1.83 ლარი ღირდა. 18 იანვრის მონაცემებით, რეგულარის ტიპის საწვავი კიდევ 13 თეთრით შემცირდა. შემცირდა ყველა ტიპის საწვავის ფასიც. მიუხედავად ფასების კლების ტენდენციისა, როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წელთან შედარებით საწვავის რეალიზატორ ფირმებს 1 ლიტრ ბენზინზე გაცილებით მეტი მოგება რჩებათ. 2012 წლის დეკემბერში 1 ლიტრ რეგულარის ტიპის საწვავზე მოგება დაახლოებით 5 თეთრს შეადგენდა. აღსანიშნავია რომ, „Platt’s”-ზე ფასების კლების შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფებას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება. ეს ის დროა, რაც ახალ ფასად შესყიდულ ბენზინს საცალო გაყიდვაში მოსახვედრად სჭირდება. შესაბამისად, დეკემბერში გაიაფებული საწვავის შედარებისთვის 2015 წლის იანვრის ფასი უნდა ავიღოთ. მივიღებთ, რომ 1.49 ლარის თვითღირებულების ევრორეგულარის ტიპის ბენზინი 1.69 ლარად იყიდება, ანუ მოგების მარჟა დაახლოებით 20 თეთრია.

  დასკვნა 2012

წლის დეკემბერთან შედარებით, საწვავის ღირებულება დაახლოებით 25 თეთრით მართლაც შემცირდა. ამავე პერიოდში, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი განახევრდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არც აქციზის გადასახადი და არც დამატებითი ღირებულების გადასახადი არჩევნების შემდეგ არ შეუმცირებია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკას საწვავის ფასის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა არ ჰქონია. ამასთან, კოალიცია „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დადგენილი ფასების შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის როგორც კლება, ისე ზრდა, რამდენჯერმე დაფიქსირდა.

ლარის უფრო დაბალი გაცვლითი კურსის პირობებში საწვავის ფასი უფრო დაბალი იქნებოდა, ვიდრე ეს ამჟამადაა. საწვავის ღირებულებაზე, გარდა საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებისა, მნიშვნელოვანი გავლენა აქციზის, დამატებითი ღირებულების გადასახადს და თავად კონკრეტული კომპანიის მიერ გაწეულ სხვადასხვა დანახარჯებს აქვს. სწორედ ეს გახლავთ იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ გაიაფდა საქართველოში ბენზინი იმავე პროცენტით, რა პროცენტითაც ბენზინის მსოფლიო ფასი შემცირდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით რეალიზატორი ფირმების მოგების მარჟა გაზრდილია. საწვავის ფასს არა მხოლოდ თვითღირებულება, არამედ მასზე მოთხოვნა და ბაზარზე კონკურენცია განსაზღვრავს. მოგების მარჟის გაზრდის შემთხვევაში, კომპანიები, კონკურენციის პირობებში, საწვავის ფასს ამცირებენ. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას საწვავის ფასის შემცირებაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ გავლენა არ ჰქონია.

არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ნოდარ ხადურის განცხადების კონტექსტი სწორად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის განცხადება არის მცდარი.


[1]

Platt’s წარმოადგენს მედიაჰოლდინგ McGraw-hill companies-ში შემავალ დამოუკიდებელ ამერიკულ საინფორმაციო სააგენტოს, რომლის საკვლევ სფეროსაც ენერგეტიკა და მარკეტინგული მომსახურება წარმოადგენს. Platt’s მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას,  წარმოების სიახლეების, ბუნებრივი აირის, ნავთობის, ელექტროენერგიისა და სხვა ტიპის ბუნებრივ რესურსების მიმდინარე ფასების შესახებ


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3912 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი