იტვირთება

2014

წლის 30 დეკემბერს, თოქშოუ "არჩევანში," საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ექსპლუატაციაში შვიდი ახალი ჰიდროელექტროსადგური შევიდა.

ფაქტ-მეტრმა 2014 წელს ექსპლუატაციაში შესული ჰესების შესახებ ინფორმაცია მოიძია.

სოფელ შილდაში განთავსებული „შილდა ჰესის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2014 წლის სექტემბერში შევიდა. ჰესის სიმძლავრეა 5 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება - 30 მლნ კვტ/სთ. ჰესის მშენებლობაში 5.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ის ქართული კომპანია „ენერგიას“ საკუთრებაში შედის.

ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირში მდებარე „ბახვი ჰესი - 3“ წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგების – „კუსტო ჯგუფის“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტს, რომელიც შპს „ბახვი პაიერ“-ის მიერ განხორციელდა. ჰესის მშენებლობა 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. მოზიდული ინვესტიციების საერთო რაოდენობამ 13.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჰესის სიმძლავრე 9.8 მგვტ-ს შეადგენს, რომელიც წლიურად 38 მლნ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს. ჰესი ექსპლუატაციაში 2013 წლის სექტემბერში შევიდა.

„ფარავანი ჰესის“ მშენებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დააფინანსა. „ფარავანი ჰესის“ მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. ჰესის სიმძლავრე 87 მეგავატია. პროექტში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მისი სპონსორი „ჯორჯია ურბან ენერჯია“. პროექტის დასაფინანსებლად ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა 52 მლნ აშშ დოლარი გამოყო. "ფარავანი ჰესი" 410 მლნ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს. ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის დასაწყისში იგეგმება. დაბა ყაზბეგში, „ლარსი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ჰესი დერივაციული ტიპისაა[1]

და მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. მის მშენებლობაში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. „ლარსი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა.

რაც შეეხება „ყაზბეგი ჰესს,“ მისი საინვესტიციო ღირებულება 2 მლნ აშშ დოლარია, ხოლო დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, რაც წლიურად 30 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავების საშუალებას იძლევა. ჰესის მშენებლობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო და ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში „ახმეტა ჰესის“ მშენებლობა 2013 წლის ივნისში დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 2014 წელს შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრეა 9.4 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება კი 50 მლნ კვტ/სთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 9.8 მლნ აშშ დოლარს შეადენს, რომელიც ბულგარულმა კომპანია „ჰიდროლეამ“ ადგილობრივი ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით განახორციელა.

„არაგვი ჰესის“ მშენებლობა 2012 წლის თებერვალში დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მლნ კვტ/სთ-ა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 13 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. „არაგვი ჰესი“ წარმოადგენს პირველ ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც ქართული და ავსტრიული კერძო ინვესტორების თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ექსპლუატაციაში ასევე შევიდა „ნაბეღლავი ჰესი“.  ჰესი გურიაში, მდინარე გუბაზეულზე აშენდა და მისი საინვესტიციო ღირებულება 2,8 მლნ აშშ დოლარია, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1.9 მგვტ.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიღწევას შეუწყობს ხელს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ენერგოუსაფრთხოებას მართლაც დიდი პოლიტიკური, ენერგეტიკული და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზე წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსებია. საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, ქვეყნის მთლიანი ფართის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. შესაბამისად, ახალი ჰესების მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიღწევის თვალსაზრისით. თუმცა, საქართველოს ენერგეტიკის სფეროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბუნებრივი აირის სექტორში მომწოდებლების დივერსიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე აქტიურად მოხმარებადი ენერგიის წყარო ბუნებრივი აირია. ენერგიის მოხმარების ზრდასთან ერთად კი, იზრდება ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებაც. ამჟამად, საქართველო დიდწილად არის დამოკიდებული რუსულ და აზერბაიჯანულ ენერგიაზე, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

  დასკვნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2013-2014 წლებში ექსპლუატაციაში შვიდი ჰიდრელექტროსადგური შევიდა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე.


[1]

ჰესის ტიპი, რომელიც ფუნქციონირებს მცირე კაშხლით ან მის გარეშე. მდინარის ბუნებრივი ჩამონადენის ნაწილი მილის ან არხის მეშვეობით მიეწოდება ტურბინებს ელექტროენერგიის საწარმოებლად


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი