2013

წლის 17 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა:

„ამ ხნის განმავლობაში, მე ვერ ვნახე, ოპონენტებისგან კონკრეტული წინადადება, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენებიდან დაწყებული დღევანდელი დღით დამთავრებული.  ჩვენ კანონმდებლები ვართ, კანონები  ქაღალდზე იწერება და ნებისმიერი წინადადება თუ შემოთავაზება ამ ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი“.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არ მქონე პირს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლის შემთხვევაში, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება (400 ლარის ოდენობთ), დანაშაულის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემა.

მოქმედი კანონმდებლობით, კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება [ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა]. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას  სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლი და 322-ე პრიმა მუხლი, ასევე  საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიები შესახებ“

არეგულირებს.

აღნიშნულ კანონპროექტს საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს. მათი თქმით, ეს ცვლილება სახელმწიფო საზღვარზე განსხვავებულ რეჟიმებს ადგენს.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა და გადაამოწმა, იყო თუ არა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან შესული რეკომენდაცია, ან რაიმე სახის კონკრეტული წინადადება, საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

ჩვენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატს დავუკავშირდით, სადაც განმარტეს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან კომიტეტის აპარატში რეკომენდაცია ან წინადადება [წერილი] არ შესულა. იგივე დაადასტურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატმაც.

17

მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილის გამოსვლამდე, საპარლამენტო უმცირესობამ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვისას მთავრობას ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, რაც სახელმწიფო საზღვრის რეგულირების ერთნაირ მექანიზმს გულისხმობდა. აღნიშნული შეთავაზების მიხედვით, სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე საზღვრის უკანონო კვეთისას პირველ ჯერზე პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო ჯარიმა, ოღონდ სისხლის სამართლებრივი, განმეორების შემთხვევაში კი - თავისუფლების აღკვეთა. კანონპროექტის განხილვისას უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან ეს წინადადება რამდენჯერმე გაჟღერდა.

დასკვნა

ჩვენ გავარკვიეთ, რომ პარლამენტში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით უმცირესობის მხრიდან წერილობითი (ოფიციალური) რეკომენდაცია, ან ალტერნატიული წინადადება მართლაც არ შესულა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადებაში ყურადღება ერთ გარემოებაზე არ გაამახვილა. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობამ  დავით უსუფაშვილის აღნიშნულ განცხადებამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას, უმრავლესობას ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა. ეს შეთავაზება ზეპირად გაჟღერდა, თუმცა ის კონკრეტულ წინადადებას შიცავდა: ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისას პირველ ჯერზე ყოფილიყო ჯარიმა, ოღონდ სისხლის სამართლებრივი, რითაც სახელმწიფო საზღვრის მთელს პერიმეტრზე ერთიანი რეჟიმი შენარჩუნდებოდა.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, დავით უსუფაშვილის განცხადება, იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმცირესობისგან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში კონკრეტული წინადადება არ შესულა, რომელიც როგორც წესი, წერილობითი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია