2015

წლის 15 იანვარს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ახალმა სავიზო რეგულაციებმა ჩინეთიდან როგორც ტურისტების, ისე მომუშავე პერსონალის შემოსვლა მნიშვნელოვნად შეაფერხა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება მინისტრის ეს განცხადება სიმართლეს და მისი შემოწმება გადაწყვიტა.

2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი

– „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის“ შესახებ. კანონის თანახმად, ტურისტული მიზნით საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის C1 კატეგორიის ვიზა განისაზღვრა. ნათესავების მონახულების მიზნით შემოსვლას C2 კატეგორიის ვიზა არეგულირებს. საქმიანი შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის და ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად C3 კატეგორიის ვიზაა საჭირო, შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად – D1, ხოლო სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად კი – D2.

აღნიშნული კატეგორიების ვიზების გაცემა 2014 წლის 1 სექტემბრამდე  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და იუსტიციის სახლებში იყო შესაძლებელი, ხოლო ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ვიზის მისაღებად ვიზიტორმა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებს უნდა მიმართოს. ცვლილებების შედეგად, აღნიშნული ვიზების მფლობელი უცხოელის საქართველოში ყოფნის საერთო ვადა ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთივე ვადები დაწესდა იმ ვიზიტორებისთვის, რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ვიზები ასევე დაყოფილია მოკლევადიან და გრძელვადიან, ერთჯერად და მრავალჯერად კატეგორიებად. მრავალჯერადი კატეგორიის ვიზა არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით გაიცემა, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, საქართველოში ყოფნის უფლება ვიზიტორს 180 დღიან პერიოდში 90 დღის ვადით ეძლევა. მაგალითად, მრავალჯერადი D1 კატეგორიის ვიზის მიღების შემთხვევაში, ვიზიტორმა ყოველ 90 დღეში უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და 90 დღის გასვლის შემდეგ დაბრუნდეს, რაც კონტრაქტით მომუშავე პერსონალისთვის, ბუნებრივია, საკმაოდ დიდი პრობლემაა.

რაც შეეხება ტურისტულ ვიზებს, პირველ ჯერზე ასეთი ტიპის ვიზა 30 დღიანი ვადით გაიცემა. 90 დღიანი C1 ტიპის ვიზა იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ვიზიტორი საქართველოს ტერიტორიაზე მეორედ შემოდის. ჩინეთიდან ტურისტების შემოდინება განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ქალაქ ურუმქში, საიდანაც თბილისის მიმართულებით ფრენები ხორციელდება, საქართველოს საკონსულო არ არის. საქართველოში ჩამოსვლის მსურველ ჩინელ ტურისტს უწევს ჯერ პეკინში ჩავიდეს, 10-30 დღე ვიზას დაელოდოს და შემდეგ, 3 177 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ურუმქიდან თბილისში გამოფრინდეს. ბუნებრივია, ეს არის ზედმეტად რთული პროცედურები ტურისტისთვის, რომელსაც შეზღუდული დრო და რესურსი აქვს.

ახალი სავიზო რეგულაციების საკითხი „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პოლისი ბრიფშიცაა

განხილული. რეგულაციების შედეგად შექმნილ სირთულეებთან ერთად, ბრიფში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის მოქალაქეების პრობლემებზეც არის საუბარი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების

მიხედვით, ჩინეთიდან შემოსულთა საერთო რაოდენობა 2013 წელს 8 830 იყო. 2014 წელს ჩინეთიდან შემოსულთა რაოდენობა 8 598-მდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. აქვე აღსანიშნავია, რომ შესამჩნევი შემცირება მეოთხე კვარტალზე, ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების პერიოდზე მოდის (იხ. გრაფიკი 1, 2).

გრაფიკი 1:

საქართველოში ჩინეთიდან შემოსულთა 2013-2014 წლის სტატისტიკა კვარტლების მიხედვით

image001

გრაფიკი 2:

 საქართველოში ჩინეთიდან შემოსულთა რაოდენობა 2013-2014 წლებში (თვეების მიხედვით)

image002

როგორც გრაფიკებიდან ჩანს, 2014 წლის IV კვარტალში, მას შემდეგ რაც ახალი სავიზო რეგულაციები ამოქმედდა, ჩინეთიდან 48%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე იმავე წლის III კვარტალში, ხოლო 2013 წლის IV კვარტალთან შედარებით, კლების მაჩვენებელი 41%-ია.

ახალი სავიზო რეგულაციების შედეგად გაჩენილი პრობლემების შესახებ ჩინეთის საელჩოს კომერციულმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა, ლუი ბომ „The Financial“-თან ინტერვიუში

ისაუბრა. მრჩევლის განცხადებით, 2014 წლის განმავლობაში საქართველოს ჩინეთიდან 30 დელეგაცია ეწვია, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების ჩასადებად მუშაობა დაიწყეს. მისი თქმით, უფრო მეტი პოტენციური ინვესტორი გეგმავდა საქართველოში საქმიანობის დაწყებას, მაგრამ ახალი სავიზო რეგულაციებით გამოწვეული პრობლემების გამო, მათ საქართველოს მიმართ ნდობა დაკარგეს. ლუი ბოს შეფასებით, სავიზო რეგულაციები არამარტო შესაძლო ინვესტორებს, არამედ საქართველოში უკვე არსებულ კომპანიებსაც შეუქმნით პრობლემას.

ჩინეთის საელჩოს ეკონომიკურმა მრჩეველმა საქართველოში ჩინელი ტურისტების შემოდინებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები,“ რომელიც კვირაში სამჯერ ასრულებს რეისებს ურუმქი-თბილისის მიმართულებით, ბროშურებისა და სტატიების დაბეჭდვით საქართველოს პოპულარიზაციაზე აქტიურად მუშაობდა. მიუხედავად ამისა, ეს რეისი შეიძლება გაუქმდეს, რადგან თუ პირველ სექტემბრამდე მგზავრთა რაოდენობა რეისებზე 100-ს აჭარბებდა, ახლა რეისზე 15-20 ადამიანია.

"ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების" ურუმქი-თბილისის რეისების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზეა

განთავსებული, სადაც, ჯერჯერობით, რეისის ბოლო დღედ 28 მარტია აღნიშნული.

დასკვნა 2013 წელს ჩინეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სტატისტიკა სტაბილური იყო. ასევე, 2014 წელს ჩინეთიდან შემოსულთა რაოდენობა ყოველ კვარტალში სტაბილურად იზრდებოდა. მეოთხე კვარტალში კი, წინა კვარტალთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 48%-ით, ხოლო წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით 41%-ით შემცირდა. ამ მაჩვენებლის კლების მთავარი მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული ახალი სავიზო და საემიგრაციო რეგულაციები გახდა. აღსანიშნავია, რომ ახალი სავიზო კანონის ძალაში შესვლამდე, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ,

რომ ახალი პოლიტიკა საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს პრობლემას არ შეუქმნიდა. მათი თქმით, კანონის მთავარი მიზანი უსაფრთხოების გაუმჯობესება იყო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: „სავიზო რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ჩინეთიდან, როგორც ტურისტების, ასევე მომუშავე პერსონალის შემოსვლა,“ არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი