2014 წლის 10 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ეკონომიკის მინისტრის სამივლინებო ხარჯებზე ისაუბრა: „გიორგი კვირიკაშვილის ბილეთი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 18 764 ლარი დაჯდა. გარდა ამისა, კლიმატის სამიტზე გამგზავრების დროს, ვიცე-პრემიერმა ბილეთში 12 732 ლარი გადაიხადა. კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა – ეს არის კვირიკაშვილის მივლინება ყაზახეთში, როდესაც მან ასტანაში გასაფრენი ბილეთი 8 766 ლარად იყიდა. ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და ასტანაში გასამგზავრებელი ბილეთი 800 ლარი ღირს. როდესაც მოვიძიეთ, ასეთი ფასის ბილეთი ვერ ვიპოვეთ და გაუგებარია, სად ყიდულობს ასე ძვირად ბილეთებს. ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესკლასის ბილეთი, არამედ ეს არის პირველი, პრაიმკლასის ბილეთები“ –განაცხადა დეპუტატმა.

ირმა ნადირაშვილს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა: „არასდროს მისარგებლია პირველი კლასით. ძალიან ხშირად ღამის რეისით წამოსული იმავე საღამოს ჩამოვსულვარ ევროპიდან, რომ სამუშაო დღე არ გამეცდინა. ჟურნალისტები იქნებ დაინტერესდეთ, ირმა ნადირაშვილის „საყვარელი“ მთავრობის წევრები რა ფასად დაფრინავდნენ“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებებით დაინტერესდა და მათ გადამოწმებას შეეცადა.

ჩვენ ოფიციალური წერილით ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ და გიორკი კვირიკაშვილის (2012-2014), ასევე ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას (2011-2012) სამივლინებო ხარჯები გამოვითხოვეთ.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას ყოფილი (ვერა ქობალია) და ახლანდელი (გიორგი კვირიკაშვილი) მინისტრების სამივლინებო ხარჯების შესახებ, ქვემოთ, ცხრილების სახით გთავაზობთ:

ცხრილი 1:გიორგი კვირიკაშვილის 2012-2014 წლების სამივლინებო (ქვეყნის გარეთ) ხარჯები

დღიური ნორმა

დანამატი დღიურზე

წარმომადგენლ.

საცხოვ.ფართის დაქირავება

ავია ბილეთის ფასი

სულ ხარჯი

2012წ

601

481

0.00

1 276

5 821

8 179.8

2013წ

4 726

3 781

6 383

12 726

24 584

52 199.7

2014წ

5 974

4 779

17 797

25 862

68 266

122678.6

ცხრილი 2:ვერა ქობალიას 2011-2012 წლის სამივლინებო (ქვეყნის გარეთ) ხარჯები

დღიური ნორმა

დანამატი დღიურზე

წარმომადგენლ.

საცხოვ. ფართის დაქირავება

ავია ბილეთის ფასი

სულ ხარჯი

2011წ

12 056

9 679

12 680

65 537

171 605 271557

2012წ

6 620

4 901

10 517

34 071

114 489

170597

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ჩანს, ექს-მინისტრის, ვერა ქობალიას ერთი წლის (2011 წლის) სამივლინებო ხარჯები (271 557 ლარი), 88 499 ლარით აღემატება მოქმედი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მთლიან (2 წლისა და სამი თვის) სამივლინებო ხარჯებს (183 058). გარდა ამისა, 2011-2012 წლებში, ვერა ქობალიამ 64 ვიზიტი განახორციელა და სამივლინებო ხარჯებმა 442 155 ლარი შეადგინა. ეკონომიკის ამჟამინდელმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კი, 2012-2014 წლებში 55 ვიზიტი განახორციელა და მისმა სამივლინებო ხარჯებმა 183 058 ლარი შეადგინა. 2012 წელს ვერა ქობალიამ 24 ვიზიტი განახორციელა, 170 597 ლარის ოდენობის სამივლინებო ხარჯებით. 2013 წელს კი, გიორგი კვირიკაშვილის მიერ განხორციელებულ 25 ვიზიტში 52 199 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება მივლინებებისას გამოყენებულ ბილეთების კლასს, გიორგი კვირიკაშვილს პირველი კლასით არცერთი მივლინების დროს არ უსარგებლია. მინისტრი მივლინებებში ძირითადად ეკონომკლასით დაფრინავდა. რიგ შემთხვევებში მან ბიზნესკლასითაც იფრინა. ვერა ქობალიაც მხოლოდ ეკონომკლასით და ასევე ბიზნესკლასითაც სარგებლობდა.

ირმა ნადირაშვილმა თავის განცხადებაში ეკონომიკის მინისტრის სამი მივლინება გამოყო და ამ მივლინების დროს განხორციელებული სატრანსპორტო ხარჯები დაასახელა. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის მივლინებების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მინისტრის ვიზიტისას, ავიაბილეთის ღირებულებამ 18 764 ლარი შეადგინა, თუმცა, ეს სამი მიმართულების ავიაბილეთის საერთო ფასია: თბილისი-მიუნხენი-ვაშინგტონი (7310 ლარი), ვაშინგტონი-ნიუ-იორკი (826 ლარი), ნიუ-იორკი-მიუნხენი (10 627 ლარი). აქედან, პირველი ორი მიმართულება ეკონომკლასის ბილეთებია, მესამე მიმართულება კი – ბიზნეს კლასი.

ნიუ-იორკში მივლინების დროსა მგზავრობის ღირებულებამ მართლაც 12 732 ლარი შეადგინა. ამ შემთხვევაშიც, ეს იყო თბილისი-მიუნხენი-ნიუიორკი-მიუნხენი-სტამბული-თბილისის მიმართულების ბიზნეს კლასის ბილეთების ღირებულება. რაც შეეხება ასტანაში გასაფრენი ბილეთის ღირებულებას (8 766 ლარი), სამინისტროს ინფორმაციით, ასტანაში მინისტრი ბრიუსელიდან ჩავიდა და ეს იყო ბრიუსელი-სტამბული-ასტანა7192 ლარის ბიზნესკლასის ბილეთის და ასტანა-სტამბული-თბილისი 1 573 ლარის ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებების ჯამი.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ექს-მინისტრსაც აქვს განხორციელებული ვიზიტები ნიუ-იორკსა და ასტანაში. ასტანაში ვერა ქობალია ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად 2011 წლის 20 აპრილს გაემგზავრა. ავიაბილეთის ღირებულებამ 5 678 ლარი შეადგინა, რაც შემდეგი მიმართულებების: თბილისი-სტამბული-ალმა-ატა (2251 ლარი), ალმა-ატა-ასტანა (486) და ალმა-ატა-სტამბული-თბილისი (2941) ღირებულებების ჯამია. 2011 წლის 16 სექტემბერს ნიუ-იორკში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაშინდელი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც იმყოფებოდა. ავიაბილეთის ღირებულება 26 724 ლარი იყო.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებისას გაირკვა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მივლინებებში ძირითადად ეკონომკლასის და ასევე ბიზნესკლასის ბილეთებით დაფრინავდა. მინისტრს მივლინებებისას პირველი კლასის ბილეთით არასდროს უსარგებლია. დეპუტატი მინისტრის მიერ განხორციელებული სამი მივლინების ფრენის ხარჯებს მართალია სწორად ასახელებს, თუმცა იმაზე არ ამახვილებს ყურადღებას, რომ ეს რამდენიმე მიმართულების ბილეთების ჯამური ღირებულებაა. აღნიშნული კი განცხადების კონტექსტს ცვლის.

გიორგი კვირიკაშვილი თავის პასუხში ჟურნალისტებს ყოფილი მთავრობის სამივლინებო ხარჯების გადამოწმებისკენ მოუწოდებდა. ჩვენ მისი წინამორბედის 2 წლის სამივლინებო ხარჯები განვიხილეთ. როგორც კვლევამ აჩვენა, ვერა ქობალიას სამივლინებო ხარჯები მართლაც აღემატება გიორგი კვირიკაშვილის სამივლინებო ხარჯებს. მართალია, ვერა ქობალიამ 2011-2012 წლებში 16%-ით მეტი ვიზიტი განახორციელა, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილმა 2012-2014 წლებში, თუმცა, სხვაობა ორი მინისტრის სამივლინებო ხარჯებს შორის 142%-ს შეადგენს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადება კი – მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5563 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი