მიმდინარე წლის 18 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის ექსპორტის კლების ტენდენციაზე გაამახვილა. მისი განცხადებით: "იანვარში ექსპორტის 30%-იანი კლება დაფიქსირდა. ექსპორტში ვარდნის ტენდენცია დაახლოებით გასული წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო. შემიძლია გითხრათ, რომ ნოემბერში დაახლოებით 35 პროცენტიანი, დეკემბერში კი 20 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა". დეპუტატის თქმით, DCFTA-ის გაფორმების შემდეგ ექსპორტის მოცულობა არათუ გაიზარდა, არამედ პირიქით, შემცირდა.

ფაქტ-მეტრი კიდევ ერთხელ დაინტერესდა საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებით და ზურაბ მელიქიშვილის განცხადება გადაამოწმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით შემცირდა და 156 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარში, ექსპორტის მოცულობა 20%-ით 2013 წლის იანვრის მაჩვენებელსაც კი ჩამორჩება. 2015 წლის იანვარში შემცირდა საგარეო ვაჭრობის ბრუნვა (9%-ით) და იმპორტიც (1%-ით).

2014 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა 2%-ით შემცირდა. ექსპორტის კლების ტენდენცია 2014 წლის აგვისტოდან შეინიშნება. ექსპორტის მოცულობა აგვისტოში 13%-ით, სექტემბერში 7%-ით, ოქტომბერში 5%-ით, ნოემბერში 35%-ით და დეკემბერში 20%-ით შემცირდა.

გრაფიკი 1: ექსპორტის დინამიკა 2014 წელს

image001

2014 წელს ექსპორტის მოცულობა დსთ-ის ქვეყნებში 10%-ით შემცირდა. დსთ-ის ქვეყნები საქართველოს მთლიანი ექსპორტის 51%-ს იკავებდნენ. ამასთან, ექსპორტის მიხედვით უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან ექსპორტი დაახლოებით 165 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. სხვა მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, ექსპორტი ასევე შემცირდა სომხეთში, უკრაინაში და ყაზახეთში. 2014 წელს ექსპორტის ზრდა რუსეთის, თურქეთის, აშშ-ს და ჩინეთის ბაზარზე შეინიშნებოდა.

2015 წლის იანვრის მონაცემებით, დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 51%-ით შემცირდა და 55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, იანვარში ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში და თურქეთში. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, რომელიც საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილს იკავებს, დაახლოებით 49%-ით შემცირდა.

2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ამოქმედდა. შეთანხმება საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს. ბუნებრივია, რომ ამ ხელშეკრულების ამოქმედებამ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის ზრდასაც ხელი უნდა შეუწყოს. 2014 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მოცულობა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით თითქმის უცვლელი იყო, ხოლო ოქტომბრიდან, ევროკავშირთან ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2014 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი ჯამში მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 35%-ით გაიზარდა და 61 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

დასკვნა

2015 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 30%-ით შემცირდა. ექსპორტის კლების ტენდენცია 2014 წლის აგვისტოდან შეინიშნება. ექსპორტის მოცულობა აგვისტოში 13%-ით, სექტემბერში 7%-ით, ოქტომბერში 5%-ით, ნოემბერში 35%-ით და დეკემბერში 20%-ით შემცირდა. ჯამში 2014 წელს ექსპორტის მოცულობა 2%-ით შემცირდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ მელიქიშვილის განცხადება: "იანვარში დაფიქსირდა ექსპორტის 30%-იანი კლება. ექსპორტში ვარდნის ტენდენცია გასული წლის აგვისტოდან დაიწყო," არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი